მთავარი,სიახლეები

„მიიხედეთ ბატონო ლევან, გადაღებულია ყველაფერი“ – გაზრდილი ბიუჯეტი და ხმაური საკრებულოში

28.02.2019 • 1173
„მიიხედეთ ბატონო ლევან, გადაღებულია ყველაფერი“ – გაზრდილი ბიუჯეტი და ხმაური საკრებულოში

„მიიხედეთ, მიიხედეთ ბატონო ლევან, გადაღებულია ყველაფერი“, – ასე გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე ოპოზიური ფრაქციის წევრის, ლევან ანთაძის შენიშვნებს ბიუჯეტის შესრულების ნაწილზე. ამ დროს ის ტელევიზიების კამერებისკენ მიუთითებდა.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციის გამოსვლებს საკრებულოს თავმჯდომარეც ხშირად უწოდებს „ჟურნალისტებისთვის დადგმულ შოუს“. ის ამბობს, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად აკეთებს ხმაურიან განცხადებებს, შემდეგ კი დემონსტრაციულად ტოვებს სხდომას. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს ასევე, რომ ოპოზიციური ფრაქციის წევრებთან ერთად სხდომას მცირე დროით ტოვებენ ჟურნალისტებიც და უმრავლესობას განმარტებების გაკეთების საშუალება არ ეძლევათ.

სულიკო თებიძე დღეს ამტკიცებდა, რომ ყველა იმ საკითხზე ჰქონდა პასუხი, რაც ოპოზიციამ დასვა, მათ შორის, როგორც „ბათუმის წყლის“ მიერ ოპოზიციისთვის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე, ასევე იმაზეც, შედის თუ არა ბათუმის ბავშვთა ბაღებში შეუმოწმებული ხორცი და ხომ არ ჰქონია ადგილი ცხენის ხორცის შეტანილ ფაქტებს, როგორც ეს სხვა რეგიონებში დაფიქსირდა. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ამის საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რადგან ბათუმის საბავშვო ბაღებს ხორცით იგივე კომპანია ამარაგებს, რომლის ხელმძღვანელიც სწორედ ამ დანაშაულში ამხილეს.

ბათუმის საკრებულოს სხდომა, ოპოზიცია შპს ,, ბათუმის წყლისგან,, ინფორმაციის მიუწოდებლობას აპროტესტებს, გარდა ამისა მსჯელობენ ბათუმის საბავშვო ბაღებში მიწოდებული ხორცის შემოწმების საკითხზე.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2019

სხდომის დასრულების შემდეგ სულიკო თებიძეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ, თუმცა მოუცლელობის მიზეზით უარი გვითხრა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ბევრ სხვა საკითხთან ერთად დაინტერესდა, რატომ ვერ დახარჯა მერიამ თანხა, რომელიც  ქალაქში ძეგლების რეაბილიტაციისთვის იყო გათვალისწინებული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომათა დარბაზიდან გასვლის შემდეგ, დარბაზში დარჩენილებმა ცვლილება ბიუჯეტში ერთხმად დაამტკიცეს. ცვლილების მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტი აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერისა და შემოსულობების ხარჯზე  3 მილიონ 600 000 ლარით გაიზარდა.

მერიის საფინანსო პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, ეს თანხა, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში გადანაწილდება. მათ შორის დაგეგმილია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

887 000  ლარი გაითვალისწინეს ბათუმში, ლერმონტოვის  ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის დასაწყებად. ბაღის მშენებლობა 2019-2020 წლების პროექტია.

568 365 ლარია გამოყოფილი ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისთვის საკომპენსაციო თანხების გასაცემად.

ცვლილებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ. ფრაქციას ძირითადად ბიუჯეტის შესრულებაზე ჰქონდა პრეტენზიები.

საკრებულოს სხდომა, განიხილება ცვლილება ბიუჯეტში

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2019

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: