მთავარი,სიახლეები

140 მილიონი ლარი ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობების ბლანკების შესაძენად

08.03.2019 • 1881
140 მილიონი ლარი ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობების ბლანკების შესაძენად

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს – ელექტრონული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკებს თანმდევი მომსახურებით, ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 140 მილიონ 632 ათას 631 ლარია.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირია. ის გასცემს ელექტრონულ პასპორტებს 2010 წლიდან, ხოლო პირადობის ელექტრონულ მოწმობებს – 2011 წლიდან.

დღეისათვის, როგორც სატენდერო დოკუმენტებშია აღნიშნული, გაცემულია 1,7 მილიონზე მეტი ელექტრონული პასპორტი და 3 მილიონზე მეტი პირადობის ელექტრონული მოწმობა. დოკუმენტები იწარმოება სამ პერსონალიზაციის ცენტრში [თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში], რომლებიც მოიცავენ მთელი ქვეყნის ტერიტორიას და უზრუნველყოფენ ერთი დღის ვადაში პასპორტის/პირადობის მოწმობის გაცემას თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომსახურება ფასიანია.

სატენდერო განაცხადში აღნიშნულია, რომ სააგენტო გეგმავს ახალი თაობის ელექტრონული პასპორტებისა და პირადობის ელექტრონული მოწმობების დანერგვას. შესყიდვის ობიექტს კი წარმოადგენს ტექნიკურ დავალებაში მითითებული TD-3-ისა (ბუკლეტი) და TD-1-ის ფორმატის ბლანკები [არაპერსონალიზებული დოკუმენტები].

სხვადასხვა ბლანკებთან და ბლანკის ნიმუშებთან ერთად სააგენტო ამჯერად შეიძენს: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ბლანკს – 2 400 000 ცალს, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის 7 000 ბლანკს, პირადობის ელექტრონული მოწმობის 3 500 000 ცალ ბლანკს და 150 000 ცალ დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ბლანკს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 23 მარტს დაიწყება და 26 მარტს შეწყდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: