ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის გავსხლათ ვაზი – მევენახის რჩევა

07.03.2019 • 11855
როდის გავსხლათ ვაზი – მევენახის რჩევა

როდის და რა მეთოდით უნდა გავსხლათ ვაზი, რა მნიშვნელობა აქვს გასხვლას ვაზისთვის და როგორ აისახება გაუსხვლელობა ნაყოფზე, ამის შესახებ გვესაუბრა ლევან ბოლქვაძე, აგრონომი, მევენახე, დირექტორის მოადგილე აგროსერვისცენტრში.

ვაზის გასხვლის საუკეთესო დრო არის მისი მოსვენების პერიოდი, ანუ ჯერ კიდევ მასში წვენთა მოძრაობის დაწყებამდე. ეს პერიოდი არის ზუსტად ახლა, თუმცა ბევრგან ვაზს წვენთა მოძრაობა უკვე დაწყებული აქვს, რადგან გასული თვეები იყო თბილი და ვაზი უკვე წყალს აქცევს, ანუ „ტირის“. გასხვლა შესაძლებელია დაიწყოს დეკემბრის ბოლოდან და გაგრძელდეს მარტის შუა რიცხვებამდე. თუმცა მარტის ბოლოს, თუკი ფერმერს გაუსხვლელი დარჩება ვაზი, რომელშიც წვენთა მოძრაობა უკვე კარგადაა დაწყებული, გაუსხვლელობას მაინც სჯობს დაგვიანებით გასხვლა.

ვაზს გასხვლა სჭირდება დარგვის პირველივე წელს. დარგვისთანავე მას უნდა გავუკეთოთ საყრდენი ჭიგო მანამ, სანამ მუდმივ შპალერის საყრდენს დავუმაგრებთ. პირველ წელს უნდა გავზარდოთ მისი ერთი ყლორტი. შესაძლოა რამდენიმე კვირტი განვითარდეს, მაგრამ ყველაზე ჯანმრთელი უნდა შევარჩიოთ და ის უნდა მივაკრათ საყრდენ ჭიგოზე, რომელსაც მთელი ვეგეტაციის პერიოდში სისტემატურად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ სიმაღლეში კარგად გაიზარდოს. რამდენჯერაც სიმაღლეში მოიმატებს, იმდენჯერ უნდა მივაკრათ საყრდენს. დანარჩენი ყლორტები უნდა მოვაცილოთ და შევწამლოთ.

დარგვის პირველ წელს ვაზი იზრდება დაახლოებით ორმეტრომდე, რომელიც შემოდგომით მომწიფდება და მიიღებს ყავისფერ შეფერილობას. შემდეგ კი დეკემბრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე შესაძლებელია მისი გასხვლა. გასხვლა უნდა ვაწარმოოთ შემდეგი მეთოდით: თუ ლერწი ბაზალურ ნაწილში, საძირეზე გამომავალია, ანუ მიწამდე არის 6-7 მილიმეტრზე ნაკლები, მაშინ ის უნდა გაისხლას ნამყენიდან ორ კვირტზე, ანუ ნამყენიდან დარჩება ორი კვირტი და ამის ზემოთ უნდა გავსხლათ. თუ ლერწი 8 მილიმეტრზე მეტია, უკვე შესაძლებელია შტამპის ფორმირება, ანუ ერთი მეტრის სიმაღლეზე გადავჭრათ და დანარჩენი მოვაცილოთ, მივაკრათ ისევ საყრდენზე ან შპალერზე, შემდგომ კი უკვე მწვანე ოპერაციებია ჩასატარებელი. მიწიდან ანუ ნამყენიდან ყველაზე ზევით რომელი კვირტიცაა, იქ დავტოვებთ ორ ყლორტს, დანარჩენს კი მოვაცლით. ეს არის პირველი წლის გასხვლის პროცედურა.

ხნოვანი ვაზების – ტალავერების შემთხვევაში ატარებენ მოკლე სხვლას ანუ ე.წ. ყლორტიდან ყლორტამდე უნდა დავტოვოთ 4-5 კვირტიანი ყლორტი, დანარჩენი რამდენზეც არ უნდა იყოს გაზრდილი, უნდა მოვაცილოთ. პირველი სასხლავი რგოლიდან მეორე სასხლავ რგოლამდე მინიმუმ 30 სანტიმეტრი უნდა იყოს.

ხოლო რაც შეეხება შპალერზე ფორმირებულს, ე.წ. ვაზის ზვრებს, აუცილებლად უნდა დავტოვოთ ერთი ორკვირტიანი სამამულე ყლორტი, რომელიც მომავალში უნდა დავტვირთოთ ნაყოფისთვის და, ასევე, უნდა დავტოვოთ 8-10 სანაყოფე კვირტი, რომელიც უნდა გადაკავდეს – გადაიხაროს ნელი მოხვრით ისე, რომ შპალერს ჰორიზონტალურად აეკვრას. მცენარეთა შორის მანძილი ამ დროს მწკრივში არის  მეტრ-ნახევარი – ორი მეტრი, ვაზის სიძლიერის მიხედვით.

გარდა გაზაფხულზე ვაზის გასხვლისა, მას მთელი ზაფხულის პერიოდში, როცა ყლორტი გაიზრდება, სჭირდება მწვანე ოპერაციები. ეს გულისხმობს განასხლავ ადგილებში ამოყრილი ყლორტებისგან გათავისუფლებას, მას ნამხვრევებს ეძახიან, რაც ე.წ. ფოთლის იღლიაში ვითარდება და აუცილებლად უნდა მოვაცილოთ. გარდა ამისა, ვაზი ყლორტს ამოიყრის განაკაწრის ადგილზე ან სხვაგან, ამისგანაც უნდა გათავისუფლდეს ვაზი. მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ  ტარდება ეს ოპერაცია, ხოლო სამ-ოთხჯერ სჭირდება ფოთლის იღლიაში დამატებითი ამონაყარი ყლორტის მოცილება. პირველი ასეთი ოპერაცია ტარდება ივლისის თვეში, მტევანი რომ კარგად განათდეს და მომწიფდეს.

დაუშვებელია ვაზის გაუსხლავი დატოვება, ასე ვაზი თანდათან დაკნინდება და ნაკლებმსხმოიარე გახდება. თუ საერთოდ არ გავსხლავთ ვაზს და მივუშვებთ, მაგალითად, ხეზე, ის პირველ წელიწადს კარგად მოისხამს, მეორე წელს კი, მთელ მხარს გაიხმობს თავისით, ასეა, მაგალითად იზაბელები, რომლებიც არ არის კულტურული ჯიში, გაშვებულია ხეზე და ხშირად შეიმჩნევა, რომ ის თავისით იხმობს ერთ მხარეს, ანუ მას სჭირდება ზედმეტების მოცილება.

თავდაპირველად გამოუცდელმა ფერმერმა აუცილებლად უნდა მიიღოს რჩევები გამოცდილი ფერმერისგან ან სპეციალისტისგან, რადგან არასწორად გასხვლა მოქმედებს არა მარტო იმ წლის, არამედ მომავალი წლის მოსავალზეც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: