მთავარი,სიახლეები

როგორ მოვიქცეთ, როცა ქუჩაში ძაღლი გვხვდება და გვეშინია – ვეტერინარის რჩევები

11.03.2019 • 5513
როგორ მოვიქცეთ, როცა ქუჩაში ძაღლი გვხვდება და გვეშინია – ვეტერინარის რჩევები

კინოფობია – ასე ეწოდება შიშს ძაღლების მიმართ. მართალია, ბევრი ადამიანი, ვისაც ძაღლების ეშინია, ცდილობს შიში არ შეიმჩნიოს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შიშს, პირველ რიგში, ძაღლი ამჩნევს და მასზე რეაგირებს.

ქუჩაში მყოფი ძაღლებისგან საფრთხე იშვიათადაა მოსალოდნელი. თუ ხედავთ, რომ ძაღლს ყურზე უკეთია ე.წ. „ბირკა“, ეს ნიშნავს, რომ ძაღლი აცრილია ცოფსა და სხვა დაავადებებზე მუნიციპალურ თავშესაფარში და აგრესიული არ არის.

როგორ მივხვდეთ, რომ ძაღლი ქუჩაში კბენას აპირებს? როგორ უნდა დავიცვათ თავი? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვებს ცხოველთა თავშესაფრის მთავარმა ვეტერინარმა, ეკატერინე ბოგატოვამ უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ასეთი რეკომენდაციები ზოგადი ხასიათისაა და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. მისივე თქმით, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, უფრო ხშირად ე.წ. პატრონიანი ძაღლები კბენენ ადამიანს ქუჩაში თუ უსახლკარო ძაღლები, რადგან ბათუმში ბევრი ძაღლი, რომლებსაც ჰყავთ მეპატრონე, საბელის გარეშე, თვითგასეირნებაზეა.

  • არ აჩქარდეთ, აკონტროლეთ სიტუაცია და დააკვირდით ძაღლს

თუ გზაზე გხვდებათ ძაღლი, არ აჩქარდეთ, შეანელეთ სვლა. ყურადღება მიაქციეთ ძაღლის ქცევებს, სანამ ამ მონაკვეთს გაივლით და შეეცადეთ იფიქროთ რაიმე კარგზე, რადგან ძაღლი გრძნობს შიშს და ამაზე რეაგირებს.

  • როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლი აგრესიულადაა განწყობილი?

თუ ძაღლმა უკან გადასწია ყურები, ოდნავ ამოსწია ცხვირი წინ, დაბლა დასწია ან საერთოდ გაასწორა კუდი, გიყურებთ, იღრინება და მოდის თქვენკენ, ეს ნიშნავს, რომ ძაღლმა შეიძლება ან გიკბინოთ, დაგიყეფოთ ან მოგახტეთ.

ამ შემთხვევაში ჩერდებით, არ მოძრაობთ, აჩვენებთ ხელებს ძაღლს [დაინახოს, რომ ხელში არაფერი გაქვთ მისთვის სახიფათო] და ცდილობთ, ვინმეს სთხოვოთ დახმარება, ოღონდ მაქსიმალურად წყნარი ტონით.

შეიძლება შეგხვდეთ ჩუმი აგრესიის ძაღლებიც, რომლებმაც შეიძლება გაფრთხილების გარეშე გიკბინოთ. თუ გეშინიათ ძაღლების, ყველაზე კარგი ვარიანტია გადახვიდეთ გზის მეორე მხარეს, თან იაროთ გვერდულად, ისე, რომ მხედველობის არეალში გყავდეთ ძაღლი.

  • როცა ძაღლი ყეფს – ასეთ დროს ძაღლი გაფრთხილებთ

ყეფის დროს ნაკლებად მოსალოდნელია ძაღლმა გიკბინოთ. ის გაფრთხილებთ. თუ ძაღლი გიყეფთ, მშვიდად დატოვეთ ის პერიმეტრი, სადაც ძაღლი იმყოფება და დააკვირდით მის ქცევას. შეიძლება ძაღლმა უბრალოდ დაგიყეფოთ და მეტი არაფერი, მაგრამ თუ მან გადასწია ყურები, გაჩერდა, იღრინება და მოდის თქვენკენ, თქვენ ჩერდებით, ეძებთ გარშემომყოფებში დახმარებას და ხელები გქონდეთ ისე, რომ ჩანდეს, ხედავდეს ძაღლი, რომ ხელში მისთვის საშიში არაფერი გაქვთ.

მაქსიმალურად ეცადეთ დამშვიდდეთ, რადგან რაც უფრო მეტ შიშს გამჩნევთ ძაღლი, მით უფრო მეტად თამამდება.

  • თუ ხვდებით ძაღლების ხროვას

ძაღლების ხროვა ჩანს შორიდან, ამიტომ სჯობს შორიდანვე მოერიდოთ მათ პერიმეტრს, გადახვიდეთ ქუჩის მეორე მხარეს, რადგან ძაღლები ხშირად იცავენ თავიანთ პერიმეტრს. ეს დაახლოებით 100-200 მეტრი შეიძლება იყოს, პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო დიდ პერიმეტრს ძაღლები არ საზღვრავენ.

თუ ხედავთ, რომ ძაღლების ხროვას ვერ უვლით გვერდს, სჯობს გაჩერდეთ მოშორებით და დაელოდოთ, სანამ ძაღლები სადმე გადაადგილდებიან. არ ღირს ხროვაში შეიჭრათ და შუაში გაიაროთ. ძაღლები ქანდაკებებივით გაშეშებული არ იქნებიან, მოითმინეთ, სჯობს დრო დაკარგოთ და უფრო მშვიდად იყოთ.

  • არ გაიქცეთ

გაქცევა არ არის გამოსავალი. თქვენ ვერ ირბენთ ისე, როგორც დარბის ცხოველი, კროსში მას ვერ მოუგებთ. ცხადია, რომ ეს იქნება წამგებიანი თქვენთვის.

გაქცევას აქვს აზრი მაშინ, თუ ძაღლი გამორბის თქვენკენ და გაქვთ თავის შეფარების საშუალება, ახლოსაა სადარბაზო ან მანქანა, რომელშიც სწრაფად ჩაჯდებით. თუ დიდი მანძილი გაქვთ გასარბენი, მაშინ გაქცევა არ არის მიზანშეწონილი.

  • არ ღირს ყვირილი

არ გირჩევთ ჯოხის მომარჯვებას და ყვირილს. როგორც წესი, ეს არ მუშაობს, თუმცა ყველანაირი სიტუაცია არსებობს: ყვირილს ექნება ეფექტი, თუ ხედავთ, რომ ძაღლს ეშინია, კუდი ამოძუებული აქვს და შეშინებული მოძრაობს. სხვა შემთხვევაში ემოციურად აღელდებით, რასაც უცებ გრძნობს ძაღლი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: