რიჟვაძე უკანონოდ შესახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებლის დაკანონებას აანონსებს



დღეს, 28 თებერვალს, ქობულეთში გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 31 ოჯახს, მათ შორის ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, დაუკანონდათ საცხოვრებელი ფართობები, სადაც ეს ოჯახები წლების განმავლობაში უკანონოდ ცხოვრობდნენ.

„ე.წ. „მუყაოს ქალაქზე“ გადაწყვეტილების მიღების პარალელურად მე ვთქვი, რომ ვიზრუნებდით იმ ოჯახებზეც, რომლებიც წლებია უკვე ფაქტობრივი სარგებლობით არიან ბინებში და ცხოვრობენ. დღეს მოვაწერე განკარგულებას ხელი, რომლის საფუძველზეც 31 ოჯახს, მათ შორის ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტში, გადაეცემა და დაუკანონდებათ აღნიშნული სახლები უსასყიდლოდ. ჩვენთან ერთად იმყოფებიან ის ოჯახები და მე მინდა მივულოცო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ყველა იმ ოჯახს „მიაქცევენ ბოლომდე ყურადღებას“, რომლებიც წლებია დაუკანონებელ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ.

მთავრობის სხდომა დღესაც დახურულია ჟურნალისტებისთვის.

80 ოჯახს რომ აჭარის მთავრობა თვითნებურად დაკავებულ ფართობებსა და შენობებს დაუკანონებდა, ამის შესახებ გადაწვეტილება გასულ წლის მაისში იქნა მიღებული. მაშინ მთავრობის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უკანონოდ დაკავებული ქონება პირდაპირი განკარგვის მიზნით, მოსარგებლეებზე გადასაცემად, მუნიციპალიტეტებს მოსთხოვა. 

შენიშვნა: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდნენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან და განმარტეს, რომ ოჯახები, რომლებსაც დაუკანონებენ საკუთრებას, ძირითადად არიან ეკომიგრანტები ან სოციალურად დაუცველები.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com