განათლება,მთავარი,სიახლეები

„სტუმრად იყო მეზობლის მდიდარი ოჯახი ჩემი ხელის სათხოვნელად“ – მოსწავლის ესეი

15.02.2019 • 4420
„სტუმრად იყო მეზობლის მდიდარი ოჯახი ჩემი ხელის სათხოვნელად“ – მოსწავლის ესეი

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) ორგანიზებით საქართველოს რეგიონებში სკოლის მოსწავლეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებული აინურ ახმედოვა გახდა,მე-12 კლასის მოსწავლე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალიდან. კონკურსში სულ 144 მოსწავლე მონაწილეობდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის ესეის. 

______________

აინურ ახმედოვა, მარნეული, სოფელი ზემო სარალი

ბებია მიყვებოდა, შენი დაბადება მამაშენს ისე გაუხარდა, შამპანურების ზალპი მოაწყოო სამშობიაროს ეზოში…

ბებიას ეს მოგონება ყოველთვის სიამაყითა და სიხარულით მავსებდა და მჯეროდა, რომ მამაჩემს ძალიან ვუყვარვარ და ჩემთვის და ჩემი კეთილდღეობისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ბებიაჩემის სიტყვები მაგრძნობიებდა, რომ ამ სამყაროს ძალიან საჭირო ადამიანი მოევლინა ჩემი სახით. ეს ფაქტი, ამასთანავე, პასუხისმგებლობით მავსებს, რომ მე ჩემი სწავლითა და შრომით ვალდებული ვარ, ამ სამყაროში რაღაცა შევცვალო უკეთესობისკენ. ეს სიტყვები ყოველდღე მახსენდება და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩემი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის უნდა გავაკეთო ყველაფერი. ჩემი ცხოვრების მეგზურიც ისეთი ვიპოვო, რომელიც ხელს კი არ შემიშლის, დამეხმარება, რომ ჩემი ხალხისთვის ცხოვრება გავხადო უკეთესი…

დღეს ქართული ენის გაკვეთილზე ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე და მასწავლებელმა უამრავი მაგალითი მოგვიყვანა უფლებაშელახულ გოგონებზე. ვერაფრით ავხსენით, როგორ შეუძლიათ მშობლებს თავიანთი საყვარელი შვილების ტანჯვისთვის გაწირვა. რამდენიმე მიზეზი გამოვყავით: მშობელი შვილს უყურებს ისე, როგორც საკუთარ თავს – თვლის, რაც მისთვისაა კარგი, შვილისთვისაც კარგი იქნება; მშობელი ცდილობს, შვილი კომფორტულ გარემოში მოახვედროს ფინანსურად სტაბილური სიძის შერჩევით; მშობელი ფიქრობს, ცხოვრებაში მთავარი შვილები და სტაბილური ოჯახია; ბედნიერება ფული და სიმდიდრეა…

ჩემთვის არც ერთი ეს ვარიანტი მისაღები არაა. მე ვფიქრობ, მთავარი მიზნის ასრულება და შენი შესაძლებლობების რეალიზაციაა. ჩემთვის ბედნიერება ოცნებებზე დაყრდნობილი წარმოსახვითი სამყაროა. ადამიანის მთავარი მისია ისაა, ცხოვრება გახადოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის. ამ მიზნის შესასრულებლად ცოდნა და გამოცდილება მჭირდება, რომლის მისაღებადაც ძალიან დიდი შრომა მომიწევს…

დღეს, დებატებზე ქალთა უფლებების შესახებ, მთელი კლასი და მასწავლებელი შევთანხმდით, რომ მშობლებს დიახაც უპირობოდ უყვართ შვილები და თუ შვილი გოგონა მოინდომებს, მათ დაარწმუნებს თავისი არჩევანის სისწორეში და ისინიც უარს იტყვიან ნაადრევად მისი დაოჯახების განზრახვაზე.

სახლში მისულს კი ასეთი ამბავი დამხვდა: სტუმრად იყო მეზობლის მდიდარი და გავლენიანი ოჯახი ჩემი ხელის სათხოვნელად. ისინი ძალიან მდიდრები არიან, ჩვენ კი ჩვეულებრივი, უბრალო ოჯახი გვაქვს, სადაც მარტო მამაჩემი მუშაობს და ძალიან უჭირს ჩემი და ჩემი პატარა და-ძმის აღზრდა. აი, ამიტომაც „სტუმრები“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მე უარს არ ვიტყოდი მათ ვაჟზე დაქორწინებაზე. საუბრისას კი ამბობდნენ, რომ საჭიროა, ოჯახში იყოს სახელმწიფო ენის კარგად მცოდნე ადამიანი და ამიტომაც უნდოდათ თავიანთ ვაჟზე ჩემი დაქორწინება…

ჩემთვის ყველაზე მძიმე კი ის იყო – მამაჩემიც ასე ფიქრობდა. მამა მიმტკიცებდა, ეს ნაბიჯი კარგია შენი ცხოვრებისთვისო. მარწმუნებდა, იქნები ძალიან ბედნიერი, არც ერთი პრობლემა არ გექნებაო. მან რა იცის, მე რას ვგრძნობ, რას ვფიქრობ და რა არის ჩემთვის კარგი?! ის არ ითვალისწინებს ჩემს სურვილს. არ ფიქრობს, მათთვის რაც კარგია, ის ჩემთვის ბავშვობის ოცნებებზე უარის თქმა და წარმატებული მომავლის კარის დახურვაა. მთელი ღამე ვტიროდი და ბრაზს ვერ ვიკავებდი. გადავწყვიტე, მამაჩემისთვის მეთქვა: ან ვისწავლი, ან თავს მოვიკლავ-მეთქი…

არ დავნებდები და არავის მივცემ ჩემი ოცნებების დამსხვრევის უფლებას.

არასდროს მდომებია გოგოდ არყოფნა. მაგრამ ბიჭი რომ ვყოფილვიყავი, ზუსტად ვიცი, ნაკლები სირთულე შემხვდებოდა ჩემი ცხოვრების გზაზე.

___________________

მთავარ ფოტოზე: აინურ ახმედოვა

კონკურსი განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) მხარდაჭერით და მისი მიზანი ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა. კონურსში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი – აინურ ახმედოვა [მარნეული],  II ადგილი – ანი თუთისანი [ოზურგეთი], III ადგილი – თამარ თურაძე [ბათუმი]. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: