მთავარი,სიახლეები

ნიკოლოზ ანთიძე „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე: „ის უნდა იყოს დაცულ ზონაში“

26.02.2019 • 1557
ნიკოლოზ ანთიძე „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე: „ის უნდა იყოს დაცულ ზონაში“

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ დოკუმენტი ბათუმის მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნდება – რა შენიშვნები აქვს სააგენტოს და უკავშირდება თუ არა ისინი მერიის მიერ სპეციალისტების მომზადებულ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ანთიძეს მიმართა.

ბატონო ნიკოლოზ, შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ რა შენიშვნები აქვს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს?

კვლევა არის ჩასატარებელი ზუსტად, დასაკონკრეტებელია ხაზი, რატომ არის გავლებული ასე და არა ისე, ამ ნაწილში დამაჯერებლობა აკლდა დოკუმენტს, რომელმაც უნდა დაადგინოს ზონის საზღვრები. გარდა ამისა, უნდა ახლდეს ისტორიული კვლევა თავისი განმარტებით, რატომ ასე და ისე არა. მთავარი მიზანიც ეს არის, რომ ზონის საზღვრები ობიექტურად უნდა იყოს დადგენილი. საბჭოს მიაჩნია, რომ ჩასატარებელია კვლევა იმისათვის, რომ საბჭოს წევრებს შეექმნათ ზუსტი წარმოდგენა, თუ რა ზონებზე უნდა იმსჯელონ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. მაგალითად გეტყვით, რომ ბულვარი ისტორიული ზონის დამცავი ზონიდან იყო ამოღებული, რადგან ძეგლის სტატუსი აქვსო. საბჭოს წევრებს არ მიაჩნიათ სწორად, რომ ბულვარი არ იყოს დამცავ ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი აქვს და მასზე ვრცელდება ძეგლის რეჟიმი, მაინც მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს დამცავ ზონაში. ასეთი შინაარსის შენიშვნები იყო.

დოკუმენტის დაკორექტირების შემდეგ შენიშვნები ბათუმშიც ჰქონდათ ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ზონის საზღვრებთან დაკავშირებით. ამაზე იმსჯელეს საბჭოს წევრებმა?

ეს იმდენად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რომ ის უნდა იყოს ისტორიულ ზონაში, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამაზე უფრო ექსპერტების მოსაზრებაა მნიშვნელოვანი. ასევე, იმაზეც ბულვარი რომ არ  შედიოდა საზღვრებში, ან თუნდაც ეს ტერიტორია. რატომ არის ბულვარი მოხაზული ამ პრინციპით, ამის არგუმენტაცია და დასაბუთება იყო აუცილებელი და არის. არამარტო ეს საკითხია, კიდევ  არის რაღაც საკითხები. ბევრი საკითხი განიხილეს იმ გაერთიანებულ საბჭოზე. დასაბუთება უნდა იყოს კონკრეტული ზონის, ცვლილების ასე დადგენის თუ ისე დადგენის, რეალურად ვადგენთ ზონებს ბათუმში ახლიდან. არ არსებობს დამცავი ზონები დღეს, რომელიც მოქმედებაში იყო, ამიტომ ახლიდან ვადგენთ და ეს არის რეალური საფუძველი.

როგორც ვიცით, კვლევა ჩაატარეს სპეციალისტებმა, კომპანია გეოგრაფიკმა შეასრულა ეს მერიის დაკვეთით. თქვენ ამბობთ, რომ კვლევაა ისევ ჩასატარებელი?

ჩვენთან ცვლილებებით იყო დოკუმენტი წარმოდგენილი და არა გეოგრაფიკის მიერ  ჩატარებულ კვლევაზე დაფუძნებული საზღვრები.

ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ამ დოკუმენტის დაუკორექტირებელი, პირველადი ვარიანტი არ გაქვთ ნანახი? 

დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ის ზონებიც ნანახი გვაქვს, რაც გეოგრაფიკმა დაადგინა და ის, რაც ბათუმის მერიამ წარმოგვიდგინა. ორიგინალთან შენიშვნები არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ კანონით დამცავი ზონა უთანხმდება ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე ვერ მტკიცდება. რადგანაც მერიამ წარმოგვიდგინა ასეთი დამცავი ზონა, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ მერიამ უნდა დაასაბუთოს, რატომ წარმოგვიდგინა ასეთი. თუ არგუმენტირებული იქნება დასაბუთება, მაშინ საბჭო დაამტკიცებს ამას, თუ არ იქნება არგუმენტირებული ჩვენებს აქვთ რეკომენდაცია, რომ უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩაატარა გეოგრაფიკმა.

ანუ პირველად ვარიანტს ჰქონდა შანსი, მას დაამტკიცებდა საბჭო?

იქაც არის რაღაც შენიშვნები, მაგრამ ძალიან ტექნიკური ხასიათის. არა ზონების კონფიგურაციის, არამედ დოკუმენტაციის თვალსაზრისით, რადგან დამცავი ზონების პროექტი უნდა მომზადდეს – განმარტებითი ბარათების საკითხები იყო იქ მოსაგვარებელი, რაც ძალიან ადვილად გამოსწორებადია. ვიდრე ის სახეცვლილი დოკუმენტი. ჩვენ ამ შენიშვნებს გადავუგზავნით და შემდეგ უკვე მერიაზე ინება დამოკიდებული, როგორ, რა ვადებში მოახერხებენ ამ პროცესის დაძვრას.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: