სიახლეები

დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება უკვე ავტომატურ რეჟიმშია შესაძლებელი – სიახლე

21.02.2019 • 2487
დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება უკვე ავტომატურ რეჟიმშია შესაძლებელი – სიახლე

გადასახადის გადამხდელებს უკვე შეუძლიათ დამატებული ღირებულების გადასახადის [დღგ] დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, დღგ-ის ავტომატური დაბრუნება ითვალისწინებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილი ზედმეტობის ახალი და გამარტივებული სისტემით დაბრუნებას დეკლარაციის ჩაბარებისთანავე.

აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრის და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება, მოხდება ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით.

„დაბალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა წარმოდგენილი დეკლარაციების არანაკლებ 90% იქნება, ყოველთვიურად აისახება დღგ-ის დაბრუნების ბარათზე. მაღალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება თვის მანძილზე წარმოდგენილი დეკლარაციების 10%-ს, გადავა ხელით შესწავლის რეჟიმში. შესწავლის შემდეგ, შესაძლებელია მოხდეს დეკლარაციით დასარიცხი თანხების კორექტირება ან დეკლარირებული მონაცემების შეუცვლელად ასახვა „დღგ-ის დაბრუნების“ ბარათზე. მოთხოვნილი თანხის დაბრუნება მოხდება მეწარმის მიერ შემოსავლების სამსახურის პორტალზე [გადამხდელის პირად გვერდზე] შესაბამის ღილაკზე დაჭერით,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების ბრძანებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ხელი 2019 წლის 14 თებერვალს მოაწერა.

ამ წესით გათვალისწინებული დებულებები არ ართმევს გადასახადის გადამხდელს უფლებას, ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის [დღგ] თანხა დაიბრუნოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.

დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების პირობებსა და ამ მიზნით განსახორციელებელ პროცედურებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ამავე თემაზე:

დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში – რისკების შემცირება ბიზნესის სასარგებლოდ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: