მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერი მარადიდის დატბორვისთვის კომპანიას ბოდიშის მოხდას სთხოვს

20.02.2019 • 1602
ხელვაჩაურის მერი მარადიდის დატბორვისთვის კომპანიას ბოდიშის მოხდას სთხოვს

„საფრთხე აღმოფხვრილია,“ – ირწმუნება ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე სოფელ მარადიდის დატბორვასთან დაკავშირებით, თუმცა მან კონკრეტულად არ იცის, რის გამო შეიქმნა პრობლემა, ან რა გამორიცხავს მორიგ საფრთხეს. წერილობით განმარტებას ხელვაჩაურის მერი ჰესის მფლობელი კომპანია „აჭარენერჯი 2007“-გან უახლოეს დღეებში ელოდება.

ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი თურქეთში მდებარე ჰესზე შეიქმნა.

„ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ამ კომპანიას, წყლის დონემ დაიწია და ახლა ნორმაშია. დაახლოებით ორ საათამდე დასჭირდა წყლის დონის დაკლებას. როგორც კომპანიაში თქვეს, ზედა ჰესიდან, რაც თურქეთში მდებარეობს, შეიქმნა პრობლემა. ჩვენ ვამზადებთ მიმართვას, რომ მოიხადოს კომპანიამ ბოდიში და თუ საჭირო იქნება, კანონმდებლობიდან გამომდინარე, დაჯარიმდება კიდეც,“ – გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

რა ოდენობის ზარალი მიადგა სოფელს დატბორვით? – ხელვაჩაურის მერი ამბობს, რომ ზარალი ჯერ არ დაუთვლიათ. „თუ ასანაზღაურებელია, აანაზღაურებენ, რა თქმა უნდა,“ – დასძენს ჯუმბერ ვარდმანიძე.

სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე დღეს, 20 თებერვალს გადმოვიდა და სასაფლაოს ნაწილი დატბორა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: