მთავარი,სიახლეები

„სილქ როუდ ჯგუფი“ 6 კოშკს სავარაუდოდ ვერ ააშენებს – ტერიტორია ისტორიულ ზონაში რჩება

12.03.2019 • 3795
„სილქ როუდ ჯგუფი“ 6 კოშკს სავარაუდოდ ვერ ააშენებს – ტერიტორია ისტორიულ ზონაში რჩება

„სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობის ნებართვას სავარაუდოდ ვერ მიიღებს. მერია გეგმავს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრები იმ შენიშვნების გათვალისწინებით წარადგინოს დასამტკიცებლად, რომელიც ცოტა ხნის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან მიიღო. ამ შენიშვნების თანახმად ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავდა, ისტორიული დაცვის ზონაში დარჩება. დაცვის ზონაში კი დაუშვებელია იმ შენობებზე მასშტაბური მშენებლობები, რომელთა იქ არსებობაც ისტორიულად დადასტურებულია.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან, იმ შენიშვნებთან მიმართებაში, რაც სააგენტომ მერიას ისტორიული ზონის საზღვრებთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

მერმა სააგენტო გარკვეულწილად პროცესის გაჭიანურებაშიც დაადანაშაულა და განმარტა, რომ ამ პროცესს არ მოჰყვებოდა დიდი ვნებათაღელვა საზოგადოების მხრიდან, სააგენტოს თავისი რეკომენდაციები დროულად რომ გამოეგზავნა.

„სამწუხაროდ, ამ პროცესს არ სჭირდებოდა ათი თვე, შარშან აპრილის თვეში გადავაგზავნეთ ეს დოკუმენტაცია და ვითხოვეთ რეკომენდაცია სამუშაო რეჟიმში. სამწუხაროდ, ეს მოხდა მხოლოდ ათი თვის შემდეგ, გაფართოებული სხდომით და ძალიან დიდი ვნებათაღელვით. შესაძლებელი იყო ერთ ან ორ თვეში იმავე რეკომენდაციის გამოგზავნა და ამ პროცესების დაჩქარება“, – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლაშა კომახიძემ, ბათუმის მერმა.

მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქის მერია სააგენტოსთან ერთად რამდენიმე საკითხის დაზუსტების პროცესშია. მისივე განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ისტორიული დაცვის ზონის საზღვრებში მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაცემულა, გარდა იმისა, როცა მერიას პროექტის შეთანხმება სასამართლომ დაავალდებულა.

„მე შემიძლია დავამშვიდო ის ხალხი, ვინც ამაზე ღელავს – ჩვენ მსგავს პოლიტიკას გავაგრძელებთ“, – განაცხადა დღეს ლაშა კომახიძემ.

რა ბედი ელის „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტს თუ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია ისტორიული ზონის საზღვრებში დარჩება? – მერმა ამ კითხვაზე პასუხის დროს ისევ ხაზი იმას გაუსვა, რომ  მერიაში გადაწყვეტილების მიღებისას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიასთან 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც 6 თაუერის მშენებლობას აპირებდა. ეს პროექტის  ფინანსური მხარდამჭერი იყო „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

ამ პროექტს ბათუმის საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა და საპროტესტო აქციებს მართავდა.

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ამ პროექტის გრგ მოამზადა და პირველ მარტს წარუდგინა ბათუმის მერიას.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ამავე თემაზე:

6 მაღლივი კორპუსის პრეზენტაცია – „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები პროტესტის მიუხედავად არ იცვლება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: