მთავარი,სიახლეები

რატომ უსტვენდნენ დღეს ბათუმის მერიასთან

01.03.2019 • 2314
რატომ უსტვენდნენ დღეს ბათუმის მერიასთან

სასტვენის გაბმული ხმა ისმოდა დღეს ბათუმის მერიასთან. გამაფრთხილებელი, სპონტანური აქცია – ასე უწოდეს აქ შეკრებილმა ბათუმელებმა საპროტესტო აქციას, რომლის საშუალებითაც მათ ქალაქის მერისთვის სურდათ ხმის მიწვდენა, მოქალაქეები ქალაქის მერიისა და საკრებულოსგან ითხოვენ, არ დაუშვან ბათუმის სანაპიროზე ექვსი კოშკის მშენებლობა.

სტატია იმის შესახებ, რომ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ უკვე წარადგინა ბათუმის მერიაში ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, „ბათუმელებმა“ დღეს გამოაქვეყნა. კომპანიას ზღვის პირას ექვსი თაუერის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის იქნება.

სწორედ ამ ინფორმაცის მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომელთაც ძველი ბათუმის დაცვის სურვილი აერთიანებთ, დღის ორ საათზე მერიასთან შეიკრიბნენ.

„მაშინ როდესაც ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, აღმოჩნდა, რომ „სილქ როუდ ჯგუფმა“ განაშენიანების გეგმა უკვე წარადგინა და ახლა ელოდებიან პასუხს ადგილობრივი მთავრობისაგან. ჯერ განაშენიანების ზონა მიიღონ, დაამტკიცონ და შემდეგ გადაწყვიტონ ეს საკითხი“ – გვითხრა ზეინაბ დიასამიძემ, სამოქალაქო აქტივისტმა და ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბათუმი“, ერთ-ერთმა ინიციატორმა.

მერიის წინ აქციაზე იყო დღეს ბათუმელი ვენერა თოფურიძე. ეს ქალაქი ამ მშენებლობას ვეღარ აიტანსო, გვითხრა მან:

„სანაპიროს რომ ვუყურებ, მთელი ქალაქი არის ამოშენებული, დარჩა ეს ადგილი, საიდანაც შეიძლება ჰაერი შემოვიდეს… რას უშვებიან ამ ქალაქს?! ეტყობა არ უყვართ“.

ტერიტორია სანაპიროზე, სადაც „სილქ როუდ ჯგუფი“ გეგმავს ექვსი კოშკის მშენებლობას, ბათუმის ისტორიული განაშენიანების გეგმა დამტკიცების შემდეგ შესაძლოა ისტორიული ბათუმის ზონაში დარჩეს, ან მის გარეთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ბათუმის მერიას დოკუმენტი, სადაც ისტორიული ბათუმის საზღვრებია მოცემული, სააგენტოში წარდგენილი აქვს, თუმცა სააგენტოს დოკუმენტის მერიისთვის შენიშვნებით უკან დაბრუნებას აპირებს, სააგენტოს დირექტორი კი ამბობს, რომ მისი აზრით, ზღვის პირას ტერიტორია, სადაც „სილქ როუდი“ ფაქტობრივად უბნის გაშენებას გეგმავს, ისტორიული ბათუმის საზღვრებში უნდა დარჩეს. თუ ეს ასე მოხდა, შესაძლოა „სილქ როუდმა“ დაგეგმილი პროექტის მშენებლობაზე თანხმობა ვეღარ მიიღოს. ამიტომაც მიიჩნევს ძველი ბათუმის დამცველთა ჯგუფი, რომ საკრებულომ და მერიამ არ უნდა იჩქარონ გადაწყვეტილების მიღება და ჯერ ბათუმის ისტორიული საზღვრების დამტკიცებას უნდა დაელოდონ.

აქციის მონაწილეებს დღეს ბათუმის მერთან სურდათ შეხვედრა. პრესსამსახურში მათ უპასუხეს, რომ მერი აქციის მონაწილეებს მერიის სამსახურის უფროსებთან თათბირის შემდეგ შეხვდებოდა. მერიის შენობის წინ ნახევარსაათიანი დგომის შემდეგ აქციის მონაწილეებმა უკვე შენობის ფოიეში გადაინაცვლეს მერთან შეხვედრის მოლოდინში, თუმცა ქალაქის მერს, ლაშა კომახიძეს თათბირი გაუგრძელდა.

„გვინდა ვკითხოთ ქალაქის მერს, როდის აპირებს ისტორიული ზონების შესახებ დოკუმენტის დამტკიცებას და აპირებს თუ არა წინააღმდეგობის გაწევას ამ პროექტისთვის. ასევე გვაინტერესებს, აპირებს თუ არა გაუფრთხილდეს საკუთარ რეპუტაციას ინვესტორი. მას შევხვდით ერთხელ, ორჯერ, იყო ამ პროექტის განხილვა, მოისმინეს ბათუმელების დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ ასახულა მათ გეგმებზე, არც ერთ დათმობაზე არ წამოსულა ინვესტორი.

ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ კანონმდებლობა მოწესრიგდეს. ხანდახან მგონია, რომ ამასაც შეიძლება აღარც ჰქონდეს აზრი, იმიტომ, რომ როდესაც რომელიმე კონკრეტულ ინვესტორს სჭირდება, შემოაქვს განაცხადი, პროექტი და საკრებულოს უმრავლესობა მხარს უჭერს და ცვლის ყველაფერს ისე, როგორც ინვესტორს უნდა. ინვესტორის აზრიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არავინ არ არის კანონზე მაღლა და ამას ჩვენ უნდა შევაგუოთ ინვესტორებიც და ისინიც, ვინც ინვესტორები უკან დგანან“ – ამბობს ნათია ზოიძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სალომე ცეცხლაძე დღეს სასტვენით იყო მოსული ბათუმის მერიასთან. მისთვის მიუღებელია სანაპიროზე ექვსი კოშკის აშენება:

„უცებ დაიგეგმა ეს აქცია და გვინდა ხმა მივაწვდინოთ ქალაქის მერს. ველოდებით მის კითხვას, რა გვინდა, რატომ ვართ აქ, წესით მუნიციპალიტეტი უნდა დაინტერესდეს რატომ ვხმაურობთ მერიის წინ და ვაწუხებთ აქ მცხოვრებ ხალხს. ეს მისთვის არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვეტყვით.“

ბათუმის მერს ეს შეკითხვა დღეს აქციის მონაწილეებისთვის არ დაუსვამს. მათ საათზე მეტი დაჰყვეს მერიაში, თუმცა ვერც სტვენით ვერ შეძლეს მერის ყურადღების მიქცევა. უარი მერთან შეხვედრაზე მათთვის არ უთქვამთ, თუმცა ლაშა კომახიძემ ამ დროის განმავლობაში ვერ მოიცალა და აქციის მონაწილეებმა მერია დატოვეს.

„ეს აქციები არ შეწყდება, ნუ ექნებათ ამის იმედი. დღეს ათი ადამიანია, ხვალ ოცი იქნება და კიდევ უფრო მეტი. და სულ ერთიც რომ ვიყო, მაინც ბრძოლის ველზე ვიქნები“ – გვითხრა აქციის მონაწილემ, ზეინაბ დიასამიძემ.

სასტვენის ხმა ბოლოს უშუალოდ მერიის შენობაში, ფოიეში გაისმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: