მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა 

08.03.2019 • 5218
არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა 

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სხვა პროფილის ექიმებისთვის რესერტიფიცირება 2019 წლის მდგომარეობით, სავალდებულო არაა.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ დიაგნოზს გადასამოწმებლად საზღვარგარეთ, ან საქართველოში ერთი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, მეორე ექიმთან ამოწმებს. ის პირები, ვინც თვლიან, რომ მათ არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და ასევე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, ამ პრაქტიკას – დიაგნოზის რამდენიმე სპეციალისტთან გადამოწმებას, ექიმთა დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან.

„ბათუმელები“ ათამდე პირს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ან მათ ოჯახის წევრებს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს არასწორად. აქვე გთავაზობთ ორ ისტორიას, პირებისა და კლინიკების მითითების გარეშე.

რეალური ისტორია 1: „ანგინა მქონდა და შედეგად ცალი გლანდი დამისივდა. მივედი ოტორინოლარინგოლოგთან. ანალიზის გარეშე ვერ ამოგჭრიო და გამიშვა თბილისში  ერთ-ერთ ცნობილ ონკოლოგიურ კლინიკაში. კლინიკაში დამისვეს დიაგნოზი – ნუშურა ჯირკვლის ლიმფომა და დამინიშნეს ქიმიოთერაპია. თავიდან შოკირებული ვიყავი დიაგნოზით. შემდეგ დავიწყე სხვადასხვა ექიმთან გადამოწმება. ვიყავი ბევრგან. ადგილობრივი პოლიკლინიკის ექიმი მეუბნებოდა, არაფერი სიმსივნის მსგავსი არ ჩანს, საშიში არაა. აბსცესია გლანდისო – კბილიდან იყო ინფექცია გადასული. დავიწყე ჩემი დიაგნოზის გადამოწმება. სხვა ონკოლოგი ვიპოვე, ასევე ცნობილ საავადმყოფოში. ამ ონკოლოგზე ლეგენდები დადის თბილისში. ამბობენ, რომ „ის არ ცდება“ დიაგნოზის დასმისას და ძალიან  ძლიერია. მნახა ამ ონკოლოგმაც და გამიშვა ქიმიოთერაპიაზე. წავედი ანკარაში. სრული გამოკვლევა ჩავიტარე.  ექიმმა  არაფერი არ გაქვს სიმსივნის მსგავსიო. წამლები დამინიშნეს და თურქეთში ყოფნისას უკვე დაიწყო დაცხრომა გლანდმა. როდესაც თურქეთიდან ჩამოვედი, მივედი იმ ონკოლოგთან და ვკითხე: „თქვენი დიაგნოზი არ გამართლდა. სიმსივნე არ მაქვს და რის საფუძველზე დამისვით ეს დიაგნოზი-მეთქი? „ცოტა მასალა დამაკლდაო, მაგრამ მე მკურნალ ექიმს ვურეკავ და ვეკითხებიო“. მეთქი, მე არ მყავს მკურნალი ექიმი და ვისთან დარეკეთ? მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, აზრი არ ჰქონდა კამათს და წამოვედი. დიაგნოზის გადამოწმება ფინანსურადაც ძალიან ძვირი დამიჯდა. ფინანსებს რომ თავი დავანებოთ, ემოციურად საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. არ ვიცოდი რა მექნა. მერე რაღაცნაირად მოვახერხე დამშვიდება და დავაჯერე საკუთარი თავი, რომ არაფერი არ მჭირდა. ამ რწმენის წყალობით არ დავთანხმდი ქიმიოთერაპიას, თან ფიზიკურადაც კარგად ვიყავი, არც ტემპერატურა მქონდა, არაფერი მაწუხებდა. როგორ შეიძლება ასეთი დიაგნოზი გქონდეს და სისუსტე მაინც არ იგრძნო?

რატომ არ ვიჩივლე? თავიდან მქონდა სურვილი, მაგრამ გადავიფიქრე. ვიცი, რომ ვერაფერს მივაღწევ, სამწუხაროდ. მით უმეტეს თურქეთიდან რომ ჩამოვედი, იმდენად დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრისგან, თან იმდენად გახარებული ვიყავი, რომ სიმსივნე არ მჭირდა, აღარ მივაქციე ყურადღება. ერთადერთი რაც გავაკეთე, ლაბორატორიაში მივედი და ძალიან უხეშად ველაპარაკე იმ ექიმს, ვინც მიმტკიცებდა, რომ მჭირდა კიბო“.

რეალური ისტორია 2: „ჩემს მეუღლეს ფეხებზე, კოჭებს ზემოთ გაუჩნდა ორი ერთნაირი წითელი ლაქა. თავიდან ყელიან ფეხსაცმელს, ახალ წინდას, რას არ დავაბრალეთ, მაგრამ არ გაუარა. ბათუმში ვაპირებდით წასვლას, ზღვის სეზონი მოდიოდა, ზღვაზე ასე წასვლა ტეხავსო და დერმატოლოგთან მივიდა. დერმატოლოგმა დიაგნოზი ვერ დაუსვა და გაგზავნა ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში ძალიან ცნობილ ონკოლოგთან. უთხრა, მიდი, სინჯი აიღე, რომ დათესონ და კიბო გამოვრიცხოთო. კლინიკაში მისვლისას მიმართვა  გვქონდა სინჯის აღებაზე. ექიმმა შეიყვანა საოპერაციოში, ადგილობრივი ანესთეზია უნდა გაგიკეთოთ კანის ანათალისთვისო. ჩემი მეუღლე მანიპულაციას ვერ ხედავდა. როცა დაამთავრა ექიმმა, უთხრა ექვს-ექვსი ნაკერი დაგადე ორივე ფეხზე, სიმსივნე ამოვჭერიო. გაუკვირდა, რა სიმსივნეო. ექიმმა – „ნუ ბარემ ამოვჭერი, რაც  იყო და აწი ანალიზებით 10  დღეში  გეცოდინება ავთვისებიანი იყო თუ არაო. ერთ თვეში მოდი ნაკერების ამოსაღებად, მანამდე  „ზელიონკა“  ისვიო“. კი გაგვიკვირდა ორივეს, მაგრამ წამოვედით სახლში. ისვამდა ამ „ზელიონკას“, არც ჭრილობა ხორცდებოდა, არც სიარული შეეძლო. ამასობაში ეს ნაოპერაციები ადგილი დაცხრა და აღმოვაჩინეთ, რომ ის ლაქები კოჭზე ისევ ისეა. სხვა ადგილას ამოუჭრია კანი, სადაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ამასობაში მოვიდა ანალიზის პასუხი, უარყოფითი. არანაირი სიმსივნე არ ჰქონდა. ჩემს მეუღლეს ორივე ფეხზე აქვს ჭრილობა. ცალი ფეხი, რომელიც ექიმმა გაკერა, მოუშუშდა, მეორე ფეხზე ნაკერი დამხმარე ექთანმა დაადო, არ ხორცდებოდა. ფეხი სხვა ექიმსაც ვაჩვენეთ. აღმოჩნდა, რომ გრძივ ჭრილობაზე არასწორად ედო ნაკერი. როგორც ექიმმა გვითხრა, „ასეთ ნაკერს  სწორი  ნაწლავის  მოჭრისას ადებენ“. მივედით იმ ცნობილ კლინიკაში იმ ექიმთან, ვინც ეს ოპერაცია გაუკეთა. რამდენიმე კითხვა გვქონდა, რატომ გაუკეთეს სიმსივნის ოპერაცია, მაშინ როცა სიმსივნე არ ჰქონდა და ოპერაციის შემდეგ, რატომ დაადეს ნაკერები ისე, რომ ფეხი დაუმახინჯეს. „ერთი ვინ გიყურებს კოჭებზეო“ – ექიმმა გვითხრა. ჩემს მეუღლეს სიმსივნე არ აღმოაჩნდა. ექიმმა სრულიად უმიზეზოდ ამოჭრა ხორცი ფეხზე ორ ადგილას, თან ისე, რომ ლაქა სადაც ჰქონდა, ის ლაქები ადგილზე დაუტოვა. ჯერ არ გვიჩივლია. თუმცა გავიგეთ, რომ კიდევ არის ერთი ადამიანი, ვისაც მსგავსი ისტორია გადახდა თავს. ვაპირებთ მას დავუკავშირდეთ და საჩივარი შევიტანოთ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში“.

მარტო 2018 წელს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სამედიცინო დახმარების ხარისხის შესახებ 209 პაციენტმა მიმართა.

2018 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ 348 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის (162 საქმე) საკითხი განიხილა. 348 ექიმიდან 342 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 342 ექიმიდან 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მისცეს. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 105 ექიმს შეუჩერდა. 2 ექიმს საერთოდ გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი. 348 ექიმიდან მხოლოდ 6 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა.

ათივე გამოკითხული, ვისაც „ბათუმელები“ სტატიის მომზადების პროცესში ესაუბრა, თვლის, რომ ექიმებმა სხვადასხვა დროს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. მათგან უმრავლესობას არ მიუმართავს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის, მხოლოდ ერთი აპირებს სამომავლოდ საჩივრის დაწერას.

რესპონდენტები ამას ორი ფაქტორით ხსნიან – უნდობლობა და დროში გაწელილი პროცესი.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვკითხეთ, საშუალოდ, რა დრო სჭირდება პროფესიული განვითარების საბჭოს ერთი პაციენტის საქმის განსახილველად. სააგენტოდან მოგვწერეს, რომ განხილვის ვადა დამოკიდებულია საქმის მოცულობაზე.

რას აკეთებს სახელმწიფო ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად

ზაზა ბოხუას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს ვკითხეთ, რატომ არ არის სავალდებულო აიმაღლოს საქართველოში ექიმმა კვალიფიკაცია – სავალდებულო რესერტიფიცირება წლების წინ გააუქმა ხელისუფლებამ. შემდეგ ითქვა, რომ რესერთეფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, მაგრამ ეს პროცესი დღემდე ისევ შეჩერებულია.

ზაზა ბოხუა: „ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ეტაპობრივად მივდივართ რესერტიფიცირებისკენ. რესერტიფიცირების მთავარი აზრი არის ის, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ, როგორც მთელ მსოფლიოშია და მათ შორის ევროპაში, მოხდეს სათანადო კრედიტ ქულების დაგროვების მიზნით, ექიმის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განახლება. ლაპარაკია იმ ექიმებზე, რომლებიც უკვე არიან სერტიფიცირებული. დავიწყეთ  ეტაპობრივი გადახედვა, შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფი. სავალდებულოდ გვაქვს ჩადებული სახელმწიფო პროგრამებში. დღეისათვის მეან გინეკოლოგები და ნეონატოლოგები არიან ვალდებული რესერტიფიცირება  გაიარონ. სახელმწიფო პროგრამაში სამედიცინო დაწესებულება თუ არის ჩართული, მის კოლექტივს უნდა ჰქონდეთ გავლილი და დაგროვებული კრედიტები.

2018 წლის 19 ივლისს ჩვენ დავამტკიცეთ თვითონ სასწავლო პროცესის აკრედიტაცია, ანუ როგორ უნდა დააგროვოს ექიმმა კრედიტები. აქედან გამომდინარე, ტრენინგები არსებობს. არსებობს ონლაინ ტრენინგი, სადაც არც საფასური უნდა და არც სხვა, თვითონ ექიმი შედის და შეუძლია გაიაროს კურსი. ყველა რესურსი ქართულ ენაზეა. ექიმი თვითონ გადის, კითხულობს, ემზადება და ონლაინ აბარებს,  თუ ჩააბარებს მიიღებს კრედიტ ქულას“.

კითხვაზე, რამდენი წელი დასჭირდება სამინისტროს, რომ რესერტიფიცირება ყველა პროფილის ექიმისთვის სავალდებულო გახდეს, ზაზა ბოხუა პასუხობს:

„სავარაუდოდ, ოთხი წელი  დასჭირდება, ყველა დარგი რომ მოვიცვათ“.

რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისთვის

თენგიზ ვერულავა

მედიცინის აკადემიური დოქტორს, თენგიზ ვერულავა: მედიცინა მუდმივად განახლებადი სფეროა, სადაც განუწყვეტლივ ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, შემოდის ახალ-ახალი ტექნოლოგიური ინოვაციები, მკურნალობის უახლესი მეთოდები. პერიოდულად ვამარცხებთ დაავადებებს, რომლებიც განუკურნებლად მიგვაჩნდა. მაგალითად, C ჰეპატიტი – ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება, უკვე დამარცხებულად ითვლება. მეცნიერები გვაიმედებენ, რომ უახლოეს წლებში შიდსის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. ჯანდაცვის მოწინავე ტექნოლოგიების სარგებელი აშკარაა: უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგნოზები, მკურნალობის ეფექტური მეთოდები, გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუ ექიმი განუწყვეტლივ არ ეცნობა მედიცინის თანამედროვე მიღწევებს, მას არ ექნება პაციენტისათვის ადეკვატური, მედიცინის თანამედროვე მიღწევების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უნარი. ამიტომაც ექიმთა პროფესიული სრულყოფისთვის საჭიროა უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბება და მასში ექიმების მონაწილეობა. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა გრძელდება ექიმის მთელი პროფესიული საქმიანობის მანძილზე. მისი მიზანია ექიმის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა მედიცინის თანამედროვე მიღწევებსა და ტექნოლოგიებთან. ექიმთა რესერტიფიცირების მიზანია პაციენტებისათვის მეტი გარანტიების შექმნა და მომსახურების გაუმჯობესება.

მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში მოქმედებს უწყვეტი განათლების სისტემა, სადაც სავალდებულო წესით ექიმებს სამ ან ხუთ წელიწადში ერთხელ უწევთ გამოცდის ჩაბარება. ცხადია, აღნიშნული ზრდის ექიმების განათლების დონეს, მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

  • რამდენიმე წელია საქართველოში შეჩერებულია რესერტიფიცირება, ამ გარემოებამ ხომ არ გამოიწვია ქართული სამედიცინო სფეროს სტაგნაცია?

რასაკვირველია, ექიმთა რესერტიფიცირების შეჩერება ნეგატიურად აისახება ექიმთა პროფესიულ დონეზე, მათ მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობაზე.

რესერტიფიცირების შეჩერების მომხრეები ფიქრობენ, რომ მედიცინაც ჩვეულებრივი ბაზარია, სადაც რაც უფრო ნაკლები იქნება რეგულირება, მით უფრო ეფექტურია შედეგები. მაგრამ სამედიცინო ბაზარი არ გახლავთ ჩვეულებრივი ბაზარი. ჯანდაცვის სექტორი ეკონომიკის სპეციფიკური დარგია. სამედიცინო ბაზარსა და ჩვეულებრივ ბაზარს შორის განსხვავება განპირობებულია სამედიცინო ბაზრის სოციალურ-ეკონომიკური ბუნებით და სამედიცინო მომსახურების მიწოდების სპეციფიკურობით, კერძოდ, მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე ხშირად ატარებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სოციალურ ხასიათსაც (“საზოგადოებრივი სიკეთე”) და მოითხოვს ცალკეულ მომხმარებლის სახსრების გაერთიანებას. სამედიცინო ბაზრის ჩავარდნები (რისკები და გაურკვევლობა, ინფორმაციის ასიმეტრია, საბაზრო ძალაუფლება, შეზღუდული კონკურენცია, გარეგანი ეფექტები) ქმნის ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს, რაც მოითხოვს სათანადო რეგულირების მექანიზმების შემუშავებას. რეგულაციის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ უწყვეტი განათლების სისტემა, რომლითაც სახელმწიფო არეგულირებს ექიმების პროფესიულ დონეს, რაც, როგორც აღვნიშნეთ, დადებითად ზემოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

  • დიაგნოზის გადამოწმება იქცა ჩვეულებრივ პრაქტიკად საქართველოში. დიაგნოზის გადამოწმება მიუთითებს ერთის მხრივ ექიმების მიმართ უნდობლობაზე და მეორეს მხრივ ექიმთა დაბალ კვალიფიკაციაზე?

ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, ამიტომ პაციენტი ცდილობს აირჩიოს მისთვის სასურველი, მაღალი პროფესიული დონის ექიმი. ხშირად იგი ცდილობს გადაამოწმოს ერთი ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი სხვა ექიმთან. ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული.

ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პაციენტზე ორიენტაცია. ამ მიზანს ემსახურება პაციენტის ინფორმირებულობას გაზრდა. ევროპულ ქვეყნებში სახელწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს პაციენტის სამედიცინო ინფორმირებულობის ამაღლებას. იქმნება სპეციალური ვებგვერდები, სადაც წარმოდგენილია ექიმების, სამედიცინო დაწესებულებების რეიტინგული სისტემა, ანუ – ექიმები რანჟირებულები არიან მათი საექიმო გამოცდილების მიხედვით (მაგალითად, მათ მიერ დაშვებული საექიმო შეცდომების მიხედვით). ამით სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს პაციენტს, რომ გაუადვილდეს მისთვის სასურველი ექიმის და სამედიცინო დაწესებულების არჩევანი. რადგან საქართველოში ასეთი სისტემა არ არის განვითარებული, პაციენტს უჭირს არჩევანის გაკეთება და იგი უმთავრესად ეფუძნება ნაცნობების, მეგობრების გადმოცემებს ექიმების პროფესიულ დონეზე.

პაციენტის არაინფორმირებულობის გამო, ცხადია, ნაკლებია ექიმებისადმი ნდობა. შესაბამისად,  ისინი ცდილობენ სხვა ექიმთან გადაამოწმონ დიაგნოზი. განსაკუთრებით დაბალია ოჯახის ექიმის მიმართ ნდობა, რაც განპირობებულია დაბალი ინფორმირებულობით ოჯახის ექიმის კომპეტენციების შესახებ… არაადექვატური ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმებს არ აქვთ სათანადო მომსახურების ჩატარების საკმარისი მოტივაცია. ეს უმთავრესად განპირობებულია ოჯახის ექიმების დაბალი კვალიფიკაციით, დაბალი ანაზღაურებით. სახელმწიფო და დამსაქმებლები ნაკლებად ცდილობენ ოჯახის ექიმების პროფესიულ ზრდის ხელშეწყობას. შესაბამისად, ოჯახის ექიმებს არ აქვთ პროფესიული სრულყოფისა და განვითარების შესაძლებლობა. ამას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ქვეყანაში სავალდებულო ხასიათს არ ატარებს უწყვეტი პროფესიული განათლება.

  • პაციენტებს უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს, უნიშნავენ სასწრაფო ქიმიოთერაპიას, ეს პაციენტები უცხოეთში ამოწმებენ დიაგნოზს და აღმოჩნდება, რომ სიმსივნე არ აქვთ. თქვენი აზრით, ეს რატომ უნდა ხდებოდეს? 

მე არ ვიტყოდი, რომ ეს ასეთი შემთხვევები ბევრია. არის ერთეული შემთხვევები, რაც გვაძლევს ასეთ მძიმე სურათს. მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება. ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ყოველწამს შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, დიაგნოზის დასმაც არაა მარტივი, მით უმეტეს საქართველოს პირობებში, სადაც მსოფლიოში დანერგილი ბევრი სადიაგნოსტიკო-სამკურნალო საშუალებები ჯერ კიდევ არ არის შემოსული. ამიტომაც ხდება, რომ ზოგჯერ მასალებს სადიაგნოსტიკოდ აგზავნიან საზღვარგარეთ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: