მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება

04.03.2019 • 2658
ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება

ბათუმის ბულვარში  მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება. ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაა. შესაბამისი განკარგულების პროექტს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ხვალ, 5 მარტს, განიხილავენ. მისი დამტკიცების შემთხვევაში კი, განკარგულება ძალაში პირველი აპრილიდან შევა.

განკარგულების პროექტის მიხედვით, შეზღუდვა მხოლოდ შს სამინისტროს, ბულვარის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე არ გავრცელდება, რომლებიც ბულვარში კონტროლის მიზნით ელექტრომობილებით გადაადგილდებიან.

ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, განკარგულების ამოქმედებამდე ყველა იმ მოიჯარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას გასდის ვადა, რომლებიც ბულვარში მოტოციკლებს, კვადროციკლებს და ელექტრომობილებს ტურისტებზე აქირავებდნენ.

ირაკლი ჯინჭარაძის განმარტებით, აკრძალვის აუცილებლობა გახშირებულმა ავარიამ განაპირობა.

„ეს შემთხვევები იმდენად მომრავლდა, კონტროლს ვერ ავუდივართ. ძირითადად, საფრთხეში არიან ბავშვები. იყო სერიოზული დაზიანების, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში ტრავმის მიღების შემთხვევებიც“, – განმარტავს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ბულვარის ადმინისტრაციაში მიზანშეწონილად მიიჩნევენ ისეთი რეგულაციების შემუშავებას, რითაც ბულვარის ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობა და უკანონო კონსტრუქციების გამართვაც აიკრძალება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: