კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ისტორიული სინაგოგის ნაცვლად ებრაული ცენტრის აშენებას გეგმავენ

27.02.2019 • 3258
ბათუმში ისტორიული სინაგოგის ნაცვლად ებრაული ცენტრის აშენებას გეგმავენ

„ამ ადამიანებს უნდათ მე-19 საუკუნის სინაგოგის ადგილას დაიდგას მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც, თურმე, პირველ სართულზე სინაგოგას გახსნიან, მეორე სართულზე – ქაშერული ტიპის სასადილო-რესტორანს, მესამეზე – ებრაული კულტურის ცენტრს და მაღალ სართულებზე იქნება სტუმრის სახლი, ებრაელი რაბინებისთვის. სიტყვა სასტუმროს ხსენებას ერიდებიან, თუმცა ზუსტადაც სასტუმროზეა საუბარი,“ – ბათუმელი აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ბათუმის ძველი სინაგოგის მოსალოდნელ ტრანსფორმაციაზე წერს.

„ბათუმელებმა“ აქტივისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ებრაელთა კავშირს მიმართა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ბათუმის ძველი სინაგოგის ადგილას მინიმუმ სამსართულიანი შენობის აგება იგეგმება.

„ჩვენ იქ ვაპირებთ ებრაული ცენტრის აშენებას. პირველ სართულზე იქნება სინაგოგა, მეორე სართული იქნება ჩვენი ქაშიერი კვებისთვის – იცით თქვენ, როდესაც ებრაელები ჩამოდიან, დიდი ცოდვაა, თუ ქაშიერი საკვები არ ექნებათ. მესამე სართულზე იქნება საკლასო ოთახები, სხვადასხვა წრე, რელიგიის… ირაკლისაც ვუთხარი, საერთოდ ყველაფერი რაც გაკეთდება, გაკეთდება ჩვენი რელიგიის და სახელმწიფო კანონების შესაბამისობაში აუცილებლად და ყველაფერი შეთანხმდება  რელიგიურ პირებთანაც და სახელმწიფო ორგანოებთანაც, რაც საჭიროა,“ – ამბობს  საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი.

ბათუმის ძველი სინაგოგა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ბათუმის ძველი სინაგოგა კულტურული მემკვიდრეობის საკულტო ძეგლია. შენობის ოფიციალური მესაკუთრე სახელმწიფოა, ხოლო მუდმივი სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ საქართველოს ებრაელთა კავშირს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა ფორმით იგეგმება ძეგლზე ჩარევა, მერაბ ჩანჩალაშვილი პასუხობს:

„ჩვენ ვთხოვეთ და ალბათ ახლო მომავალში ჩამოვა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა, რომელმაც უნდა შეისწავლოს შენობა, შენობის მდგომარეობაც და შენობის ფასეულობაც კულტურულად რამდენად ის არის. კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ შენობა დანგრეულია, სამწუხაროდ, ფაქტობრივად ერთი კედლის მეტი არ არსებობს. იმ შენობას უნდა აღდგენა, ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, ჩვენს რელიგიურ პირებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ, რას გავაკეთებთ“.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ სააგენტოში, ჯერჯერობით, საპროექტო დოკუმენტაცია განსახილველად არ შესულა.

„მაგრამ ეს შესაძლო პროექტი, თუკი არსებობს ქართველ ებრაელთა სათვისტომოს მიერ და მათი ინიციატივით მომზადებული, ეს აუცილებლობის წესით უნდა იყოს განხილული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე, მისმა წევრებმა უნდა განიხილონ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და, შესაბამისად, მათი განხილვის შედეგად გადაწყდება გაიცემა თუ არა საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა,“ – გვითხრეს სააგენტოს პრესსამსახურში.

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე მდებარე ბათუმის ძველი სინაგოგა საზოგადოების ყურადღების ცენტრში 14 თებერვალს მოექცა. მაშინ აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნახევრად დანგრეულ სინაგოგას კერძო პირები თავდაპირველი სახით აღადგენდნენ.

ამავე თემაზე:

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: