მთავარი,სიახლეები

საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს თბილისს ოცამდე ცნობილი ავტორი ეწვევა

21.02.2019 • 1758
საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს თბილისს ოცამდე ცნობილი ავტორი ეწვევა

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს თბილისში 17-22 მაისს მეხუთედ გაიმართება. თბილისს უცხოელი პოეტები, პუბლიცისტები და პროზაიკოსები ეწვევიან ექვსი დღით აშშ-დან, იტალიიდან, პოლონეთიდან, მაკედონიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და ა.შ.

ფესტივალის მონაწილე ავტორების ზუსტი სია მოგვიანებით გახდება ცნობილი, მათ შორის იქნებიან: მიშელ პალმერი (აშშ); იუჯინ ოსტაშევსკი (აშშ); მელანია მაძუკო (იტალია); ვალჟინა მორტი (ბელარუსი); ლინდა მარია ბაროსი (საფრანგეთი); ანდრეი სოსნოვსკი (პოლონეთი); ლევ რუბინშტეინი (რუსეთი); მანფრედ ჰობოტი (ავსტრია) – ეს იმ თანამედროვე ავტორების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებს მინაწილეობას.

ფესტივალის პროგრამა პოეზიის საღამოებს, ავტორებთან შეხვედრებს, წიგნის პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს მოიცავს.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების სტუმრები გასულ წლებში იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ავტორები, როგორებიც არიან: დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, ვიქტორ ეროფეევი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ტომას ვენცლოვა, ფილიპ ბესონი, იულია ფიედორჩუკი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა და სხვები.

2019 წლის ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ლიტერატურის უცხოურ თარგმანებს – გაიმართება დისკუსია ენის თავისებურებების შესახებ, ქართველი ავტორების და გერმანულენოვანი მთარგმნელების მონაწილეობით.

ფესტივალის ორგანიზატორი მწერალთა სახლია, მოწვეულ სტუმრებსაც ტრადიციულად მწერალთა სახლი უმასპინძლებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: