მოსაზრება,სიახლეები

შერცხვენით დაშინება – იარაღი გოგოების წინააღმდეგ

08.03.2019 • 3910
შერცხვენით დაშინება – იარაღი გოგოების წინააღმდეგ

ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება – ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც დღეს, 8 მარტს, გაიმართა ბათუმში. კონფერენციის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, მუშაობენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, თავად არიან ბენეფიციარები. კონფერენციის პირველ ნაწილში ძალადობის ფორმებზე ისაუბრა მწერალმა და ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა. „ბათუმელები“ მისი მოხსენების – „ძალადობის ნატიფი ფორმები“ შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას გთავაზობთ.

 თამარ თანდაშვილი, მწერალი, ფსიქოლოგი:

„გამოსვლას ერთი ამბით დავიწყებ, ისტორიით, რომელიც თებერვლის დასაწყისში შეგვემთხვა მე და ჩემს კოლეგას. ძალიან შეწუხებულმა დამირეკა, ჩემს ახლობელ ბავშვს ისეთი ისტორია გადახდა, მეშინია თავი არ მოიკლასო. პირველ რიგში, რასაც ვეკითხები ხოლმე ასეთ დროს, არის ბავშვის ასაკი, რადგან სპეციფიკა განსხვავებულია. მითხრა, რომ ბავშვი, ნიკა, 17 წლისაა, შეყვარებულმა გადაუღო შიშველი სურათები, შემდეგ ეს სურათები საიდანღაც მოხვდა ვებგვერდზე, სადაც ლამის მთელმა საქართველომ ნახა და მათ შორის მისმა ახლობლებმაც, ჩაიკეტა ოთახში და არავის არ ესაუბრება.

სუიციდთან თუ მინიმალური შეხება გქონიათ, გეცოდინებათ, რომ ოთახში გამოკეტვა კარგს არაფერს არ ნიშნავს.

17 წლის ნიკა… გავიაზრე და ვიფიქრე, რომ ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში, რომანტიკაში გამოიჭირეს. ეგრევე მიხვდა ჩემი კოლეგა და მითხრა, უი არა თამარ, ნიკა კი არა, ნინკა, ნინო ჰქვია ამ ადამიანს, გოგოაო. ნინკა გითხარი და ალბათ ნიკა გეგონაო.

ეს ისტორია რატომ იყო ჩემთვის ნიშანდობლივი და საინტერესო. აქედან გამომდინარეობს ორი დაშვება: პირველი – 17 წლის ახალგაზრდა ბიჭს ვერ დააშინებ სურათებით, სადაც ის შიშველია, თუ კი ის შიშველია ქალთან. 17 წლის ჰეტეროსექსუალი ბიჭისთვის შიშვლად ყოფნა და გოგოსთან ეროტიკული ურთიერთობა არ არის დამამცირებელი, პირიქით, ჩვენს კულტურაში ეს წახალისებულია, იმიტომ, რომ მისი სტატუსი ზევით იწევა. მეორე დაშვება – 17 წლის ნინოს ზუსტად იმავე სიტუაციაში ენგრევა ცხოვრება და ცხოვრების დანგრევა თუ ვერ მოუხერხეს, ენგრევა ფსიქიკა.

განსხვავება თითქოს ძალიან მცირეა, ორივე 17 წლისაა, ორივე ბავშვია [ფიზიოლოგიურ მომწიფებას არ ვგულისხმობ], მაგრამ ერთისთვის ეს არის წამახალისებელი საქციელი, ნინოსთვის კი ეს არის ცხოვრების დამანგრეველი.

ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ნინკაზე იყო ლაპარაკი და არა ნიკაზე და ეს ისტორია არ არის პირველი ჩემს შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ასეთი სიმძიმით მოუხდა თავისი პირველი სექსუალური გამოცდილების გამოვლინება.

პატრიარქალურ კულტურაში სამსხვერპლოდ გამზადებული ასეთი ახალგაზრდა გოგონა ბევრია. ქართული კულტურა არის ერთ-ერთი [ერთადერთი არ ვართ მსოფლიოში და ამით შეიძლება თავი ვინუგეშოთ, თუმცა მაინცდამაინც სანუგეშო არ არის], სადაც ქალი და სექსი ერთ წინადადებაში თუ ახსენე, უკვე ძალიან დამაკნინებელ შინაარსზე გაქვს ლაპარაკი. ეს ამბის თხრობა არ შეიძლება იყოს, ეს არის პორნოგრაფია. აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, რა სიმძიმე შეიძლება გააჩნდეს ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ცდილობს თავისი ბიოლოგიის შესაბამისად რაიმე ფორმა მაინც მონახოს კულტურისთვის მისაღები თუ ოდნავ მიუღებელი, რომლის შედეგადაც ის მოახდენს თვითრეალიზებას ამ თვალსაზრისით.

ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების, სურათების გამოფენით დაშინებას ან დაშანტაჟებას ფსიქოლოგიის ენაზე ჰქვია შერცხვენით დაშინება. ეს არ არის შერცხვენა, შერცხვენა შემდეგი ეტაპია. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ შერცხვენით დაშინება გაცილებით უარესია და ეს გამოცდილება ასეულობით მაქვს უკვე.

შერცხვენით დაშინება არის ადამიანის მუდმივად პანიკურ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც მან არ იცის რომელი მხრიდან, საიდან და რა დიაპაზონის თავდასხმა განხორციელდება მასზე და ვინ იქნება მისი შერცხვენის ადრესატი, აუდიტორია. როგორც წესი, სწორედ ამით შესანიშნავად მანიპულირებენ ხოლმე ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა მიზანი აქვთ.

მოძალადე ერთი პროფილის არასოდეს არ არის. თუ კი ეს არის მოძალადე სადისტი, რომელიც ემოციურ კმაყოფილებას იღებს მეორე ადამიანის ტკივილის ყურებით, მეორე ადამიანის კონტროლის ქვეშ ყოფნით – ეს სხვა პროფილია. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ახალგაზრდა, თინეიჯერი, ასეთი უამრავი შემთხვევა მქონია, ამას ახალგაზრდა ადამიანები აკეთებენ, უმეტესწილად – ბიჭები. ასევე, მოძალადე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ძალიან პრაგმატული მიზანი აქვს, ეს შეიძლება იყოს გამოძალვა: ფული ან რაღაცა ტიპის გავლენა, რომელიც მან უნდა მოახდინოს ვიღაცაზე და ეს არის სექსი. თუმცა მოძალადის პროფილები ამით არ შემოიფარგლება,

რა შეიძლება იყოს შედეგი ადამიანის შერცხვენით დაშინების? პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს თვითმკვლელობაზე ფიქრი. არ ვიცი საქართველოს სხვა რეგიონებში ამ მხრივ რა ხდება, მაგრამ თბილისში დადის ისტორიები გოგოების შესახებ, რომლებიც ფანჯრიდან გადმოხტნენ ან თავი ჩამოიხრჩვეს. არავინ არ უყურებს იმას, თუ რა ხდებოდა მათ ვირტუალურ ცხოვრებაში. უფრო მარტივ საკითხთან ხომ არ გვაქვს საქმე? სირცხვილით დაშინებასთან?!

მეორე შედეგი რაც შეიძლება იყოს, ესაა დეპრესია. დეპრესია შეიძლება იყოს არა მხოლოდ უშუალოდ ფაქტის შემდგომ, სამიდან ექვს თვემდე, როგორცაა დეპრესიის კლასიკა უმეტეს შემთხვევაში ასეთი ტიპის ტრავმაზე, არამედ შეიძლება არც მეტი არც ნაკლები ათწლეულობით გრძელდებოდეს, რადგან შეიძლება ადამიანმა ამ ტიპის ტრავმა ვერ გადაიტანოს, ვერ გადახარშოს და მიუხედავად იმისა, რომ ის ფუნქციურია ყოველდღიურობაში, ხშირად წარმატებული, ძალიან ადეკვატური, წარმოსადეგი და სტატუსიანიც, ისე, რომ ჩვენ შორიდან ვერც კი შევამჩნევთ, რომ მის ბიოგრაფიაში ასეთი ავბედითი შემთხვევა ხდებოდა, ის ადამიანი ამ დროს შეიძლება იყოს ღრმა დეპრესიაში. ეს არის ძალიან მძიმე.

მესამე შედეგი შეიძლება იყოს თვითშეფასების და თვითნდობის ვარდნა. ადამიანს ასეთ დროს ხშირად საკუთარი თავისთვის კარგი არაფერი ემეტება, თითქოს იმ სირცხვილისთვის, რომელიც გადაიტანა, მთელი ცხოვრება საკუთარ თავს სჯის.

მე მქონია შემთხვევა ერთი ახალგაზრდა ქალის, რომელსაც წარმატება წარმატებაზე ჰქონდა, იმიტომ რომ იყო ძალიან ძლიერი პროფესიონალი. ყოველი წარმატების შემდეგ ხდებოდა რაღაც მის ცხოვრებაში, რაც ამ წარმატებას ანულებდა. ფსიქოლოგიური მექანიზმია ასეთი, თუ კი რამე კარგს მიაღწიე, შენ ამისი ღირსი არა ხარ, იმიტომ, რომ შენ ასეთი სირცხვილი გადაგხდა. მოდის დანაშაულის გრძნობა, რომელიც მსხვერპლს ყველა ვარიანტში უჩნდება. რა თქმა უნდა, მსხვერპლი არასოდეს არ არის დამნაშავე, მაგრამ დანაშაულის გრძნობა სირცხვილთან ერთად, ტყუპ ძმასავით, ხელიხელჩაკიდებული დადის.

ჩვენ ვცხოვრობთ უკვე მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში, ინფორმაცია, რომელიც ჩემს ბავშვობაში უბანში და უბნის გარეთ გავრცელდებოდა მხოლოდ და ისიც ძალიან დამამცირებელი და სამარცხვინო იყო, დღეს უკვე შეიძლება შვიდ მილიარდს მიწვდეს ძალიან მარტივად, ერთი თითის დაჭერით. ეს არის გაცილებით უფრო საშიში, ვიდრე მაღალტექნოლოგიური ეპოქის იქეთ მდებარე კულტურებსა და ისტორიულ ეპოქაში, როდესაც  აუდიტორია უფრო მცირე იყო, ვიდრე ახლაა.

ეს ჩვენი რეალობაა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ორიგინალური არ ვიქნები, თუ კი ვიტყვი, რომ მიმართულება არის ორი ტიპის – ერთი არის პრევენციაზე მიმართული, როგორ არ მოხდეს ასეთი შემთხვევები, როგორ ავირიდოთ თავიდან და მეორე – როდესაც მოხდება, როგორ უნდა მოვახდინოთ მასზე რეაგირება, რომ მსხვერპლის ხელმეორედ, მესამედ და მეოთხედ ტრავმირება არ მოხდეს, როგორც დღეს ხდება ხოლმე, როგორც წესი.

პრევენციაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ინსტიტუტებს და მედიას. თუმცა საგანმანათლებლო ინსტიტუტების მუშაობა არის ძალიან შეზღუდული ამ მხრივ. მაგალითად, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტ CTC-ში, რომელსაც მე წარმოვადგენ, გვაქვს მოზარდთა ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, ახალგაზრდა გოგონათა ფსიქოლოგიური უსაფრთხოების და ფიზიკური უსაფრთხოების მოდულები, სადაც ადამიანებს ვასწავლით პირველ რიგში როგორ ამოიცნონ საფრთხე, საფრთხის მეფინგი ჰქვია ამ მოდულს, როგორ აირიდონ თავიდან ძალადობა ან როგორ ითხოვონ დახმარება. ასეთი საგანმანათლებლო პროდუქტის აუდიტორია არის ძალიან პატარა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენამდე მოაღწევენ ან ის ადამიანები, რომელთაც როგორმე ხმას ვაწვდენთ. პრობლემა კი ეროვნულია და ასეთი მცირე ჩარევებით ვერ მოვერევით. ალბათ უფრო დიდი საგანმანათლებლო ინსტიტუტების და მათ შორის განათლების სამინისტროს პრეროგატივაა, რომელთანაც ხდება ბავშვების მასიური თავმოყრა, რომ ბავშვები დაიცვას ასეთი ტიპის ძალადობისგან ცოდნის მიცემით.

მეორე არის რეაგირების საკითხი. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება მსხვერპლს, მაგრამ აქ ერთ პრობლემას ვაწყდებით – მსხვერპლი არ მოდის ადრესატამდე. არ მოდის ჩვენამდე, არ მოდის პოლიციამდე და ამ დახურული ისტორიის გამო ის ერთხელ კი არა ათჯერ შეიძლება გახდეს შანტაჟის მსხვერპლი, თავს იძვრენს ან ვერ იძვრენს და მოძალადეს თუ არ მობეზრდა მისით თამაში, ძალიან ხშირად ადამიანები ფსიქოლოგიურ მონობაში ატარებენ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებს.

მოხსენების მომზადების დროს ყოველთვის ამომაქვს ხოლმე ჩემი პირადი სტატისტიკა ჩემი გამოცდილებიდან, რადგან 1700-მდე სესია მაქვს ჩატარებული ინდივიდუალურიც და კოლექტიურიც და მაინტერესებს, რა პროცენტულობით არის წარმოდგენილი ერთი ადამიანის მუშაობაში იმ ტიპის ძალადობა, რომელზეც უნდა ვისაუბრო. ამოვიღე ეს ქეისები, ძალიან დამამძიმებელი იყო და ასეთ დროს ფსიქოლოგებს გვაქვს ასეთი ვარჯიში, როცა ემოციებში გაიხლართები, უნდა გადაერთო რაიმე, შინაარსიან საქმიანობაზე რამდენიმე წუთით. ყველას თავისი აქვს ამორჩეული, მე პირადად ძალიან მიყვარს „ნასას“ ვებგვერდი, სადაც ახალი პლანეტარული აღმოჩენების შესახებაა ინფორმაცია. დავაჭირე ხელი ვებგვერდს და ამოხტა ამინდის პროგნოზი. მეგონა, რომ შემეშალა, რა უნდა ამინდის პროგნოზს ნასას ვებგვერდზე, მაგრამ რომ გავშალე, მივხვდი, რომ ეს იყო ამინდის პროგნოზი მარსზე. ნასამ დაიწყო ყოველდღიურად მარსის ამინდის პროგნოზირება, რომელიც ახლდება წამდაუწუმ. ეს იყო ძალიან ცინიკური და სარკასტული მეტაფორა იმ საქმიანობისა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ [კაცობრიობამ] უკვე დავიწყეთ სხვა პლანეტის კოლონიზაცია და ამ პერიოდში ჩვენ ვსხედვართ და ვმსჯელობთ იმაზე, რომ ადამიანი არ უნდა მოკლა, თუ კი ის ქალია, არ უნდა დაამცირო და ფსიქოლოგიურად ისე არ უნდა დათრგუნო, რომ მას მეცხრე სართულიდან გადმოხტომა მოუნდეს, როცა მისი ასაკი სულ რაღაც 15 თუ 16 წელია.“

ამავე თემაზე: 

პაციენტის თხოვნით დაწერილი რომანი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: