მთავარი,სიახლეები

EMC: დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა მძიმეა, ის სასჯელის გადავადებას ითხოვს

27.02.2019 • 1937
EMC: დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა მძიმეა, ის სასჯელის გადავადებას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისთვის შეფარდებული სასჯელის გადავადებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 თებერვალს, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ გაავრცელა. ეს ორგანიზაცია დეკანოზის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პენიტენციურ დეპარტამენტს, დაიცვას დეკანოზის ჯანმრთელობის უფლება. EMC-ის ადვოკატებმა დეკანოზი სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ, 26 თებერვალს, მოინახულეს. მათი შეფასებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„მას სრულად პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, ვერ გადაადგილდება და ვერ ჯდება. დეკანოზის თქმით, მას ამ დრომდე არ აქვს დასმული სრულყოფილი სამედიცინო
დიაგნოზი და ამ მიზნით, არც საჭირო პროცედურები ჩატარებია, სამედიცინო პერსონალის მხრიდან. სასულიერო პირის განმარტებით, ის პენიტენციური დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ გარემოში იმყოფება. კერძოდ, დაწესებულებაში განთავსებიდან ხუთი დღის შემდეგაც კი, არ უცვლიან თეთრეულს, არ ხდება ნაწოლების გაჩენის პრევენცია და ოთახიც არ სუფთავდება სველი წესით,“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

EMC-ის ადვოკატები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლზე მიუთითებენ, რომელიც სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს. ორგანიზაცია დეკანოზის სახელით სასამართლოსთვის მიმართვას უახლოეს დღეებში აპირებენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 15 თებერვალს პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის ეროვნული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც პენიტენციური დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, 22 თებერვალს, მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/342948/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: