მთავარი,სიახლეები

გაზის მაღალი გადასახადი იანვარში – ვენდოთ თუ არა „სოკარის“ განმარტებას?

13.02.2019 • 3332
გაზის მაღალი გადასახადი იანვარში – ვენდოთ თუ არა „სოკარის“ განმარტებას?

წელს, იანვრის თვეში, ბუნებრივი აირის/გაზის მოხმარებაზე დარიცხულმა მაღალმა გადასახადმა არაერთი მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეები ამბობენ, რომ იანვარში, წინა წლების იმავე პერიოდთან შედარებით, 30-50 ლარით მეტი, ზოგს კი გაორმაგებული თანხა დაერიცხა. მოქალაქეების საპასუხოდ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ზარი შევიდა. ამავე განცხადებაში „სოკარი“ განმარტავს, თუ რამ გამოიწვია ფასების ზრდა. კომპანია ამის ძირითად მიზეზად ტემპერატურას ასახელებს.

„კვლევების თანახმად ცნობილია, რომ გარე ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით დაწევა იწვევს გაზის ხარჯის 3-4%-ით ზრდას. თუ თქვენს საცხოვრებელ სახლში გამათბობელი გარკვეულ ტემპერატურაზეა დაყენებული, თქვენი დანადგარი მუშაობს შესაბამისი დატვირთვით, მაგრამ როგორც კი გარეთ ტემპერატურა დაიწევს, იმისათვის, რომ შენარჩუნდეს სასურველი ტემპერატურა თქვენს სახლში, დანადგარს უწევს მეტი დატვირთვით მუშაობა, რაც შესაბამისად ზრდის გაზის მოხმარებას/ხარჯს. აქვე გასათვალისწინებელია წყლის ტემპერატურის ცვალებადობა. რაც უფრო დაბალია შემომავალი წყლის ტემპერატურა, მით მეტი ენერგიაა (მოცემულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზი) საჭირო მის გასათბობად“, – ეს არის ამონარიდი კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებიდან.

„სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის ხარჯების მომატება „პირდაპირ კავშირშია ზამთრის პერიოდთან“, მაგრამ ბოლო ოთხი წლის მონაცემები რომ ავიღოთ, ბათუმში, 2019 წლის იანვარი ყველაზე ცივი არ ყოფილა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2016 წლის იანვარში იყო ბათუმში, როდესაც ქალაქში თითქმის 1 მეტრი სიმაღლის თოვლი მოვიდა, 26 იანვარს კი ტემპერატურა -6°-მდე დაეცა და გაიყინა ცენტრალურ პარკში მდებარე ტბა, მანამდე კი ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში თოვლიანი ამინდი იყო. როგორც კომპანიაში გვითხრეს, „სოკარი“ გაზის მრიცხველის ჩვენებას სტანდარტულად – ყოველი თვის 25-27 რიცხვში იღებს, შესაბამისად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ცივი დღეების მონაცემები 2016 წლის იანვრის ჩვენებაში უნდა ასახულიყო.

თოვლი იყო 2017  წლის იანვარშიც, მაგრამ ზამთარი წინა წელთან შედარებით ნაკლებად მკაცრი იყო. თოვლის გარეშე გაილია გასული, 2018 წლის ზამთარი ბათუმში და არც წელს, იანვარში მოსულა თოვლი.

გაზის მოხმარებისთვის დარიცხული გადასახადი ყოველწლიურად რომ იზრდება, გთავაზობთ ერთ-ერთი აბონენტის მაგალითზე. ამ აბონენტის ოჯახში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა სულადობის თვალსაზრისით. ოჯახს არც გაზის წერტილების ოდენობა მოუმატებია [სწორედ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ეს ინფორმაცია ყოფილიყო უტყუარი, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ „ბათუმელების“ თანამშრომლის მონაცემები, რომელიც მრავალი წელია „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტია].

2016 – 2017 წლები: „სოკარ ჯორჯია გაზის“ ერთ-ერთი აბონენტის იანვრის თვის გადასახადი. 2016 წლის იანვარი – 159.56 ლარი. 2017 წლის იანვარი – 152.99 ლარი.

 

2018 – 2019 წლები: „სოკარ ჯორჯია გაზის“ ერთ-ერთი აბონენტის იანვრის თვის გადასახადი. 2018 წლის იანვარი – 173.67 ლარი. 2019 წლის იანვარი – 246.50 ლარი. 

ამ კონკრეტულმა აბონენტმა, ისე როგორც სხვა დანარჩენმა, არ იცის, ასე მკვეთრად რატომ გაუძვირდა გაზის გადასახადი 2016 წლის შემდეგ. ოთხი წლის განმავლობაში „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ტარიფი მომხმარებელს მხოლოდ ერთხელ გაუზარდა: 2017 წლის 20 ივლისიდან, ერთ კუბ/მეტრ მოხმარებულ აირში აჭარის ტერიტორიაზე ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [მოსახლეობა] ნაცვლად 55 თეთრისა 57 თეთრს იხდის, ანუ გაზი 2 თეთრით გაძვირდა.

თუ თქვენ არ ეთანხმებით 2019 წლის იანვრის თვეში განხორციელებულ დარიცხვას, „სოკარ ჯორჯია გაზი“ გამოსავალს გთავაზობთ: შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 16 114, სადაც ოპერატორები მოგაწოდებენ ინფორმაციას გასული წლების ანალოგიურ პერიოდის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ შედარებითი ანალიზი, ან მიმართოთ კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებს, სადაც ინდივიდუალურად განიხილავენ თქვენს საკითხს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: