მთავარი,სიახლეები

მინისტრი რესპუბლიკურის აღჭურვა, მართვა, გადამზადებაზე: გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს

06.03.2019 • 2387
მინისტრი რესპუბლიკურის აღჭურვა, მართვა, გადამზადებაზე: გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „დაანონსებულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ სახელმწიფო კლინიკების განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც უნდა განვიხილოთ როგორც ახალი კლინიკის აღჭურვის თემა, ასევე მისი სამომავლო მართვის თემაც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ზაალ მიქელაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ რაოდენობრივად ყველაფერი დათვლილია და იციან ზუსტი ჩამონათვალი, თუ რა სჭირდებათ, დაწყებული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურიდან, დასრულებული ბოლო საწოლამდე: „ფინანსურად მისი დათვლა დიდ დროს არ მოითხოვს. უბრალოდ, ზუსტი ფასები რომ დაადგინო, ბაზარი უნდა შეისწავლო და ინტერესთა გამოხატვაზე განცხადება გააკეთო, რაც ერთიან კონცეფციაზე მუშაობის გამო არ კეთდება.“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საჭიროებებისა და დაუზუსტებელი ფასების გათვალისწინებით, ახალი კლინიკის აღჭურვას დაახლოებით 35 მილიონი ლარი მაინც  დასჭირდება.

მინისტრის თქმით, „ხმაური გამოიწვია იმან, რომ ცენტრალიზებულად მოხდება რაღაცები ახლაც და შემდგომში, მართვის პერიოდშიც. ეს ვიღაცას აშინებს, მაგრამ რეალურად გაადვილებს მართვასაც ადგილზე, რადგან იქნება ადგილობრივი შპს, იქნება სახელმწიფო კლინიკა. გაყიდვა და გასხვისება, ვინც არ უნდა აანონსოს, არ იქნება, ყველაფერი გაკეთდება საერთო პროექტის [კონცეფციის] ფარგლებში. აქ იქნება ერთიანი მართვა შესყიდვებისა და ხარისხის ნაწილში და არა მთლიანად შპს-ს მართვა.“

ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ ადრე, როცა არ იყო საუბარი ერთიან კონცეფციაზე, მისი იდეა იყო, რომ ახალ კლინიკაში ხარისხის მიმართულებით მართვა კვალიფიციური, გამოცდილი პირისთვის გადაეცათ: „ამან გამოიწვია ხმაური – ვიღაცა შემოჰყავთო. თუმცა, ჩვენ, ეს იდეა არ გადაგვიდია. უბრალოდ, საქართველოს ჯანდაცვამ თქვა, რომ თავად იზრუნებს ამ კუთხით, რადგან ხარისხთან მიმართებაში არის ბევრი კითხვა და ეს დასამალი არ არის… ამიტომ, თუ გამოცდილ კადრს საქართველოს ჯანდაცვა დაიქირავებს, ამაში, პირადად, ცუდს ვერაფერს ვხედავ, ვინც როგორ არ უნდა აპროტესტოს ეს თემა. სრული მენეჯმენტის გაქირავებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია გარკვეულ მიმართულებაში გამოცდილი კადრების ჩართვაზე“.

ბათუმში ახალი კლინიკის მშენებლობა, ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ თითქმის დასრულებულია. ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ახალი შენობის აღჭურვაზე თანხა დღესაც არ არის გამოყოფილი? – „მესმის აბსოლუტურად, რომ თანხა არ ჩანს და ეს არის რეალობა. არ იყო თანხა სოფლის პროგრამისთვის, „ოცნების ქალაქისთვის“, მაგრამ როცა დადგა საჭიროება, გამოჩნდა თანხაც. ასე რომ, ამის რესურსი სახელმწიფოს აქვს და თანხაც გამოინახება, როგორც კი ერთიან კონცეფციაზე მუშაობა დასრულდება. გვესმის, რომ რესპუბლიკურის თანამშრომლებს ეჩქარებათ, თან მოარული ხმები, რომ ვიღაცა გიყიდის, ექიმი ვარ მესმის და თანავუგრძნობ, ვინაიდან ასეთი ხმები ადამიანს, ბუნებრივია, ააღელვებს… თუმცა, მინდა ვთქვა და ვუთხარი კიდეც კოლეგებს, რომ  მე დღეს რეგიონში არ მაქვს არც საწოლების პრობლემა, არც რეანიმაციის. პაციენტი, რომ რჩებოდეს ქუჩაში, მაშინ, რა თქმა უნდა, გადაუდებელი აუცილებლობით წამოვიწყებდით ამ თემას. ანუ, ეს არ არის გადაუდებელი აუცილებლობა. რა თქმა უნდა, მათთვის არის სასიცოცხლო  ვინც იქ მუშაობს [რესპუბლიკურ საავადმყოფოში], მაგრამ ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ ჩვენ ხვალვე გამოვაყოფინოთ თანხა სახელმწიფოს ამ მიმართულებით. სჯობს იყოს თანმიმდევრული, სწორი ნაბიჯები, რომ მივიდეთ საბოლოო შედეგამდე“, – აცხადებს ზაალ მიქელაძე.

კითხვაზე, თუ როდის დასრულდება კონცეფციაზე მუშაობა და დაახლოებით როდის გამოიყოფა თანხა შენობის აღჭურვისთვის, მინისტრი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს: „შეთანხმებულად განვაცხადებთ, როცა კონკრეტულად გამოჩნდება ეს თანხა, როგორც ცენტრალურში, ასევე ჩვენს ბიუჯეტში. რესპუბლიკურის თანამშრომლებს კი მოვუწოდებ, ნუ აყვებიან მოარულ ხმებს. მე ვიყავი იქ, თუ კითხვა გაუჩნდებათ კიდევ მივალ, ღია ვარ ურთიერთობაში“.

რაც შეეხება მედპერსონალის გადამზადებას, მინისტრის თქმით, ასეთი რამ არ იგეგმება: „ქვეყანა აძლევს სერტიფიკატს კონკრეტულ სპეციალისტს და ის უფლებამოსილია ამ სერტიფიკატის ფარგლებში აწარმოოს საქმიანობა. აქ ხარისხებად ვერ დავყოფთ, თუ ერთი და იგივე სერტიფიკატი გადაეცა, ვთქვათ, ორ კარდიოლოგს, ვერ გადავწყვეტ, რომ ერთს სჭირდება გადამზადება, მეორეს არა. ამას მე ბიუჯეტურადაც ვერანაირად ვერ გავამართლებ. მაგრამ, მაგალითად, თუ გვინდა ბავშვთა სამსახურსაც ჰქონდეს რეგიონში ალტერნატივა და თუ ეს დაიგეგმება რესპუბლიკურში, დაგვჭირდება ახალი მიმართულება. ასეთ დროს ვიშუამდგომლებთ საქართველოს ჯანდაცვასთან, რომ ცალკე გამოიყოს კვოტა და შესაძლებლობის ფარგლებში პროგრამულად ჩვენც დავეხმარებით. იმის მოლოდინი, რომ ქვეყნის გარეთ გავუშვათ გარკვეული პერიოდი, ამისთვისაც მზადა ვართ, ოღონდ, ეს უფრო დინამიური პროცესია. ასე წინასწარ აიღო და ვიღაცა სადღაც გაუშვა, სერტიფიცირებული ექიმი, დიდ გამართლებას ამაში ვერ ვხედავ“.

მინისტრის თქმით, მუშაობის პროცესში გამოჩნდება, რა მიმართულებაში იქნება ხარვეზი: „მაგალითად, ნეფროლოგია [და არა უროლოგია] ვთვლით, რომ ცოტა სუსტი რგოლია. რამდენიმე დღის წინ ბელორუს კოლეგებს შევხვდი, ისინი მზად არიან და ჩვენც მზად ვართ თუ გამოჩნდება კადრი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ერთი-ორი წლით წავიდეს გადასამზადებლად ამ კუთხით, ჩვენ შევუწყობთ მაქსიმალურად ხელს. თორემ ასე ერთიან კურსებზე ისედაც იყვნენ პოლონეთში, ისრაელში, ბალტიისპირეთში. თუმცა ეს არის დახმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში და ეს ვერ იქნება სრული გადამზადება. უხერხულ მდგომარეობაში ვერ ჩავაყენებთ სხვა ექიმებს. იმიტომ, რომ ერთი კოლეგა მუშაობს რესპუბლიკურში და მას დავუფინანსო სადღაც სწავლა [რაც საკმაოდ ძვირია] – რა დააშავა შემდეგმა ექიმმა?“

„რესპუბლიკურში შეიძლება ეშინიათ კონკურენციის, მესმის, რომ ადამიანურად რთულია, როცა კონკურენტი გამოგიჩნდება, მაგრამ ზოგად პროფილში ჩემი მთავარი აქცენტი, გარდა კოლეგების დაცვისა, არის მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო ჯანდაცვის მიწოდება. ამიტომ, როცა ახალ შენობაში გადავალთ, თუ წარმოიქმნება დეფიციტი რაიმე მიმართულებით, ჩვენ არავინ გვიკრძალავს გამოვაცხადოთ კონკურსი. გარწმუნებთ, ირგვლივ იმდენი კერძო კლინიკაა, სადაც სხვადასხვა კაბალური ხელშეკრულება აქვთ და ა.შ. თუმცა, ძალიან ბევრი პირად ურთიერთობებში და საუბრებში მზად არის, რომ წამოვიდეს აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმათ, ვინც იქ მუშაობს რამენაირად ჩავაჩოჩებთ. მესმის, ისინი ამდენი წელი დარჩნენ და ელოდებიან ახალი კლინიკის გახსნას, თუმცა ჩვენ არ შევუშლით ხელს სხვებს, რომ სახელმწიფო კლინიკაში გააგრძელონ მოღვაწეობა. ამასთან, არ ვიქნებით მკაცრები და კაბალურები ისე, როგორც კერძო კლინიკები, ჩვენ დავუტოვებთ მათ თავისუფლებას, რომ სახელმწიფო კლინიკასთან ერთად, თუ სურვილი ექნებათ, გარკვეული საათებით გააგრძელონ მორიგეობა კერძო კლინიკებში – ესეც გარკვეული გამოცდილებაა, რომელსაც შემოიტანენ სახელმწიფო კლინიკაში“, – აცხადებს ზაალ მიქელაძე.

ამ თემაზე:

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: