განათლება,მთავარი,სიახლეები

ხიჭაურის უნივერსიტეტმა რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

04.03.2019 • 5143
ხიჭაურის უნივერსიტეტმა რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორ-მასწავლებლების გაცვლას.

რუსული უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და ეპისკოპოს სპირიდონის შეხვედრას ხიჭაურში ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძეც, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტთან ურთიერთობის მემორანდუმის გაფორმებას ისინიც აპირებენ.

შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზე 1-ელ მარტს გამოქვეყნდა. ეპისკოპოსმა შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა კი  – აფხაზეთსა და კონფლიქტზე.

რუსული უნივერსიტეტის რექტორი ხიჭაურის უნივერსიტეტში მემორანდუმის გაფორმების დღეს.

„ჩვენ ორ ქვეყანას (რუსეთი და საქართველო) შორის არსებობს ისტორიული ურთიერთობა, მეზობლები ვართ, საერთო უდიდესი ისტორია გვაქვს, უამრავი ქართველი იყო ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში და მეორე მსოფლიო ომში. საქართველოსა და რუსეთს შორის ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, სამეცნიერო ურთიერთობები უნდა გააქტიურდეს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და დაგლოცოთ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა სპირიდონმა შეხვედრაზე.

როგორც ეპისკოპოსი სპირიდონი ამბობს, შეხვედრას რუსეთიდან ჩამოსული სტუმრების გარდა ესწრებოდა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძეც. ეპისკოპოს სპირიდონის თქმით, სწორედ მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ რუსეთიდან დელეგაცია ხიჭაურში ამ შეხვედრაზე ჩამოვიდა.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო“, – განაცხადა მან.

დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ეპისკოპოსი სპირიდონი

მეუფე სპირიდონის თქმით, „მოსკოვის და სოხუმის უნივერსიტეტთან“ მემორანდუმის გაფორმება მათ ავტორიზაციაში დაეხმარება. მისი თქმით, ხიჭაურის უნივერსიტეტმა ავტორიზაციაზე შვიდი სადოქტორო პროგრამა წარადგინა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ აფხაზეთთან მიმართებაში ქართული პოლიტიკა გააკრიტიკა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს არ აქვს აღიარებული, „ჩვენი (აფხაზების და ქართველების) ერთიანობის საკითხია“.

„26 წელი გავიდა და პრობლემა არსებობს. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არ გვესმის პრობლემის არსი და ჩვენ არ ვდგამთ ადეკვატურ ნაბიჯებს. ვებრძვით მხოლოდ შედეგს და არა მიზეზს. შედეგთან ბრძოლამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. არ გვინდა თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და გვირჩევნია ტყუილში ცხოვრება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თბილისში, რაც არ უნდა დიდი პროექტები განხორციელდეს, ეს ვერ შეცვლის სოხუმის რეალობას. „ეს არ არის გამარჯვება. გამარჯვება არის ფესვებთან დაბრუნება და ამისთვის ბევრი ვერაფერი ვერ გავაკეთეთ.

ჩვენ (სოხუმის უნივერსიტეტმა) გავაჩინეთ საჭიროება და აუცილებლობა, გავაჩინეთ ინოვაციური ხედვა და მიდგომა. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობის ახალი ფორმა და დიპლომატიის ახალი სახე“, – განაცხადა ზურაბ ხონელიძემ შეხვედრაზე.

მისი განცხადებით, სწორედ აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს მოაგვარებს საგანმანათლებლო სივრცეების ჩართვა სამშვიდობო პროცესში, „სამშვიდობო ენით არ მომხდარა მუშაობა. მე მინდა საქართველო იყოს ხიდი. ერთ მხარეს სოხუმია, მეორე მხარეს კი თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეპისკოპოს სპირიდონთან ხიჭაურის უნივერსიტეტში.

აფხაზი ქართველი არ არის, არც ქართველი არ არის აფხაზი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო მეგობრობა, ჩვენ არ მოვდივართ იმ თემებით, რომელიც გვაერთიანებს, არამედ იმ თემებით, რომელიც გვყოფს და ეს არის სტატუსის, დევნილების, ქონების საკითხი “, – ამბობს ის.

დონის როსტოვის უნივერსიტეტის რექტორმა, ბესარიონ მესხმაც ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაზე. მისი თქმით, „შერიგების, სიყვარულის და ერთად მუშაობის ნაბიჯები“ სამეცნიერო ურთიერთობებმა უნდა გადაგვადგმევინოს, რომ „რბილი პოლიტიკა გადაწონის ყველაფერს. ახალგაზრდობამ, სტუდენტობამ უნდა გამონახოს საერთო ენა“.

მეუფე სპირიდონი სოციალურ ქსელებში მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ადგილი არის რუსულ სივრცეში და არა ევროპაში.

ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: