მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ციხისძირში საბაგირო გზა და პირსი გაკეთდება – გენგეგმა დამტკიცებულია

08.03.2019 • 4791
ციხისძირში საბაგირო გზა და პირსი გაკეთდება – გენგეგმა დამტკიცებულია

ციხისძირში, ავტომაგისტრალიდან პლაჟამდე საბაგირო გზისა და პლაჟზე პირსის მშენებლობის გეგმას ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ციხისძირში ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობაცაა დაგეგმილი. სამომავლოდ ამ პროექტების განხორციელებას, დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს.

„ციხისძირის ტერიტორიაზე დაგეგმარდა ახალი სატრანსპოტო ქსელი მისასვლელი გზებითა და შესაბამისი საპარკინგე ადგილებით. აქვე დაიგეგმა როგორც პასიური ისე აქტიური დასვენებისა და გართობის უბნები, გამწვანებული რეკრეაციული ზონით, ტყეპარკი ფეხმავალი მარშრუტებითა და ველობილიკები. ციხისძირის უღელტეხილის მაღლივ წერტილში განთავსდა საბაგირო გზა „ზიპლაინით“, საიდანაც ვეშვებით ზღვის პლაჟის მიმართულებით. აქვე განთავსდა ზღვის ტრანსპორტის გასაჩერებელი პირსი, რაც კიდევ ერთ დამატებით მისასვლელს ქმნის უბანში მოსახვედრად“ – აღნიშნულია რეგულირების გეგმაში.

„კონკრეტული შემოთავაზება ასეთი პროექტის განხორციელებაზე არ ყოფილა. მაგრამ პერსპექტივაში, მომავალში უნდა გაკეთდეს ველობილიკები, საბაგირო გზა, პირსი… ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი, რომელიც დააკავშირებს საწყლოსნო ტურიზმს სახმელეთო ტურიზმთან“, – ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი, ასლან ქათამაძე.

კითხვაზე თუ ვინ დააფინანსებს კონკრეტულ პროექტს, ასლან ქათამაძე ამბობს რომ „პროექტს სახელმწიფიო განახორციელებს, თუ მუნიციპალიტეტი, ჯერ არ არის გადაწყვეტილი და არ აქვს ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა. ესაა გენერალური გეგმის ნაწილი, ზოგადი გეგმა და უნდა განხორციელდეს“.

დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა და ახალი რეგულაციები ჩაქვი-ციხისძირის ზოლში უკვე მოქმედებს. ამ გეგმით, „ციხისძირში განაშენიანებული სივრცეები კავშირში უნდა იყოს საბაგირო გზის ინფრასტრუქტურასთან და მრავალმიზნობრივ [საფეხმავლო, საველოსიპედო] გზების/ბილიკების სისტემასთან და მორგებული ბუნებრივ გარემოსთან“.

წყარო: ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა

ამ თემაზე:

ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: