ავტორი: ნებისმიერი ქალი, ვინც ეს გზა გაიარა
ჩემზე უძალადიათ!
ყველა ძალადობამ კვალი დატოვა!
დღესაც ვებრძვი ამ კვალს!
[checklist]
- პირველი – თმის შეჭრა მინდოდა. გოგოს გრძელი თმა უხდებოდა, დღემდე მიჭირს თმის გაზრდა;
- მეორე – ცეკვის სწავლა მინდოდა, მაგრამ მუსიკაზე უნდა მევლო, რადგან ის პარტნიორს არ საჭიროებდა, არც ცეკვა ვიცი და არც დაკვრა;
- მესამე – მოკრძალებული უნდა ვყოფილიყავი (მამაკაცისთვის თვალებში არ უნდა შემეხედა), ძალიან დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო მოლაპარაკებებისთვის ადეკვატური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად (სანდო მხოლოდ მაშინ ხარ, როცა მეორე მხარეს თვალებში უყურებ);
- მეოთხე – მსახიობობა მინდოდა (რა მნიშვნელობა აქვს ნიჭი მქონდა თუ არა), რეაქცია იყო, რომ გოგოს თეატრალურზე და იურიდიულზე არ ჩავაბარებინებთ, დანარჩენი რაც უნდა… დღეს იურისტი ვარ;
- მეხუთე – მესამე კლასში 8 მარტს იები ვაჩუქე მასწავლებელს (მაშინ ყველას მიჰქონდა ყვავილები სავალდებულოდ), მასწავლებელმა „გადაახარისხა“, ჩემი იები ურნაში ვნახე…
- მეექვსე – გარდატეხის ასაკში 76 კილო გავხდი, დღემდე ვითვლი გრამებს…
- მეშვიდე -არასოდეს მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი ლამაზი, დღეს რომ მეუბნებიან მიჭირს დაჯერება;
- მერვე – ერთხელ თუ გათხოვდი, შენი „უკან მიმღები“ (იგულისხმება მშობლების ოჯახში დაბრუნება, განქორწინების შემთხვევაში) არავინააო. სანამ ჩემი თავის რჩენა ვერ შევძელი, ვცხოვრობდი ასე „გათხოვილი“…
- მეცხრე – ქალს ერთი ქმარი უნდა ყოლოდა, მე ორი მყავდა;
- მეათე – ქალი ქმარზე უნდა ზრუნავდეს (პრაქტიკამ აჩვენა, რომ დედობრივი მზრუნველობა იგულისხმებოდა), ამომივიდა ყელში;
- მეთერთმეტე – ქალს „მოკლე“ არ უნდა ეცვას (გამომწვევის კატეგორიიდან), სულ „მოკლე“ ვიცვამ, ბოლო დროს გავურიე სხვაც ;
- მეთორმეტე – პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ქალს პოლიტიკაში რა უნდაო, მოვხვდი იქაც… სინამდვილეში ქალი სერიოზული კონკურენტია ;
- მეცამეტე – მართლმადიდებელი კი არა იეღოველიაო, მატარეს ეკლესია-ეკლესია, მეუხერხულებოდა, მას მერე არ დავდივარ. ჯვარი არ აქვს დაწერილიო, არც დავიწერ!
- მეთოთხმეტე – სად მიდიხარ? ვისთან ერთად? როდის მოხვალ? დღემდე მგონია, რომ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გავცე ;
- მეთხუთმეტე – ეს ლგბტ პირების დამცველია და გეი ქორწინებას უჭერს მხარს… ეს ის შემთხვევაა, როცა მადლობა უნდა ვუთხრა მოძალადეებს. აზრზე არ ვიყავი და ახლა, დიახ, ვუჭერ მხარს!!!
[/checklist]
კიდევ ბევრი რამ გამახსენდება ალბათ, მაგრამ სიის სიგრძეს რა მნიშვნელობა აქვს? აქ მთავარი ის საერთოა, რაც მე და ნებისმიერ მეორეს გვაქვს – ძალადობა, რომელიც გადაგვიტანია, გვახსოვს და მის კვალს ვებრძვით. ზოგჯერ ვერევით, ზოგჯერ – ვერა. მთავარია, თვალი გავუსწოროთ და მერე გვინდა ამოვთქვათ, გვინდა არა.
—————————
მთავარი ფოტო: მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში. 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი