სპეციალისტები ინგა შამილიშვილს: არ დაუშვათ მოდერნის სტილის ძეგლის დაზიანება


საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ინგა შამილიშვილს მიმართავს თხოვნით, არ დაუშვას ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ. N12-ში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე ჩარევა.

„ბათუმის ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, ზვიად გამსახურდიას ქ. N12, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მოდერნის სტილის (იგივე, არტ ნუვო – Art Nouveau) საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. ეს სახლი დიდხანს იყო მიტოვებული და გავერანებული, გადაურჩა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ბათუმში განხორციელებულ ე. წ. „მანსარდიზაციასაც“, მაგრამ ახლა მისი ავთენტურობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა, რადგან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, უკვე გაცემულია სანებართვო მოწმობა ისეთ პროექტზე, რომლის მიხედვით, სახლის მთელ პერიმეტრზე ხდება სხვენის ამაღლება და მანსარდის მოწყობა.

1. ბათუმი. ზვიად გამსახურდიას ქ. N12. 2018 წლის პროექტი

ამ სახლის სახურავის ამაღლება მანსარდის მოწყობის მიზნით შპს „არტსტუდიო პროექტის“ პროექტით 2016 წელსაც იგეგმებოდა, თუმცა ნებართვა ვერ მიიღო, რადგან, მიუხედავად ლ. ანდრონიკაშვილის 2015 წლის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევისა და ა. პროზოროვას 2016 წელს შედგენილი რეცენზიისა, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევდნენ სახლის სახურავის ცვლილებას, 2017 წელს საქართველოს ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერებისგან დაკომპლექტებულმა საექსპერტო ჯგუფმა, შენობის მაღალი მხატვრული და არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ეს სრულიად დაუშვებლად მიიჩნია და დაასკვნა, რომ ამ ძეგლზე ყოველგვარი დაშენება მიუღებელია.

…მიუხედავად მეცნიერთა ასეთი შეფასებისა, 2018 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოზე კვლავ შევიდა ამ სახლის ახალი პროექტი, რაც შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის ფარგლებში ისევ მანსარდის დაშენებას ითვალისწინებს, და რაც კიდევ უფრო ოდიოზური და ძეგლის დამაზიანებელი ფორმით არის გადაწყვეტილი, ვიდრე ეს 2017 წლის პროექტში იყო.

გარდა შენობისთვის შეუფერებელი სიმაღლისა, მანსარდი მთლიანად აკნინებს და პროპორციას უცვლის ორი ქუჩის კვეთაზე ოსტატურად განლაგებულ მოდერნის სტილის ამ ულამაზეს სახლს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა თავისუფლად იამაყებდა. ის სრულიად ლახავს ძეგლის ავთენტურობას და, შესაბამისად, უხეშად არღვევს საქართველოს კანონს კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ, რაც ამავე კანონის მიხედვით, სისხლისსამართებლივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

2. ბათუმი. ზვიად გამსახურდიას ქ. N12. 2000წ.

3. ზვიად გამსახურდიას ქ. N12. ფოტო ესკიზური პროექტიდან.

შესაბამისად, სწორედ ეს მანსარდი გახდა საბჭოს 3 წევრის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის მიზეზი. ამ სხდომაზე საბჭოს 6 წევრს შორის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თანაბრად გაიყო (სხდომის ოქმი N03-04/27), მაგრამ სააგენტომ გადაწყვეტილება მაინც წარმოდგენილი პროექტის სასარგებლოდ მიიღო, რაც სუბიექტური მიკერძოების საფუძვლიან ეჭვს აჩენს. სააგენტო და მისი საბჭო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა საქართველოს ცნობილ
მეცნიერთა 2017 წლის საექსპერტო დასკვნა სახლზე დაშენების შესახებ და პროექტის წარმდგენისათვის სხვენის ამაღლების უფლება არ მიეცა, თუმცა სანებართვო მოწმობის გაცემით მან ეს დასკვნა უგულებელყო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს განადგურების ლეგალური საფუძველი შეუქმნა.

ქალბატონო ინგა, როგორც მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეს – ახლა მხოლოდ თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება გადაწყვიტოთ ამ შენობის ბედი; თქვენზეა დამოკიდებული მისი ავთენტურობის დაცვა და მომავალი თაობისთვის უცვლელი სახით გადაცემა. იმედი გვაქვს, გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდებით ჩვენ თხოვნას და დაუყონებლივ გააუქმებთ სანებართვო მოწმობას N03-05/87.

ამ ნებართვის გაბათილებით, გარდა იმისა, რომ ამ შენობის ავთენტურობა შენარჩუნდება, აგრეთვე თავიდან ავიცილებთ საერთაშორისო სკანდალს, რადგან საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობა უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ცნობილი ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული და მისი ნიმუშების დაზიანება უცილობლივ გამოიწვევს ბევრი სერიოზული უწყების პროტესტს.

ევროპასთან ინტეგრაციის კონტექსტში, მოდერნის არქიტექტურული მემკვიდრეობა ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ამჟამად, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტის სერთიფიცირების პროცესი, რომელიც მალე განთავსდება მათ ვებ გვერდზე, მომავალ წელს კი განზრახულია ამ მარშრუტის ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტთან მიერთებაც. საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში შედის ბათუმის მოდერნის შენობებიც და პირველ რიგში სწორედ ეს სახლი, რომლის ბედიც ახლა მხოლოდ თქვენ ხელშია.

…ჩვენ თხოვნას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, პროფესიული ჯგუფების, მეცნიერებისა და სპეციალისტების გარდა, ერთხმად უერთდებიან ეს ორგანიზაციები, აგრეთვე, მოდერნის მემკვიდრეობის დაცვის ჩვენი ევროპელი პარტნიორები,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება.

წერილის ადრესატი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრია, რადგანაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განათლების სამინისტროს სტრუქტურაში შედის.

შენობა ზვიად გამსახურდიას #12-ში მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული.

________
მთავარ ფოტოზე: ზვიად გამსახურდიას ქ. N12. ფოტო ესკიზური პროექტიდან.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com