ბათუმი,მთავარი,რეკლამა,სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის 2019 წლის პროგრამები – ყველა პროგრამა ერთად

10.03.2019 • 3321
აჭარის ჯანდაცვის 2019 წლის პროგრამები – ყველა პროგრამა ერთად

2019 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტთან შეადრებით გაიზარდა და 17 მილიონ ლარზე მეტია. სამინისტრო 2019 წელს, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 32 პროგრამას განახორციელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ძვირადღირებულ მომსახურებას მიმდინარე წელს პირველად დააფინანსებს. 
ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით.
წელს რეგიონის მოსახლეობისთვის პირველად დაფინანსდება:
  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია – 80 ათასი ლარით;
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია – 130 ათასი ლარით;
  • გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტები – თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტით –  25 ათასი ლარით;
  • გაიზარდა ღვიძლის ტრანპლანტაციის დაფინანსება 65 ათას ლარამდე;
  • ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი იქნება 15 ათასი ლარი.
ღვიძლისა და ძვლის ტვინის  ტრანსპლანტაცის დაფინანსება

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროგრამით დაუფინანსდებათ ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია [საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში] წლის განმავლობაში 10 პაციენტს.

ღვიძლის ტრანპლანტაცია, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს დაუფინანსდებათ 65 000 ლარით.

[აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის მომსახურებას 2016 წლიდან აფინანსებს. დღემდე პროგრამის ფარგლებში ისარგებლა 9 პაციენტმა, რისთვისაც გამოიყო – 370,000 ლარი].

ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში დაუფინანსდებათ:

  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 80 000 ლარით;                              
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 130 000 ლარით.
გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დაფინანსება მაღალეფექტური მედიკამენტით

გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება [წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი].

ბენეფიციარებს მედიკამენტების ღირებულება დაუფინანსდებათ  სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით შემდეგი პროპორციებით:

  • 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებს – 100 %-ით;
  • 70 001-დან 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებს – 90 %-ით;
  • 100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 80 %-ით;
  • სხვა დანარჩენ პაციენტს – 70% -ით.

წლიური ლიმიტი  ერთ პაციენტზე შეადგენს 25 000 ლარს.

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო  მომსახურება

პროგრამა ითვალისწინებს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების [სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით] დაფინანსებას.

პროგრამის მოსარგებლეები არიან ონკოლოგიური პაციენტები დადასტურებული დიაგნოზით.

მკურნალობა, დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

  • 1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
  • 1000 ლარზე მეტი, 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით;
  • 2000 ლარზე მეტი, 3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით;
  • 3000 ლარზე მეტი – 70%-ით. არაუმეტეს 5 000 ლარისა.

სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით დაფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით. ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 15 000 ლარს.

ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობა დაფინანსდება   სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიების  მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე (1 პაციენტზე არაუმეტეს – 12 ციკლისა).

პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ მედიკამენტ პერტუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება ტრასტუზუმაბთან (ჰერცეპტინი) ერთად (1 პაციენტზე-8 ციკლი), წლის განმავლობაში 10 პაციენტი.

პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2-  მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარაეშე მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი.

ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან:

პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;
200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;
შშმ პირები;
ომის ვეტერანები;
ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);
მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;
უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;
უსახლკაროები;
მარტოხელა მშობლები და მათი არასრულწლოვანი(18 წლამდე) შვილები;
ტრეპიფინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;
პაციენტები, რომლებსაც ამ დროისთვის არა აქვთ მინიჭებული 200 000-მდე სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას დააფინანსოს აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან  წარმოდგენილი შუამდგომლობით.

დაფინანსების ფორმა:

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით;
2000 ლარზე მეტი  3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით;
3000 ლარზე მეტი – 70%-ით.
არაუმეტეს 5 000 ლარისა.

გაიზარდა „მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ბენეფიციარების დაფინანსების ზღვრული ტარიფი [დაფინანსების არსებული პროპორციების დაცვით] და ნაცვლად 15 000 ლარისა არის 25 000 ლარი.
მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება

პროგრამა ითვალისწინებს, იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“.

პროგრამით მოსარგებლეები: სხვადასხვა დაავადებების მქონე პირები, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში [სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად].

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარებს პროგრამის  ფარგლებში დაუფინანსდებათ თანაგადახდა [წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურდან დარჩენილი თანხა] 70 %-ით, მაგრამ არაუმეტეს  25 000 ლარისა [ეროვნულ ვალუტაში დახმარების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით].

აჭარის დანდაცვის სამინისტროს ზოგიერთი პროგრამის შესახებ:

გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება

პროგრამა ითვალისწინებს, მოსახლეობის  დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოსარგებლეები: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

დაფინანსების ფორმა: პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალსიწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წინასწარ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში და  სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას დაფარავს პაციენტი.

– მკურნალობის ღირებულება – 2000 ლარის ჩათვლით  დაფინანსდება -90%-ით;
– მკურნალობის ღირებულება – 2000 ლარზე მეტი -3000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება – 80%-ით;
– მკურნალობის ღირებულება – 3000 ლარზე მეტი -5000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება – 70%-ით;
– მკურნალობის ღირებულება -5000 ლარზე მეტი დაფინანსდება -60%-ით.

პაციენტებს სტატუსის გათვალისწინებით დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული გეგმიური და ურგენტული კარდიოქირურგიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში, რომელიც მითითებული უნდა იყოს დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ანგარიშ – ფაქტურაში.

არ დაფინანსდება: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა, განსხვავებული [ძვირადღირებული, წამლით დაფარული სტენტი] სტენტის ღირებულება, ასევე პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი. 

სახსრების ენდოპროთეზირება

ეს პროგრამა ითვალისწინებს, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.

მოსარგებლეები: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე.

დაფინანსების ფორმა: მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით:

– 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის – 90%-ით;

– დანარჩენი ბენეფიციარებისათვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, ფაქტიური ხარჯის – 80%-ით;

– სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის – 70%-ით.

დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 5000 ლარს.

ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა

პროგრამა ითვალისწინებს, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.

მოსარგებლეები:

– 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები;

– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები,  პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები, უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი, უსახლკაროები, მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები – 70%-ით.

დაფინანსების ფორმა: დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს პროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით:

– 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოზრდილი პაციენტები, 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები – 100 %-ით;
– 70 001 – დან 100 000 – ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები – 90 %-ით;
– 100 001 – დან 200 000 – ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები – 80%-ით;
– სხვა დანარჩენი ბენეფიციარი – 70%-ით.

შენიშვნა:

  • იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება წარმოდგენილი ღირებულებიდან.
  • თუ მომწოდებლის მომსახურების ტარიფი აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ღირებულებას, განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი.
ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება

პროგრამა ითვალისწინებს,  ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით  სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოსარგებლეები:

– შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები;
– მოქალაქეები რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
– ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
– 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
– უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;
– უსახლკაროები.

დაფინანსების ფორმა: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფარვა სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება: ძვირადღირებული [რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს – 15000 ლარს] ქირურუგიული ოპერაციული [გეგმიური, გადაუდებელი] მკურნალობის თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, მოზრდილი მოსახლეობისათვის (18 წლის ზემოთ) ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და შესაბამისად ცხოვრების  ხარისხის ამაღლებას.

მოსარგებლეები:

– სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
– ომის ვეტერანები;
– ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები.

დაფინანსების ფორმა: სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

– სამედიცინო მომსახურების ღირებულება -1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
– სამედიცინო მომსახურების  ღირებულება – 1000 ლარზე მეტი – 90%-ით; მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა;

წლის განმავლობაში არაუმეტეს  4000 ლარისა.

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარიდან დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს მატერიალური დახმარება გაეწევათ. თითოეულს 1000 ლარის ოდენობით. დახმარებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამა ითვალისწინებს. მეომრების ოჯახები ერთჯერად დახმარებას აგვისტოს თვეშიც მიიღებენ.
 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს, 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრები, ცხრამეტი სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში დაღუპული, სამი მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.

დაფინანსების ფორმა:

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 23 ბენეფიციარს.

2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს, 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების  შედეგად დაღუპული, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე რეგისტრირებული, 19 სამხედრო მოსამსახურის, მიღებული დაზიანებების შედეგად  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 3 მეომრის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული 3 მეომრის  ოჯახზე მატერიალური დახმარების  გაწევას.

დაფინანსების ფორმა:

აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 25 მეომრის ოჯახს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს რამდენიმე სოციალურ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამასაც. სამინისტრო სპეციალური პროგრამის ფარგლებში დამატებით შრომის ანაზღაურებას გადაუხდის სოფლის სამედიცინო პერსონალსაც.

ც.

სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია

ეს პროგრამა ითვალისწინებს სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდებას.

მოსარგებლეები: სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით და ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.

პროგრამა მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება ანაზღაურდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა (178 ლარი). წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, 1 კურსი – არანაკლებ 30 სარეაბილიტაციო ღონისძიებისა.

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობას, ფიზიკური თერაპიას, მეტყველების თერაპიას, ბავშვისა და მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას.

მოსარგებლეები: ბავშვთა ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების,  კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის  დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლისა და მეტი (18 წლამდე) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე, ამ მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები.

პროგრამა მოიცავს: ფიზიკურ თერაპიას; მეტყველების და ენის თერაპიას; ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას; ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.

დაფინანსების ფორმა: გაწეული მომსახურება (1 კურსი – არანაკლებ 10 დღისა და ჯამში არანაკლებ 22 ღონისძიებისა) ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 233 ლარის ოდენობით (წელიწადში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 7 სარეაბილიტაციო კურსი, პროგრამაში ჩართვის პერიოდის გათვალისწინებით).

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას სადღეღამისო ცენტრში.

შშ მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

დაფინანსების ფორმა: წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, ბენეფიციარის მომსახურება დაფინანსდება დღეში – 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის  (მშობელი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) დღეში – 10 ლარით.

ბავშვთა ადრეული განვითარება

პროგრამა ითვალისწინებს, განსაზღვრული დიაგნოზის მქონე იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარებას, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი) მომსახურების გაწევას (თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა). ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ჯგუფურ მომსახურებასა (არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა).

მოსარგებლეები: 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აქვთ განვითარების ეტაპების დაყოვნება, შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია პროგრამით გათვალისიწინებული ICD-10-დიაგნოზებით (მათ შორის: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა).

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით,  არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი კურსის ღირებულება 144 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველ თვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე,  არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით.

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი-15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა-12 სეანსი).

მოსარგებლეები: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარს გაწეული მომსახურება დაუფინანსდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 300 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველთვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიწოდებას

  • სამკურნალო ფიზკულტურას;
  • მასაჟს;
  • ელექტროფორეზს;
  • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცის;
  • მშობლისათვის სამკურნალო  ფიზკულტურის  სახლის  პირობებში  ჩატარების  სწავლებას.

მოსარგებლეები: 1 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან  სოციალურად  დაუცველი  ოჯახების  ერთიან  მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით. ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან  სახელმწიფო მზრუნველობაში.

დაფინანსების ფორმა: პროგრამით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს ქვეპროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 160 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში ბენეფიციარს დაუფინანსდება ერთის სარეაბილიტაციო კურსი (მასაჟი -10,  სამკურნალო ფიზკულტურა -10, ელექტროფორეზი – 10).

სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, სმენაპროთეზირებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებით უზრუნველყოფას. წლის განმავლობაში დაფინანსდება 2 კურსი (კურსი მოიცავს მეტყველების თერაპიის 10 ვიზიტს, მათ შორის 5 ინდივიდუალურ და 5 ჯგუფურ მეცადინეობას,  მუსიკათერაპიის  4 ვიზიტს).

მოსარგებლეები: 3-დან 10 წლის ასაკამდე სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი  კურსი 310 ლარის ოდენობით.

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას.

მოსარგებლეები: სხვადასხვა პრობლემების თანადგომის ქსელის არმქონე დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით. პროგრამა ხორციელდება სოციალური ვაუჩერის მეშვეობით, მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვისა, მომსახურების მიღება შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ.

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი თავშესაფრით  უზრუნველყოფას სამჯერადი კვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. გათვალისწინებულია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, ასევე, ფსიქოტროპული და საჭიროებისამებრ, თანმხლები სომატური დაავადებების მედიკამენტებით მკურნალობა. პაციენტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება მულტიდისციპლინარული მეთოდით ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, სხვა სომატური გართულების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.

მოსარგებლეები: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით (F00- F009) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 25 ლარით. პროგრამა ხორციელდება სოციალური ვაუჩერის მეშვეობით, მოქმედების ვადა განისაზღვრა არაუმეტეს 6 თვისა, მომსახურების მიღება შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, გადაადგილების პრობლემის მქონე შშ (მათ შორის ბავშვები) მქონე და ხანდაზმული პირების, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში – 14 წლისა და უფროსი ასაკის შშ სტატუსის მქონე ბავშვები/პირების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფას.

მოსარგებლეები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის ბავშვები; მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი  ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 300 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირები; თავშესაფარის კონტიგენტი.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: ელექტრო სავარძელ-ეტლი – 3580 ლარით; მექანიკური სავარძელ-ეტლი შშმ პირებისათვის – 550 ლარით, სხვა ბენეფიციარებისათვის – 300 ლარით.

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, სმენადაქვეითებული პირების ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას.

მოსარგებლეები: III-IV ხარისხის სმენადაქვეითებული  მოქალაქეები; 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითების მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის საფუძველზე) არაუმეტეს 1400 ლარისა, სხვა ბენეფიციართათვის – 263 ლარით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების, მათ შორის იძულებითი წოლითი რეჟიმის მქონე ხანგრძლივად მოავადე პაციენტების უზრუნველყოფას დამხმარე/მოვლის საშუალებებით (ფუნქციური საწოლი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ასპირატორი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი და მისი სათადარიგო ნაწილები, ხმის წარმომქმნელი აპარატი).

მოსარგებლეები: შშ მქონე პირები, მათ შორის ბავშვები; მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 300000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი პირები; თავშესაფარის კონტიგენტი.

დაფინანსების ფორმა: მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დაფინანსდება სრულად ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტისა.

100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება

მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

დაფინანსების ფორმა: თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.

 ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.

დაფინანსების ფორმა: თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

მოსარგებლეები: ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.

დაფინანსების ფორმა:

  • საცხოვრებელი ფართის ღირებულების ანაზღაურდება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული თანხისა.
  • იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება  აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების  შემთხვევაში,  ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

პროგრამაში  ჩართვისათვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის  მდებარეობის მიხედვით.

შენიშვნა:  

  • ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
  • პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება ან ფაქტიურ მფლობელობაში/საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამასაც.

სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურება

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 150 ლარის ოდენობი.

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით.

 

  • აჭარის ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლე 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვსთავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ვებ-გვერდი: www.adjara.gov.ge

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: