ბათუმის ზოგიერთ უბანში ონკანში მღვრიე წყალი მოდის. წყალს დაჰყვება სპეციფიკური გემოც. „ბათუმელები“ მიზეზების დასადგენად „ბათუმის წყალს“ დაუკავშირდა.
„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის განმარტებით, წყლის ამღვრევა წყალმომარაგების ერთ-ერთ მილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამ გამოიწვია.
„წყალმომარაგების მილზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები ღამის საათებში. ე.წ. ჭაობის დასახლებაში იყო ეს სამუშაოები და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ამის შემდეგ მილები გაირეცხა, გაიწმინდა, თუმცა, ამის მიუხედავად, წყალმომარაგების სისტემაში წყალი აიმღვრა მოსახლეობაზე მიწოდების დროს. ონკანის რამდენიმეწუთიანი გაღება საკმარისია იმისთვის, რომ წყალმომარაგების სისტემიდან ამღვრეული წყალი გამოვიდეს,“- გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.
პრესსამსახურის განმარტებით, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს, ლაბორატორიის წარმომადგენლები მივლენ ადგილზე და აიღებენ წყლის სინჯებს.
„ბათუმის წყალში“ გვითხეს, რომ ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულდა, თუმცა სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიას მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.
„ბათუმის წყალთან“ დაკავშირება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აღნიშნულ ნომერზე: 0422 24 22 22