მუნიციპალური შპს-ების დირექტორები აჭარაში, რომლებმაც დეკლარაცია არასრულად შეავსეს


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით აჭარაში მუნიციპალური იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული.

ორგანიზაციამ აჭარის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა დროს დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების (შპს) ხელმძღვანელი პირების 21 დეკლარაცია შეისწავლა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის  შედეგად დეკლარაციის არასრულად შევსების 8 ფაქტი გამოვლინდა, რომელთაგან 2 ეხება საკუთარი და ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული წილების მიუთითებლობას, 3 შემთხვევაში თანამდებობის პირებს საკუთარი წილის მართვის უფლება სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, 3 შემთხვევაში კი დეკლარაციაში არ აქვთ შეტანილი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება. სამივე გარემოება არღვევს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

შპს-ების  დირექტორები, რომელთაც არასრულად აქვთ შევსებული დეკლარაციები:

ბადრი ფარტენაძე, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი – „ბათუმის ავტოტრანსპორტი” 2004 წლიდან ფუნქციონირებს, ბადრი ფარტენაძე დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 25 ივნისიდან იკავებს. მას 2018 წლის 12 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 33.3% წილს ფლობს შპს Marine Safety Net-ში, 30% – შპს „ოქროს თავთავი 2010-ში” და 5% წილს – შპს Dolphin Salvage Co-ში. ბადრი ფარტენაძეს, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, აღნიშნული წილები მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.

დავით დუმბაძე, შპს „სანდასუფთავების” დირექტორი – დავით დუმბაძემ, რომელიც შპს „სანდასუფთავებას” 2018 წლის 29 მარტიდან ხელმძღვანელობს, 22 მაისს
შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის, ლეილა გოგიაშვილის სამეწარმეო საქმიანობა – ლეილა გოგიაშვილი შპს PREMIUM.B.-XXI-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

არჩილ ბოლქვაძე, შპს „დინამო ბათუმის“ დირექტორი – არჩილ ბოლქვაძე შპს „ბათუმის დინამოს” 2017 წლის 29 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. მას 2018 წლის
19 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მეუღლის, ცირა მამუკაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ცირა მამუკაშვილი რუსთავში – 33.62 კვ.მ, ხოლო მწვანე კონცხზე 180 კვ.მ ფართობების მფლობელია.

ნიკო თავდგირიძე, შპს ფრენბურთის კლუბი „ბათუმის“ ხელმძღვანელი – ნიკო თავდგირიძე ფრენბურთის კლუბის, შპს „ბათუმის” დირექტორია შექმნიდან დღემდე. 2018 წლის 31 მაისს შევსებულ დეკლარაციაში მას არ აქვს მითითებული საკუთრებაში არსებული ქონება – ის ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 75.92კვ.მ ბინის მფლობელია.

ზვიად კონცელიძე, შპს „ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ ხელმძღვანელი – ზვიად კონცელიძე შპს „ბათუმის გემთსაშენი ქარხნის” დირექტორია 2011 წლის 26 ოქტომბრიდან. მას 2018 წლის 26 მარტს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული დედის, ფატი კონცელიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ფატი კონცელიძე ბათუმში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე 54.62 კვ.მ. ბინას ფლობს.

თეიმურაზ ბედინაძე, სს „აჭარის წყლის ალიანსის” დირექტორი – სს „აჭარის წყლის ალიანსის” დირექტორს თეიმურაზ ბედინაძეს 2018 წლის 5 ივნისს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს თავისი სამეწარმეო საქმიანობა. ის შპს „ბედინას” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, თუმცა აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირზე არ გადაუცია.

ჯემალ მეგრელიძე, შპს „ქობულეთის წყლის“ დირექტორი – ჯემალ მეგრელიძე შპს „ქობულეთის წყლის” დირექტორის თანამდებობას 2018 წლის 13 აპრილიდან იკავებს. მას 2018 წლის 1-ელ მაისს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული საკუთარი და მეუღლის, ნანა წივწივაძის სამეწარმეო საქმიანობა. ჯემალ მეგრელიძე შპს „ალფა ტრანსის” 50% წილის მფლობელი და დირექტორია, ნანა წივწივაძე კი შპს „ლირის” 50%-იანი წილის მფლობელია.

მალხაზ სურმანიძე, შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ დირექტორი – მალხაზ სურმანიძე შპს „ქედის კომუნალურსერვისს” 2010 წლიდან ხელმძღვანელობს. მას 2018 წლის 20 მარტს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შპს „დიდვაკე-მ.ა-ს” დირექტორია, თუმცა ამავე კომპანიის 50% წილის ფლობის შესახებ არ მიუთითებია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com