როდის დაშლიან ყინულის სასახლეს და როდის ააშენებენ საცურაო აუზს



ბათუმის ყინულის სასახლის დემონტაჟი გასული წლის ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მას მიმდინარე წლის შემოდგომამდე აღარ დაშლიან. შესაბამისად, გაგრძელდება ახალი ყინულის არენის მშენებლობაც, რომელიც 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებელ კანადურ კომპანიას წარმოსადგენი აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. სპორტსმენებს/მოსწავლეებს რომ ვარჯიში არ შეეწყვიტათ, ბათუმის მერიის თხოვნა იყო, არსებული ყინულის სასახლის დემონტაჟის საკითხი შემოდგომამდე გადაეტანათ.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონში“ ამბობენ, რომ „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია კომპანიას, რომელიც ახალი ყინულის არენას აშენებს, იმ ვალდებულებების შესასრულებლად სჭირდება, რაც ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ამ დოკუმენტებზე მუშაობენ, ახლო პერიოდში წარმოგვიდგენენ და გაგრძელდება სამუშაოები. ეს კომპანია მოახდენს არსებული ყინულის სახლის დემონტაჟსაც. თუმცა, ვინაიდან ყინულის სასახლეში სპორტული აქტივობები ჰქონდათ დაგეგმილი, გავითვალისწინეთ ეს და დემონტჟის საკითხი გადავდეთ.“

არსებული ყინულის სასახლის დემონტაჟის გარდა უნდა დაიშალოს იქვე მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურიც. ქვესადგურში განთავსებული ძალოვანი აგრეგატებისა და მოწყობილობა-დანადგარების დემონტაჟის, ასევე, ახალი ქვესადგურის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ტენდერი სამჯერ გამოაცხადა.

პირველ ტენდერში ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს და უარყოფითი შედეგით დასრულდა. მეორე ტენდერი არ შედგა [არავინ მიიღო მონაწილეობა]. მესამედ გამოცხადებულ ტენდერში კი კომპანია „ინლაით-გ“-სთან ხელშეკრულება 8 475 ლარზე [სატენდერო თანხა] გაფორმდა. ეს კომპანია ანალოგიურ მომსახურებას „სტადიონს“ პირველ ტენდერში 7 455 ლარად სთავაზობდა, თუმცა მაშინ დისკვალიფიკაცია მისცეს. კომპანიაში გვითხრეს, რომ „სტადიონს“ მზა დოკუმენტები 2019 წლის იანვრის ბოლოს წარუდგინეს.

„ინლაით-გ“-ს დირექტორის, რუსუდან გოგიაშვილის თქმით, ყინულის სასახლის მიმდებარედ ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობას, მათ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით 243 845 ლარი დასჭირდება. „სტადიონს“ ახალი ქვესადგურის ასაშენებლად ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

არსებული ყინულის სასახლის კონსტრუქცია რაგბის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადაიტანონ. რა სპორტული სახეობისთვის იქნება ის განკუთვნილი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. არსებული სასახლის ადგილზე კი საცურაო აუზი აშენდება. იქვე არსებული დარბაზი, რომელიც ახლა აშენდა და სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა, ყინულის არენად 2019 წლის აპრილამდე უნდა გადაკეთებულიყო. ახალი ყინულის არენის მშენებლობა, როგორც დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, 2020 წლის თებერვალში დასრულდება.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში გადაწყდა. სამუშაოების ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ კანადურ კომპანია Westincor Limited-თან ტენდერის გარეშე გააფორმა.

კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. მშენებლობას კვლავ „ანაგი“ გააგრძელებს, რომელიც ბათუმში საფეხბურთო სტადიონსაც აშენებს.

ბათუმის ყინულის სასახლესთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ბმულზე.

ყინულის სახლი ბათუმში / 18.02.2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com