ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

25.02.2019 • 4716
გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

აჭარაში შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით ესპანური კომპანია „Iberostar Group“-ი დაინტერესდა. ეს ინფორმაცია სააგენტო „აწარმოე საქართველომ“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს „პირველი ხაზის“ სასტუმროები [„first line“ hotels], რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტომ ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი… და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი ქონების და სასტუმროს ინდუსტრიის მიმართულებით“.

სააგენტოს წარმომადგენლები საზღვარგარეთ, „აწარმოე საქართველოში“ მიერ ორგანიზებული საინვესტიციო მისიის ფარგლებში იმყოფებოდნენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „აწარმოე საქართველოს“, დაეკონკრეტებინა რომელი ადგილი შესთავაზეს ესპანურ კომპანიას აჭარის სანაპირო ზოლში.

„ამ კომპანიას საქართველოში ჯერ არ განუხორციელებია ინვესტიცია, სერიოზული კომპანიაა, ძალიან მაღალი სტანდარტების სასტუმროები აქვს და მოთხოვნა აქვთ პირველ ზოლზე. ასე კონკრეტულად არ ყოფილა საუბარი, ვთქვათ, ქობულეთი, ბათუმი, გონიო თუ კვარიათი, მაგრამ ჩვენებმა აჭარის პოტენციური ადგილები შესთავაზეს, ანახეს და ისინი დაინტერესდნენ. ძირითადად, აჩვენეს უფრო ბათუმი-გონიო-კვარიათი“, – გვითხრეს „აწარმოე საქართველოში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ზღვის პირველ ზოლში ანუ პლაჟთან ახლოს ისეთი ადგილები, სადაც სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებაა შესაძლებელი, ზოგადად, მსოფლიოში ცოტაა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა პოტენციალი აქვს აჭარას ამ კუთხით და ზღვასთან [პლაჟთან] ახლოს რომელ ნაკვეთებს განიხილავს ხელისუფლება, სადაც შესაძლოა სასტუმროების აშენება. ასეთი, ჯერ კიდევ გაუსხვისებელი მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე,  ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან.

მიწის ნაკვეთები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში არის ნაკვეთები, რომლებიც დღეს აჭარის საკუთრებაშია და რომლებიც „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია განიკარგოს, შესაბამისი საინვესტიციო წინადადებების ფარგლებში, მათ შორის სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით“.

ასეთი ნაკვეთების საერთო ფართობი 384 422 კვ/მ-ია. აქედან 42 ათას კვ/მ-ზე მეტი ბათუმში, ხოლო დანარჩენი ქობულეთში.

ბათუმში ასეთი ნაკვეთებია თამარ მეფის გამზირზე, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან [მდინარის მარჯვენა ნაპირზე], ასევე ზღვის პირას ჩაქვში – ყოფილი ტურბაზა „ჩაქვის“ ტერიტორია.

ქობულეთში კი მიწის ნაკვეთები განთავსებულია დავით აღმაშენებლის გამზირზე და აბაშიძის ქუჩაზე [საპატრიარქოს რეზიდენციის მიმდებარედ].

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორი ნაკვეთიდან ერთი ფიჭვნარია, გამწვანებული ტერიტორია [კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის საკუთრების მიმდებარედ], რომელსაც დამსვენებლები და ტურისტები ზღვის სეზონზე კემპინგისთვის იყენებენ. თუ ეს ნაკვეთებიც გასხვისდება, ფიჭვნარის სანაპიროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი ნაკვეთი აღარ იქნება.

ჩერნოვეცკის საკუთრებაში არსებული ნაკვეთიდან მდინარე ჩოლოქის მიმართულებით ზღვისპირა ზოლში 70 ათასი კვ/მ დღეს „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაშია.  ფონდის აქტივების პორტფელი, სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო კომპანიებისგან შედგება, თუმცა უცნობია რას აპირებს ფონდი ამ ზოლში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ „ქვეყანაში დღეს მიმდინარეობს პრივატიზების პროცესი და ნებისმიერი მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოს ან აჭარის საკუთრებაშია, ყველას პრივატიზება უნდა მოხდეს [გაიყიდოს ან იჯარით გაიცეს]. მიწა, რომელიც არ არის კერძო საკუთრებაში, ან არავინ სარგებლობს, დაექვემდებარება პრივატიზებას, მაგაზე მთავრობა ზრუნავს“.

ქობულეთის სანაპიროზე 100 ათასი კვ/მ-ია, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

არის თუ არა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ნაკვეთები ზღვის პირას, სადაც შესაძლოა სასტუმროების მშენებლობა განიხილებოდეს? – ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ასეთი ხუთი ნაკვეთია, ძირითადად, აღმაშენებლის გამზირზე და საერთო ფართობი დაახლოებით 100 ათას კვადრატულ მეტრომდეა.

„აღრიცხული გვაქვს თითოეული მათგანი, გაკეთებული გვაქვს საინვესტიციო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და ობიექტების ბაზა და თითოეულზე საინვესტიციო პირობებიც მუშავდება. ეს ნაკვეთები დღეს არსებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად მიეკუთვნება ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას და ეს სტატუსი არის შემაფერხებელი. ამ სტატუსის ზოლი, სადაც ეს ნაკვეთებია, ფაქტობრივად არ არის ისეთი ფასეული, რომ არ შეიძლებოდეს საინვესტიციოდ მისი ათვისება. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის გზით [ამაზე საჯარო განხილვაც გვექნება], ვგეგმავთ ნაკვეთებისთვის ფუნქციური დანიშნულების შეცვლაზე ვისაუბროთ და გენგეგმაში ცვლილებები შევიტანოთ“, – აცხადებს მირიან ქათამაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე საუბარი იყო მრჩეველთა საბჭოსთან და საბჭომ ეს მიდგომა, ზოგადად, მოიწონა: „სწორად მინდა გაიგონ. ბუნებრივი ლანდშაფტის წინააღმდეგ კი არ მივდივართ პირველ ზოლში, არამედ ლანდშაფტური ზონა შესაძლებელია საკურორტო სარეკრეაციო ზონად შეიცვალოს, სადაც შესაძლებელი იქნება სასტუმროების და საკურორტო დანიშნულების სხვა ობიექტების განთავსება“.

ქობულეთის მერის ინფორმაციით, ზღვისპირა ზოლში არის კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებიც, რომლებიც 2004-2007 წლებში გასხვისდა უპირობოდ, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე დაბალ ფასად და სადაც არაფერი განხორციელებულა. „მთავრობასთან შეთანხმებით უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ნაკვეთების მესაკუთრეები, ასე ვთქვათ, გავააქტიუროთ, თუმცა, მათ სახელშეკრულებო პირობები არ აქვთ“, – აცხადებს მირიან ქათამაძე.

მისივე თქმით: „ქობულეთის სანაპირო ზოლში ზოგიერთ ადგილს ლანდშაფტურის ნაცვლად უნდა ჰქონდეს საკურორტო-რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაც არ გამორიცხავს მრავალფუნქციური ობიექტების მშენებლობას. ეს ზოლი ამ კუთხით აუცილებლად უნდა განვითარდეს… ბევრს სკვერის სტატუსი მიენიჭა, ბევრს პარკის, მაგრამ არის ასათვისებელი მიწის ნაკვეთები და არ უნდა შევუშალოთ ხელი არც ჩვენ და არც ანაქრონიზმად დარჩენილმა სტატუსებმა, რომელიც შესაძლებელია შეიცვალოს. აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით“.

რა ხდება ბათუმის ზღვისპირა ზოლში 

არის თუ არა ზღვის სანაპირო ზოლში მიწის ნაკვეთები, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და სადაც შესაძლებელია აშენდეს სასტუმროები? – ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ზღვისპირა ზოლში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის დამოუკიდებელი საკადასტრო ერთეულის სახით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი რომელზეც განიხილება, ან შეიძლება განხილულ იქნას ინვესტიციების განხორციელების საკითხი სასტუმროების მშენებლობის კუთხით“.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით კი:  „ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ზღვისპირა ტერიტორიის პირველი ზოლი არის ბათუმის მუნიციპალიტეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და კერძო პირთა საკუთრებაში.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნულ ზოლში კანონის შესაბამისად გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განიხილავს შემოსულ განცხადებას აღნიშნულ ტერიტორიებზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ და სამშენებლო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და რეგულაციების დაცვით გასცემს შესაბამის ნებართვას.

რაც შეეხება იმ გარემოებას, კონკრეტულად არის თუ არა განსაზღვრული საინვესტიციო ტერიტორია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, გაცნობებთ, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ ხდება განსაზღვრა საინვესტიციო ტერიტორიის“.

გონიოს ყოფილი პოლიგონის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარება კვლავ „ღია თემაა“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაში არ იყო გონიოს ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ნაკვეთები ზღვის პირას, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარების კონცეფცია საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს.

ყოფილი პოლიგონი და მიმდებარე ტერიტორიები, ჯამში 3 084 407 კვ/მ [308 ჰექტარი] დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

„ჩვენს სამინისტროს კონკრეტული გეგმა მაგ ტერიტორიასთან დაკავშირებით არ აქვს, მაგრამ ვმუშაობთ. დიდი ტერიტორიაა და მარტო სასტუმროსთვის ვერ განვიხილავთ, არათუ სასტუმრო კომპლექსი, არამედ ლამის ქალაქი შეიძლება გაშენდეს, ამიტომ ვიდრე კონკრეტულ კონცეფციაზე არ ჩამოვყალიბდებით, მანამდე ვერაფერს ვიტყვით. მარტო ჩვენი სამინისტრო კი არა, ყოფილი პოლიგონის ტერიტორია ისეთი სტრატეგიული ადგილია, შეიძლება ითქვას, სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტია“, – გვითხრა ვახტანგ ჭეიშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა.

უკვე არსებულ კონცეფციასთან დაკავშირებით ვახტანგ ჭეიშვილი ამბობს, რომ „ეს არის ერთი კერძო კომპანიის მოსაზრება და არა სახელმწიფო მიდგომა. ცენტრალურმა სამინისტრომ შეუკვეთა და კომპანიამ კვლევა დადო, რასაც ვიყენებთ. სამთავრობო დონეზე საბოლოო გადაწყვეტილება მაგ ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ამასთან, რახან იყო კონცეფცია და შეიქმნა ახალი სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“, ეს კონცეფციაც ამ სააგენტოს ერგო წილად, მათ კომპეტენციაში შევიდა. კონკრეტულად ესპანურ კომპანიასთან დაკავშირებით კი ინფორმაცია არ გვაქვს“.

ვახტანგ ჭეიშვილის თქმით, ახლა იწყება ყოფილი პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლაც: „გარკვეული პრეზენტაციაც იყო, მაგრამ, ვიდრე პრივატიზაცია დაიწყება დეტალურად შევისწავლით და გვეცოდინება კონკრეტულად რა გვინდა, როგორ გვინდა, რასაც ალბათ დაანონსებს ხელმძღვანელობა. ყოფილ პოლიგონსა და მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღიაა ეს თემა. პირიქით, ველით სხვა მოსაზრებებს და წინადადებებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: