მთავარი,სიახლეები

რა კავშირშია კაზინო „ინტურისტის“ მფლობელი კომპანია „მეტრო ჰოლდინგთან“

27.02.2019 • 1902
რა კავშირშია კაზინო „ინტურისტის“ მფლობელი კომპანია „მეტრო ჰოლდინგთან“

ყოფილი კაზინო „ინტურისტის“ [„ლიბერთი კაზინოს“] თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას დღემდე ითხოვენ. კაზინო 2019 წლის იანვრიდან აღარ მუშაობს. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვის ხელფასები არ აუღიათ. ამ ადამიანებმა, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით 180-დან 280-მდე, ანაზღაურების მიღების მოთხოვნით სასტუმროს „ინტურისტის“ მფლობელ „მეტრო ჰოლდინგის“ კუთვნილ ობიექტებთან არაერთი აქცია გამართეს.

„მეტრო ჰოლდინგმა“ რამდენიმე დღის წინ კაზინოს ყოფილ თანამშრომლებს 1000-1000 ლარი დაურიგა. ამის შემდეგ „მეტროში“ განაცხადეს, რომ მათ ამის ვალდებულება არ ჰქონდათ და რომ ეს იყო „ჰოლდინგის დამფუძნებლის და თავმჯდომარის გალიფ ოზთურქის კეთილი ნება, საჩუქარი“. კაზინოს ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ დავალიანება სრულად არ არის დაფარული. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ დავალიანება უნდა დაფაროს იმ კომპანიამ, რომელსაც კაზინოსთვის  ფართობი იჯარით ჰქონდა აღებული სასტუმროში.

რა კავშირშია კომპანია, რომელიც კაზინოს ამუშავებდა სასტუმრო „ინტურისტში“, ამ სასტუმროს მფლობელ ჰოლდინგთან? – სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციით, 2018 წელს „ინტურისტში“ კაზინოს ამუშავებდა [ლიცენზიის მფლობელი] და შესაბამის გადასახადებს იხდიდა სააქციო საზოგადოება „ლიბერთი“.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სს „ლიბერთი“ 2016 წლის ნოემბერში დააფუძნა თურქეთის მოქალაქე სონერ თექჯანიმ. კომპანიის იურიდიულ მისამართად კი ბათუმში, გოგოლის ქუჩა N1 განისაზღვრა. ამ მისამართზე არსებული ქონება [„მეტროს“ ავტოსადგური] კი „მეტრო ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის „მეტრო ავრასია ჯორჯიას“ საკუთრებაშია. „ლიბერთის“ 100% წილის მფლობელი და ერთ-ერთი დირექტორი იყო სონერ თექჯანი, ხოლო მეორე დირექტორი, ასევე თურქეთის მოქალაქე სავაშ თურე.

სონერ თექჯანი და სავაშ თურე კი „მეტრო ჰოლდინგის“ ბიზნესპარტნიორებიც იყვნენ. მაგალითად, ისინი სხვადასხვა დროს დირექტორები იყვნენ სს „მეტრო რენთ ე ქარდ“-ის, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და მესაკუთრე დღემდე „მეტრო ავრასია ჯორჯიაა“.

სონერ თექჯანიმ 2018 წლის ივნისში „ლიბერთის“ აქციების 100 პროცენტი 250 ათას აშშ დოლარად მიჰყიდა თურქეთის მოქალაქე ერდინჩ აიჩიჩექს, რომელიც კომპანიის ერთადერთი მესაკუთრე და დირექტორი გახდა [სწორედ მისი დირექტორობის დროს დაიხურა კაზინო „ინტურისტში“].

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ წილის გაყიდვის მომენტისთვის საზოგადოების იურიდიული მისამართი იყო გოგოლის 1, ფაქტობრივი კი – ნინოშვილის 11 [სასტუმრო „ინტურისტი“]; ასევე, „ლიბერთის“ ანგარიშს ედო ინკასო [ანუ გააჩნდა დავალიანება სახელმწიფოსადმი]. წილის გასხვისების მიუხედავად „ლიბერთის“ იურიდიული და ელექტრონული ფოსტის მისამართები არ შეცვლილა.

რა კავშირი აქვს „ლიბერთის“ მესაკუთრეს და დირექტორს, ერდინჩ აიჩიჩექს „მეტროსთან“? – ამის დადგენა „მეტრო ავრასია ჯორჯიას“ ერთ-ერთ დირექტორთან, რაულ კახაძესთან ვცადეთ. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

2017 წლის ნოემბერში ერდინჩ აიჩიჩექიმ საჯარო რეესტრს კიდევ ერთი კომპანიის დარეგისტრირების თხოვნით მიმართა – შპს „კაზინო ინტურისტი“. კომპანიის იურიდიულ მისამართად მითითებული იყო გოგოლის ქუჩა 1, თუმცა რეესტრმა ამ ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ დოკუმენტებში არ იყო გოგოლის ქუჩა 1-ში მდებარე ქონების მესაკუთრის [ანუ „მეტრო ავარსია ჯორჯიას“] თანხმობა.

„მეტროში“ აცხადებენ, რომ მათ სასტუმროში იჯარით ჰქონდათ ფართობი გადაცემული „ლიბერთისთვის“. საჯარო რეესტრში კი შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება რეგისტრირებული არ არის.

იურისტ გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, იურიდიულ პირებს შესაძლოა ჰქონდეთ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ არ იყოს ასახული საჯარო რეესტრში, რასაც სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს: „ადრე ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში სავალდებულო იყო [დაურეგისტრირებელ ხელშეკრულებებს იურიდიული ძალა არ ჰქონდათ], თუმცა ეს მოთხოვნა ბოლო რამდენიმე წელია რაც გაუქმდა. საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის გარეშე კომპანიები, შეიძლება ითქვას, ერთგვარ რისკზე მიდიან, თუმცა, ხელშეკრულების რეესტრში არ ასახვა დარღვევა არ არის.“

კაზინო „ლიბერთი ინტურისტის“ დახურვის მიზეზად „ბათუმელებს“ ის დაუსახელეს, რომ „ლიბერთის“ ლიცენზიას სამორინეს მოწყობაზე ვადა გაუვიდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სასტუმრო „ინტურისტში“ კაზინო ისევ უნდა გაიხსნას. იქნება თუ არა ლიცენზიანტი „მეტროსთან“ კავშირში მყოფი კომპანია, ამ დროისთვის უცნობია.

სათამაშო ბიზნესის ნებართვების რეესტრში, ახალი ლიცენზიანტი, რომელიც „ინტურისტში“ კაზინოს გახსნის, დღევანდელი მონაცემებით, არ ჩანს.

„მეტრო ჰოლდინგს“ ამ დროისთვის ახალი კაზინოს გახსნის ვალდებულება ისედაც აქვს აღებული, თუმცა სხვა მისამართზე. ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ „მეტრო ატლას ჯორჯიამ“, ბათუმში, ახალ ბულვართან, 200-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო 2020 წლის 12 მარტამდე უნდა აამოქმედოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: