მთავარი,სიახლეები

ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს საქართველოში ამ კვირაში ჩამოასვენებენ – საგარეო

19.02.2019 • 1380
ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს საქართველოში ამ კვირაში ჩამოასვენებენ – საგარეო

ლიბიაში 43 დღის წინ გარდაცვლილ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურა შესაბამის აქტს ხვალ, 20 თებერვალს გამოსცემს.

კონსტანტინიდი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე მეზღვაურის ოჯახის წევრებსა და გემთფლობელ კომპანიასთან.

“[კომპანიის] წარმომადგენელი ადვოკატი დღესაც ლიბიაში იმყოფება ადგილზე და აწარმოებს სამუშაოებს, რომ დროულად დასრულდეს პროცესი. თვითონ ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე. უბრალოდ, ეს თანხმობა, უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გამოიცემა, რის შემდეგაც უკვე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები, რაზეც ჩვენ უკვე მომზადებულები ვართ; ეს არის საორგანიზაციო ხასიათის, სამედიცინო ხასიათის, ტრანსპორტირება და ა.შ. ნებართვა გაცემულია და ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში ცხედრის გადმოსვენების პროცესი სრულად დასრულდება,” – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.

19 თებერვლის მდგომარეობით, მეზღვაური საქართველოში ჯერ არ გადმოუსვენებიათ. კითხვაზე,  რატომ დასჭირდა 42 დღე ცხედრის გადმოსვენებას, ვლადიმერ კონსტანტინიდი განმარტავს:

“პირველ რიგში, როდესაც ადამიანის გარდაცვალებას ეხება საკითხი, რა თქმა უნდა, გამოძიება მოითხოვს გარკვეული ვადებისა და თანმიმდევრობის დაცვას რის გამოც ლიბიის სამართალდამცველმა უწყებებმა საჭიროდ ჩათვალეს ცხედრის ადგილზე დატოვება და  ხანგრძლივი ექსპერტიზის ჩატარება. ფაქტი მოხდა ლიბიის ტერიტორიაზე. შესაბამისად, გამოძიებაც და ექსპერტიზაც არის ლიბიელი სამართალდამცველების პრეროგატივა, მათი ქვემდებარეა. ისინი მუშაობას წარმართავდნენ საკუთარი ქვეყნის კანომდებლობისა და ადგილზე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბიაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფონი, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ნებისმიერ პროცესზე და მათ შორის გამოძიებაზეც. ამის გამო სახელმწიფო უწყებები ლიბიაში შეფერხებით მუშაობენ” .

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ქართული მხარისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა და დოკუმენტები, რადგან სწორედ ამის საფუძველზე უნდა გასცეს მისრატას პროკურატურის ხვალ შესაბამისი აქტი.

ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ქართული მხარე ყურადღებით გაეცნობა ამ დასკვნას და გააგრძელებს მუშაობას, რადგან ცხედრის გადმოსვენების შემდეგაც იქნება გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი იმისთვის, რომ დადგინდეს რეალურად რა იყო საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: