მთავარი,სიახლეები

მერის პასუხი ბულვართან 18-სათულიანი კორპუსის მშენებლობის მსურველებს და მხარდამჭერებს

12.03.2019 • 1291
მერის პასუხი ბულვართან 18-სათულიანი კორპუსის მშენებლობის მსურველებს და მხარდამჭერებს

„ძალიან საინტერესოა, როდესაც ერთი მხრიდან ვიღებთ მოთხოვნებს ძველი ბათუმის არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და იგივე ადამიანები ხშირად მეორე ხელით ბრალს გვდებენ, თუ რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ ვიცავთ თავგამოდებით ჩვენს ქალაქს. ამავე დროს, თითქოს ქალაქისათვის ცუდ გადაწყვეტილებებს ვიღებთ“, – ეს ბათუმის მერის ლაშა კომახიძის სიტყვებია. ასე უპასუხა მერმა კითხვას იმის თაობაზე, რომ მას „ბაბილონ თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის „დაბლოკვაში სდებენ ბრალს“.

მერმა ამ თემაზე საუბრისას აქცენტი გააკეთა იმ სამშენებლო პროექტებზეც, რომლებიც მას თანამდებობაზე არჩევის შემდეგ უკვე შეთანხმებული დახვდა.

„სამწუხაროდ, ჩემი მერობის პერიოდში ვარ გადაწყვეტილებების მემკვიდრე არქიტექტურული პროექტების შეთანხმების კუთხით, რომლებსაც არ ვეთანხმები, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდ ადგილზეა ჩვენი ქალაქისათვის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ეს არის, ზოგადად, სახელისუფლებო მოსაზრება ამ ქალაქთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ ბრიფინგზე.

რაც შეეხება კონკრეტულად „ბაბილონ თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტს, რომელზეც ამბობენ, რომ „მერი ბლოკავს“ – ლაშა კომახიძემ განმარტა, რომ ცალკეული პროექტები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს იქ არსებულ სხვა ტიპის საკითხებზე, ამიტომაც მერია მშენებლობის მსურველ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, ორი მხარისთვის მისაღები შედეგის მისაღწევად.

„ჩვენ გვაქვს ასეთი რამდენიმე შემთხვევა, სადაც მერი, ბათუმის მერია, აჭარის მთავრობა კი არ აზარალებს, კი არ ბლოკავს ბიზნესმენებს, არამედ იმყოფება მათთან დიალოგის რეჟიმში“, – თქვა მერმა.

ამ განმარტების შემდეგ მერი ისევ ბულვარისა და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს დაუბრუნდა და თქვა, რომ ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, რა სურთ:

„მინდა ვუთხრა ცალკეულ ადამიანს, ჩამოყალიბდნენ, ისინი არიან ქალაქის გულშემატკივრები, ქალაქის დამცველები, უნდათ ჩვენთან ერთად მოიფიქრონ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქალაქის სასიკეთო იქნება [და აქვე დავძენ, რომ ამავე დროს არ დააზარალებს ბიზნესს],  თუ მათ უნდათ ცალი ხელით ტალახი გვესროლონ – თითქოს ჩვენ ქალაქს ვანგრევთ და ქალაქს ვაზიანებთ“.

კითხვაზე, ვის გულისხმობთ კონკრეტულად? მერმა გვიპასუხა, რომ ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის,  ეს გაცილებით უკეთ შესამჩნევი და შესაფასებელია:

„მე, უბრალოდ, ამ ადამიანების მიდგომა გამკვირვებია. აქვე მინდა ვთქვა, თუ რატომ ვართ ჩვენ ყველა ამ ტიპის პროექტის განსჯის რეჟიმში – ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი განსაკუთრებულად მტკივნეულ  ადგილზე არიან ჩვენი ქალაქისთვის. დიახ, ის არის საკმაოდ რთული ამ თვალსაზრისით, ვინაიდან არის ბულვარის პირდაპირ წინა ხაზზე. აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ბულვარის დამცველები – ძალიან აქტიური ყურადღება ბულვარის და მის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიებზე ნებისმიერი ტიპის მშენებლობასთან მიმართებაში, საინტერესოა რომელ მხარეს დგანან ახლა ამ პოზიციების ადამიანები“, – განმარტა მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„დექსტერ დეველოპმენტის“ ხელმძღვანელის ლევან კანთელაძის განცხადება.

კომპანიას ბულვართან 18-სართულიანი კორპუსის აშენება სურს – მერია ამის უფლებას არ აძლევს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: