ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ არ იყიდება ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მიმდებარე მიწები გონიოში

05.03.2019 • 3292
რატომ არ იყიდება ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მიმდებარე მიწები გონიოში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, აჭარის სამინისტრო ახალი კონცეფციის მოსამზადებლად ახალ კომპანიას ეძებს.

რა დაუჯდება აჭარის ბიუჯეტს კონცეფციის მომზადება, სამინისტროში ჯერ არ იციან.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „გონიოს პოლიგონის“ და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა. კონკრეტულმა კომპანიამ უნდა შექმნას აღნიშნული ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასთა მოკვლევა, რომ ვიცოდეთ, რა თანხა იქნება საჭირო და რა ფორმით გადაწყდება ეს საკითხი“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ყოფილი პოლიგონი და მიმდებარე ტერიტორიები გონიოში, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, დღეს ჯამში 3 084 407 კვ/მეტრია [308 ჰექტარი].

„ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების დაყოფა შემდგომში პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით სამინისტროში არ
განიხილება“, – მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ სამინისტროდან.

ერთი წლის წინ, 2018 წლის იანვარში კი, სამინისტროში აცხადებდნენ, რომ „გონიოს განვითარების კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებაში, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაცია „ქოლიერსი“. დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ, გონიოს ხიდის მშენებლობა. ტერიტორიისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა ფორმით მოხდება აღნიშნული ტერიტორიის განვითარება“.

სწორედ „ქოლიერსიმ“ [Colliers International] მოამზადა ამ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც ადგილობრივი სამინისტრო, ძირითად დოკუმენტად არ განიხილავს.

„ეს არის ერთი კერძო კომპანიის მოსაზრება და არა სახელმწიფო მიდგომა. ცენტრალურმა სამინისტრომ შეუკვეთა და კომპანიამ კვლევა დადო, რასაც ვიყენებთ. სამთავრობო დონეზე საბოლოო გადაწყვეტილება მაგ ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ამასთან, რახან იყო კონცეფცია და შეიქმნა ახალი სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“, ეს კონცეფციაც, ასე ვთქვათ, ამ სააგენტოს ერგო წილად, ანუ მათ კომპეტენციაში შევიდა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ რამდენიმე დღის წინ ვახტანგ ჭეიშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა.

ამ თემაზე: გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

სამინისტროში იმასაც აცხადებენ, რომ ყოფილი პოლიგონის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარება კვლავ „ღია თემაა“ და სხვადასხვა მოსაზრებასა თუ წინადადებასაც ელიან. სოციალურ ქსელ ფეისბუქში ამ თემაზე წამოწყებული დისკუსიის დროს, აჭარის მთავრობას მოქალაქეებმა „ურჩიეს“, რომ, მაგალითად, პოლიგონის ტერიტორიის ნაწილი, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, შესთავაზონ „სილქ როუდ ჯგუფს“, რომელიც ჭაჭის კოშკის მიმდებარედ საკუთრებაში ფლობს 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, სადაც 6 კოშკის აშენებას გეგმავს. „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტს – ააშენოს ჭაჭის კოშკთან ცათამბჯენები, ბათუმელი მოქალაქეების ნაწილი ეწინააღმდეგება.

დასრულდა თუ არა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განაღმვა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო? – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ტერიტორიის თითქმის ნახევარი უკვე განაღმულია. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რთულია სამუშაოები და, შესაბამისად, განაღმვის პროცესი გრძელდება“.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი რუსეთის ჯარმა 2005 წელს ისე დატოვა, რომ ტერიტორია არ გაუნაღმია. 2010 წლის თებერვალში გონიოს პოლიგონზე ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ ყოფილი პოლიგონის განაღმვა, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.

გონიო, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, რომელსაც რუსეთის საჯარისო შენაერთები იყენებდნენ.

ამ თემაზე:

 

ახალი ხიდი ჭოროხზე – „გონიოს პოლიგონით“ დაინტერესებულ პირებს მთავრობა არ ასახელებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: