მთავარი,სიახლეები

რას ფიქრობს ანზორ ბოლქვაძე მუსლიმურ პანსიონებზე

20.02.2019 • 2597
რას ფიქრობს ანზორ ბოლქვაძე მუსლიმურ პანსიონებზე

19 თებერვალს გამართულ პარლამენტის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ირმა ინაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აჭარაში „განათლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა“ და პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო კომისიის შექმნა სთხოვა. ინაშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი აჭარის რეგიონში არსებულ მუსლიმურ პანსიონებზე გააკეთა. მისი თქმით, ეს პანსიონები „უცხო ქვეყნიდან ფინანსდება და ამავდროულად ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებს“.

მაღალმთიანი აჭარის – ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძეა. მას ვკითხეთ, რა იცის აჭარაში განათლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.

  • ბატონო ანზორ, რა იცით აჭარაში არსებული მუსლიმური პანსიონების შესახებ?

ძალიან ბევრი იყო გახსნილი თავის დროზე, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმების შედეგად დაიხურა და ამ მომენტისათვის ხუთია მოქმედი. გუშინ ციფრიც გააჟღერეს, რომ თითქოს შვიდიო, ექვსიო, მაგრამ ხუთია. ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, თუ იქ რამე არაკანონიერია, შეუძლია განათლების სისტემამ გადაამოწმოს და თუ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რა მნიშვნელობა აქვს, ეს იქნება მუსლიმური თუ ქრისტიანული – ყველა დაიხუროს ერთბაშად და კანონი ყველასთვის მოქმედებდეს.

ამაზე მთავრობა უკვე მუშაობს – ჩვენ ორჯერ გვქონდა შეხვედრა ხულოს რაიონში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. არის ისეთი გაჭირვებული სოფლები, სადაც საჭიროა გაიხსნას სკოლა-ინტერნატები, როგორც იყო ადრე, სადაც იქნება კვება და ღამის თევა.

საუბარია, თითქოსდა სხვა ქვეყანა აფინანსებს – მე არ ვიცი სხვა ქვეყნები რას და ვის აფინანსებენ. ერთადერთი ის ვიცი, რომ ქართული ფულით, ქართული ბიუჯეტით ეს თემები უნდა გადაწყდეს და მერე თვითონ აირჩიოს მუსლიმი იქნება თუ ქრისტიანი, სად ისწავლოს და როგორ მოიქცეს.

  • დავაზუსტებ, თქვენ ხართ მომხრე აშენდეს ისეთი ტიპის პანსიონები, სადაც მაღალმთიანეთში მცხოვრებ მოსწავლეებს ექნებათ განათლების მიღების საშუალება?

დიახ. ექნებათ განათლების მიღების საშუალება და ამავდროულად უნდა აკმაყოფილებდეს სამინისტროს მოთხოვნებს, სამინისტროს ნორმა და წესი რაც არის. თუ კანონმდებლობის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, რომელი სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს, უნდა დაიხუროს.

  • უცხო ქვეყნიდან დაფინანსებაზე რადგან კეთდება აქცენტი, იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

ამას დეპუტატი და მთავრობა ვერ მიხედავს. არის ორგანოები… თუ ჩამორიცხვა ხდება, ეს გაივლის საბანკო გზებს და არის კანონიერი. დანარჩენი – ყველაფრის შემოწმება შეიძლება. თუ დავუშვათ ტენდერი გამოაცხადა კორპუსის მშენებლობაზე, ფინანსირების წყარო რა არის? კონკურსი როგორ ჩატარდა? ამ ეტაპებს როგორ გადის? რასაც არ უნდა აშენებდე, ერთ კანონმდებლობაში უნდა მოიხარშოს.

  • თუ გაქვთ ინფორმაცია ამჟამად რამდენი ბავშვი სწავლობს მუსლიმურ პანსიონებში?

ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ძალიან ცოტა ბავშვია იქ დარჩენილი.

თბილისში ვარ ახლა, როცა დავბრუნდები, შემიძლია მოგცეთ ეს ინფორმაცია. ეგ დასამალი და დასაფარი არაა. ყველა სარწმუნოებას ხელი უნდა შეეწყოს და ვისაც რა უნდა, იმას ილოცებს. მაგას ვერც ანზორ ბოლქვაძე გადაწყვეტს და ვერც ქალბატონი ირმა [ინაშვილი]. მაგრამ ის, რასაც ვიძახით, ჯერ უნდა ვნახოთ. ტრიბუნის გამოყენება ძალიან ადვილია, მაგრამ ამ თემას ძალიან სათუთად უნდა მივუდგეთ.

  • „აჭარაში განათლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა“ – თქვენი აზრით, რამდენად მართებული შეფასება იყო, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთდა?

მოდი, მაშინ ამოვიღოთ სტატისტიკა წლების მიხედვით და შევადაროთ, რამდენი სტუდენტი ჩაირიცხა. ეს შეფასება ამით უნდა გაკეთდეს და არა სხვა მიმართულებით. ვისაუბროთ [სტატისტიკა მოვითხოვოთ] იმ სასწავლებლებიდან, რომელშიც სტუდენტები წავიდნენ. შეიძლება მუსლიმური საზოგადოებიდანაც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში და სხვა სასწავლებლიდანაც. ამიტომ სტატისტიკა უნდა ვნახოთ და  სტატისტიკის მიხედვით შევადაროთ. მგონი, ცუდი პროცენტულობა არ გვაქვს იმ სტუდენტების, რომლებმაც სკოლის შემდეგ სწავლა-განათლება გააგრძელეს.

  • ბატონო ანზორ, მოდის თუ არა დღეს მოქმედი მუსლიმური პანსიონები წინააღმდეგობაში არსებულ კანონმდებლობასთან?

როგორც ვიცი, ის პანსიონები, რომელიც არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას, უკვე დაიხურა. რაც დარჩენილია, აკმაყოფილებს კანონმდებლობას. სრული გადამოწმება ამის არ ყოფილა. ვინაიდან ამ დონეზე დაისვა საკითხი, კიდევ გადამოწმდება. თუ არ აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, დაიხურება.

  • თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენი ახალი პანსიონი შენდება მაღალმთიან აჭარაში?

ერთი პანსიონი შენდება ხულოში, მაგრამ, როდესაც აშენდება, ალბათ, ის პანსიონატები, რომლებიც ახლა გახსნილია, დაიხურება თავისთავად. ახალი შენობა სამ თუ ოთხსართულიანია, ის თუ აშენდება, მაგდენი ბავშვი არ არის.

  • გაზაფხულზე ხულოში იგეგმება მერის არჩევნები. ის პოპულისტური განცხადება, რაც გაკეთდა 19 თებერვალს პარლამენტში, თქვენი აზრით, ხომ არ უკავშირდება მერის არჩევნებს?

რა ვიცი, ვინ სად უმიზნებს, ვერ გაიგებ. ყოველ შემთხვევაში, ეს თემა გადასაწყვეტი არის სხვა სტილით, სხვა მიმართულებით. ახლა, როგორც ასეთი, არც ეგაა გამორიცხული. როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ჩვენი შეხვედრა და საქციელი არასდროს არ ყოფილა იმ მიმართულებით, რომ ვიღაც შეგვეზღუდა. პირიქით, ჩვენ ვსაუბრობთ რას – კანონიერება ყველამ უნდა დავიცვათ და კანონის ფარგლებში ვინც გახსნის, კანონს უნდა ემორჩილებოდეს.

ქართველ მუსლიმთა წარმომადგენლებსაც არ ჰქონიათ ის განცდა, რომ ჩვენ კანონს არ დავიცავთო. ვერ დაიცვეს, ვერ შეასრულეს, დაიხურა.

  • როცა ამბობთ, „სხვა გზით უნდა გადაწყდეს“, რას გულისხმობთ?

ერთადერთი გზა არსებობს – ააშენეთ ერთ მხარესაც [მუსლიმური] მეორე მხარესაც [ქრისტიანული] და ბავშვი, რასაც უნდა, იმას გადაწყვეტს, სადაც უნდა იქ გააგრძელებს სწავლას.

იყოს კანონის ფარგლებში და განათლების სისტემამ უზრუნველყოს პედაგოგების გადამოწმება, როგორც სკოლებში გვაქვს. მათი ინსპექტირება უნდა მოხდეს, ბავშვებს რას ასწავლიან, ეს უნდა იყოს ღია და არა დახურული. ის თემა, რომ იქ, დავუშვათ, ქართველი მუსლიმი სწავლობს და აქეთ ქრისტიანი სწავლობს, ეს ერთი შემოწმდეს და მეორე არ შემოწმდეს, ესე არ უნდა იყოს. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად, რომ რაღაცა თემით ესენი მიებას [ერთმანეთს]. ინსპექტირება  საჭიროა – ყველაფერს შემოწმება, თვალით დანახვა და დამტკიცება სჭირდება. ამიტომ ეს უნდა მიებას ინსპექტირებას და შემოწმდეს პედაგოგი რა ლექციას კითხულობს, ბავშვი რას პასუხობს და ა.შ.

  • თუ ესწრებოდით ამ სხდომას, მაშინ საპარლამენტო ტრიბუნიდანვე რატომ არ გამოეხმაურეთ ამ საკითხს, ან თქვენ, ან სხვა დეპუტატები აჭარიდან?

გიპასუხებთ პირდაპირ. დილას ხდება ჩაწერა იმ დეპუტატების, რომლებიც სიტყვით უნდა გამოვიდნენ. მე როდესაც ბათუმიდან ჩავედი, ჩაწერა ვეღარ მოვასწარი. რა ვიცოდი, ირმა რას ფიქრობდა თავის გულში. რა თქმა უნდა,  არ ვიცოდი, ამას თუ იტყოდა. მერე მე მქონდა შეხვედრა და კიდევაც ვისაუბრე ამ თემაზე. მივედი და შევხვდი, ავუხსენი. თქვენ რას ფიქრობთ, კომისიის შექმნა რას ნიშნავს და რას მოგვიტანს შემდგომში-მეთქი.

  • თქვენ მიიჩნევთ საჭიროდ საპარლამენტო კომისიის შექმნას?

საპარლამენტო კომისია თუ იქნება, პირველ რიგში, მე გავეცნობი წესდებას, ამ საპარლამენტო კომისიამ რა უნდა აკეთოს. მე დაბადებიდან ამ „კომისიაში“ ვარ – მთიან აჭარაში დავიბადე და ვიცი ეს თემები დაბადებიდან. მე პარლამენტარი ვიყავი თუ არ ვიყავი, ვხედავ და ვიცი. მე ვიცი ჩემს ქვეყანას რა არგია და იმის მიხედვით ვმოქმედებ. მე, პირველ რიგში, იმ წესდებას გავეცნობი, კომისიამ რა უნდა აკეთოს. მხოლოდ ამის შემდეგ გიპასუხებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: