მთავარი,სიახლეები

ბათუმში მძევლად ხელში ჩაგდების საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

12.02.2019 • 1316
ბათუმში მძევლად ხელში ჩაგდების საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

„მძევლად ხელში ჩაგდების საქმე“ შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესებს იცავს. ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სხდომა პირველად გაიმართება, თუკი მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება არ შედგება წინასასამართლო სხდომამდე. ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, განიხილავენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები საქმეს.

საუბარია გასული წლის ბოლოს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთის მცხოვრებს ვალი ჰქონდა გადასახადელი ასევე ქობულეთში მცხოვრებისთვის – დაახლოებით 10 ათასი ამერიკული დოლარი. პროკურატურის ვერსიით, დაზარალებული, თანხის მიღების მოტივით, სამმა ბრალდებულმა ჯერ შუახევში წაიყვანა იძულებით ნათესავის ოჯახში, შემდეგ – ქობულეთში. საბოლოოდ, დაზარალებული ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს. მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ოჯახიდან ბრალდებულებმა მხოლოდ 900 ლარის ამოღება მოახერხეს, მძევალს წებოვანი ლენტი პირზე ააკრეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და სკამზე მიბმული დატოვეს. ოჯახმა პოლიციას გატაცებიდან მეხუთე დღეს მიმართა.

„სასამართლოს უარის თქმის უფლება არ აქვს, კანონი იძლევა ამის შესაძლებლობას… ნაფიცი მსაჯულები საქმეს არ განიხილავენ, თუკი საპროცესო შეთანხმება შედგება,“ – განმარტავს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი. საპროცესო შეთანხმებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ბრალის აღიარებაა. აღიარებითი ჩვენებები კი ამ ეტაპზე გამოძიებას არ აქვს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლიდან ამოქმედდა, თუმცა ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში არავის მოუთხოვია, მისი საქმე მსაჯულებს განეხილა. მსაჯულებისთვის დარბაზი 2014 წელს მოეწყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: