განათლება,მთავარი,სიახლეები

9 მასწავლებელი აჭარიდან პოლონეთში, ვროცლავში გაივლის ერთკვირიან სტაჟირებას – კონკურსი

20.02.2019 • 3148
9 მასწავლებელი აჭარიდან პოლონეთში, ვროცლავში გაივლის ერთკვირიან სტაჟირებას – კონკურსი

აჭარის განათლების ფონდი აცხადებს საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს. კონკურსში გამარჯვებულები პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, მასწავლებელთა მომზადების ცენტრში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან.

კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ვიზიტის პერიოდში დაათვალიერონ ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრი, შეხვდნენ ადმინისტრაციას; მოისმინონ ტრენინგი საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ზოგად მეთოდიკაში; ტრენინგები ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდიკაში, გაეცნონ გაკვეთილის დაგეგმვაა საგნებში; ტექნოლოგიების გამოყენებას გაკვეთილებზე; მათ ექნებათ ვიზიტი პოლონურ სკოლაში; ისინი დაესწრებიან გაკვეთილებს, ჩაატარებენ შეხვედრას სასკოლო კლუბის წევრებთან და მასწავლებლებთან.

კონკურსის შედეგად შეირჩევა: 3 ისტორიის, 3 გეოგრაფიის, 3 სამოქალაქო განათლების პედაგოგი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საჯარო სკოლებიდან. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება განხორციელდება ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მიერ.

კონკურსში მონაწილე უნდა იყოს მოქმედი უფროსი/წამყვანი/მენტორი პედაგოგი; კანდიდატი უნდა ასწავლიდეს შესაბამის საგანს აჭარის საჯარო სკოლაში; სტაჟირების პროგრამის ფარგლებში პედაგოგი არ უნდა იყოს ნამყოფი აღნიშნულ ცენტრში.

აჭარის განათლების ფონდის ცნობით, რომელიმე მიმართულებაში გამოთავისუფლებული ვაკანსია გადანაწილდება სხვა მიმართულებაში.

საჭირო დოკუმენტაციაა: CV ქართულ ენაზე; პირადობის მოწმობის ასლი; ჩატარებული გაკვეთილის გეგმა აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე; ჩატარებული გაკვეთილი Power Point პრეზენტაციის სახით (8-10 სლაიდი/ თხრობის ხანგრძლივობა 10 წუთი); უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებელის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; შესაბამისი საგნის მასწავლებლობის დამადასტურებელი ცნობა სამუშაო ადგილიდან (ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული).

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ ელექტრონულ მისამართზე:ajaraedufund@gmail.com

მასალის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის პირველი მარტი, 18.00 სთ.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება დოკუმენტაციის ელექტრონულად მიღება/გადარჩევა, მეორე ეტაპზე კი კომისიასთან გასაუბრება, გაკვეთილის წარდგენა/პრეზენტაცია და მისი განხილვა.

_______

ფოტოზე: ქალაქი ვროცლავი. ფოტო: „ბათუმელები“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: