მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ აკეთებენ პროექტებს ბიზნესმენები ქალაქისთვის

18.02.2019 • 1807
რატომ ვერ აკეთებენ პროექტებს ბიზნესმენები ქალაქისთვის

ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად გამართულ აქციებზე ხშირად ისმის სიტყვა „ინვესტორი“. ინვესტორები ხვდებიან ტრანსპარანტებზეც… იმის მიუხედავად, რომ ქალაქის განვითარება და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, ინვესტორების პასუხისმგებლობაზეც კეთდება აქცენტი. „ბათუმელები“ ბათუმში მსხვილი სამშენებლო ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ ესმით მათ პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე? რას აკეთებენ ქალაქისთვის კონკრეტული ბიზნესპროექტების გარდა? ბიზნესმენებს ასევე ვთხოვეთ დაესახელებინათ რომელიმე აქტივობა, რაც, მაგალითად, ბათუმისთვის გააკეთეს.

„რა თქმა უნდა, ქალაქის წინაშე ვართ პასუხისმგებელი. ქალაქი ხომ მხოლოდ არმატურა და ბეტონი არაა… ასეთი არაფერი მახსენდება, რაც კონკრეტულად ქალაქისთვის გავაკეთეთ. აუცილებლად გვექნება რამე, მოვიფიქრებთ და შეგატყობინებთ,“ – ამბობს გოჩა შარაშიძე, სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლის“ ხელმძღვანელი. ის არაა ერთადერთი, ვინც ეს გვითხრა. ბიზნესმენებს ერთნაირი პოზიციები აქვთ ქალაქის წინაშე პასუხისმგებლობაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ამაზე ფიქრი საჭიროა.

რატომ ვერ აქტიურობს ამ კუთხით ბიზნესი ბათუმში – ამის საჭიროება აქამდე ვერ დაინახეს, საკმარისი ფული არ აქვთ მშენებლებს, თუ სხვა მიზეზი არსებობს?

„როგორც საკუთარ ოჯახს არ გაუკეთებ ცუდს, ისე არ უნდა გაუკეთო ქალაქსაც“… – გვიყვება კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელი, ზაზა გოგოტიშვილი. – „მახსოვს, ერთხელ პარკში ჩემი შვილი მეგობარს უყვებოდა, ეს ბილიკი მამაჩემმა გააკეთაო. მინდა, რომ ჩემს შვილს არ ჰქონდეს სათქმელი, ასე ცუდად მოექცა მამაჩემი ქალაქსო. გამიჭირდება კონკრეტული აქტივობა გითხრათ, რაც ბოლო წლებში ქალაქისთვის გავაკეთეთ, მაგრამ ამაზე უნდა ვიფიქროთ, ეს საჭიროა“, – ამბობს ის.

ზაზა გოგოტიშვილი სამართლიანად მიიჩნევს საზოგადოების ნაწილის პროტესტს, რომელიც ბათუმის გადასარჩენად პერიოდულად იმართება. მისი აზრით, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ახლის შენება ისტორიული მემკვიდრეობის ხარჯზე.

„ვფიქრობ, სამართლიან პროტესტს გამოხატავს საზოგადოების ნაწილი. ინვესტორი ყოველთვის ეცდება, პრესტიჟულ ადგილას ააშენოს სახლი… ჩვენ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ დაიცვას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. გაჩერებაც არ გამოვა, მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ. ამიტომ რა არის ოქროს შუალედი, ეს არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფომ უნდა მართოს და თავისი ბერკეტი გამოიყენოს,“ – მიიჩნევს ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი.

კონკრეტული პროექტი, რაც ბიზნესმა ქალაქისთვის გააკეთა, ვერც „დარ ბილდინგში“ გაიხსენეს. კომპანიის დირექტორმა, ამირან დარჩიძემ პრესცენტრში გადაგვამისამართა.

„რაიმე კონკრეტული აქტივობა ამ კუთხით არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სამშენებლო ნორმების ზედმიწევნით შესრულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, მშენებლების უსაფრთხოების დაცვა…“ – გვითხრა „დარ ბილდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ ბაკურიძემ.

კონკრეტული სპორტული ჯგუფების დაფინანსება დაგვისახელა ქალაქისთვის გაკეთებულ პროექტად ირაკლი კვერღელიძემ, „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა. მას ვუთხარით, რომ, ამ შემთხვევაში, კონკრეტული ხელშეკრულებით [საუბარია სპორტსკოლის შენობის ნაწილის ადგილას „ორბი ჯგუფის“ ახალ მშენებლობაზე] ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიღმა აქტივობები გვაინტერესებდა, რაც კომპანიამ ქალაქისთვის სარგებლის მიღების გარეშე გააკეთა. ირაკლი კვერღელიძემ გვითხრა, რომ ჩვენთან უშუალოდ შეხვედრის დროს ურჩევნია ამ პროექტების შესახებ საუბარი, რასაც რამდენიმე დღეში შეძლებს.

ქალაქისთვის გაკეთებულ პროექტად ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ ბათუმის ცირკის აღდგენა დაგვისახელა.

„ცირკი დამწვარი იყო და მე აღვადგინე. ჩვენ არ ვუცვლით იერ-სახეს – ცირკი ყოველთვის იქნება ცირკი. ყველა ქალაქში კი არაა ცირკი, თბილისში და ბათუმშია მარტო… ასევე ორთაბათუმში კულტურის სახლი გადავარჩინე. დღეს იქ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი მოქმედებს. კინო „თბილისიც“ ჩვენ აღვადგინეთ. მერე კი დაგვანგრევინეს, მაგრამ ხომ გახსოვთ, რა კარგი დარბაზი გვქონდა?… დამწყები ბიზნესმენები არიან, რომ მაგის ფიქრი არ აქვთ, თორემ არიან ბიზნესმენები, რომლებიც ყოველთვის ზრუნავენ ქალაქზე,“ – გვითხრა თენგიზ ბაკურიძემ.

მოუცლელობის მიზეზით კითხვებზე ვერ გვიპასუხეს “DS Group“-ის და „ალიანსი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა.

„ბიზნესსექტორი ისევე უნდა ჩაერთოს ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხებზე დისკუსიაში, მსჯელობაში, საჯარო განხილვებში, როგორც თუნდაც მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ. ჩვენთან ამისი კულტურა არ არის. აქ, ძირითადად, ბიზნესს უყურებენ როგორც ფულის კეთების მანქანას და ლანძღავენ. ამ კუთხითაც უნდა შევიცვალოთ,“ – მიიჩნევს მართვის კომპანია GGM -ის მმართველი, გენო გელაძე.

გენო გელაძის აზრით, ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის კულტურა დაბალია და ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კანონმდებლობაც არის:

„პრობლემაა კანონმდებლობა, რაც იმას გულისხმობს, რომ ბიზნესი სოციალური პროექტების ფარგლებშიც ისევე იბეგრება, როგორც მომგებიანი პროექტის კეთების დროს. ბიზნესის ერთი ნაწილი ძალიან ბევრს აკეთებს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, მაგრამ არ ასაჯაროებს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო მეორე ნაწილისთვის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის ერთჯერად დახმარებაში გამოიხატება,“ – გვითხრა გენო გელაძემ.

რატომ გაჩნდა ინვესტორების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება? – გენო გელაძე ამ კითხვის პასუხად არაერთ და კომპლექსურ მიზეზს ასახელებს:

„მშენებლობის სფეროში ინვესტორებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას, ბუნებრივია, იწვევს ქაოსური მშენებლობები. ძალიან ბევრ შემთხვევაში ყოველგვარ ლოგიკას და ადამიანურობას მოკლებული პროექტები, მაგალითად, აივნიდან ორ მეტრში აშენებული კორპუსები და ა.შ. სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები, როცა ინვესტორის იმიჯს ამოფარებულმა კომპანიებმა დაანგრიეს ძეგლები. ამ დროს კი ძალიან ბევრი კარგი ხარისხის საინვესტიციო სამშენებლო პროექტი განხორციელდა, მაგრამ მათი წარმოჩენა არ ხდება და სადისკუსიოდ მხოლოდ ცუდი შემთხვევები გვაქვს.

ეს სამშენებლო ბიზნესის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებებს აძლიერებს. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ბიზნესის მენეჯერების დიდ ნაწილს არ უყვარს მედიასთან კომუნიკაცია. შედეგად, თუნდაც რამდენიმე ცუდი პროექტის გამო, მთელი სამშენებლო სექტორი ილანძღება“.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: