გზა ორკესტრამდე



სანამ კლასიკური მუსიკა ჩვენამდე მოაღწევს საკონცერტო დარბაზებიდან სიმებიანი, ჩასაბერი თუ სხვა სახის ინსტრუმენტების საშუალებით, მუსიკოსებს დიდი შრომა უწევთ. მევიოლინეები დღეში საშუალოდ 6-7 საათს უკრავენ ფორმის შესანარჩუნებლად. ფლეიტისტებისთვის სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშებია აუცილებელი, ჩელისტებს კი, მართალია, ერთი შეხედვით უზარმაზარი ინსტრუმენტის ტარება უწევთ, თუმცა ვიოლონჩელოზე დაკვრას ძალიან მსუბუქი ხელი სჭირდება.

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთ ყოველდღიურობაზე გვიამბობენ.

24 წლის მევიოლინე, სოფია მატიუში 18 წელია, რაც ინსტრუმენტზე უკრავს. ვიოლინოზე 5 წლის შეიყვანეს. ახლა ხელოვნების უნივერსიტეტში საორკესტრო სიმებიანი ინსტრუმენტების განყოფილებაზე, ვიოლინოს მიმართულებით სწავლობს.

სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი ბევრი სხვადასხვა ზომის ვიოლინო არსებობს, სოფიას 8 ინსტრუმენტი აქვს გამოცვლილი. მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, რომ მევიოლინე იქნებოდა, სერიოზული ინსტრუმენტი შეიძინა, რადგან ბგერის ხარისხი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ისეთი პროფესიაა, ორკვირიანი ვარჯიშისა და დაკვრის შემდეგ რომ ერთი დღე არ იმეცადინო, მთელი ორი კვირის შრომა წყალში გეყრება.

დღის განმავლობაში 4, 5 საათზე ნაკლებს არასდროს ვუკრავ. 12 საათიც მიმეცადინია დღის განმავლობაში კონცერტების წინ“, – ამბობს სოფია.

მისი დღე დილის შვიდ საათზე იწყება ეტიუდებითა და პაგანინის კაპრიზებით.  ვიოლინოს გაკვეთილი დილის ცხრაზე ეწყება და მასწავლებელთან მოუმზადებლად, „გაუხურებლად“ მისვლა არ შეიძლება, ისევე, როგორც სპორტსმენი ვერ გავა მოუმზადებლად სათამაშო მოედანზე.

სოფია მატიუში. მევიოლინე

როგორც სოფია ამბობს, ნაწარმოების პირდაპირ დაკვრა ვიოლინოზე შეუძლებელია. ამისთვის ჯერ თითები მწყობრში უნდა მოიყვანო, გაავარჯიშო, სავარჯიშოები დაუკრა და მერე შეუდგე ნაწარმოების დაკვრას.

ვიოლინოზე დასაკრავად აბსოლუტური სმენა, რიტმისა და ინტონაციის განსაკუთრებული მგრძნობელობაა აუცილებელი, რადგან ამ ინსტრუმენტის გრიფი გიტარის მსგავსად დაყოფილი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბგერა სრული სმენით უნდა იგრძნოს მევიოლინემ, სად მდებარეობს მოცემულ მომენტში.

მართალია, ვიოლინო მსუბუქი ინსტრუმენტია და ნაზი ჟღერადობა აქვს, მაგრა მასზე დაკვრა მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ექვსი საათის განმავლობაში ფეხზე დგომისას დაკვრა რთულია, დაჯდომისას კი ხერხემალზე დატვირთვა იზრდება და  იმატებს სქოლიოზის განვითარების რისკი.

თამუნა კუბლაშვილი ჩელისტია და ბათუმის კონსერვატორიის მეოთხე კურსზე სწავლობს.

ჩელოზე 7 წელია უკრავს. პატარა იყო, როცა უზარმაზარი ინსტრუმენტით დაინტერესდა, სამუსიკო სკოლაში კი პირველად ამ ინსტრუმენტზე შესრულებული რევაზ ლაღიძის „საჭიდაო“ მოასმენინეს, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

თამუნა კუბლაშვილი. ჩელისტი

„თავიდან ვიოლონჩელო ჩემი ჰობი იყო, მერე კი პროფესიად იქცა. მასზე დასაკრავად ხელის სიმსუბუქეა საჭირო. მუსიკას დიდი შრომა სჭირდება, რაც ყოველთვის არ ხერხდება. დღეში სასურველია 5-6 საათს იმეცადინო, მაგრამ მე მხოლოდ ორ საათ-ნახევარს ვახერხებ დავუკრა,“ – ამბობს ჩელისტი.

თამუნა თავისუფალ დროს მსუბუქ მუსიკას უსმენს. ამბობს, რომ ასე მას, უბრალოდ, ყველაფრისგან გათიშვა შეუძლია. ფეხსაცმელზეც კი ნოტები ახატია და არც უზარმაზარი ინსტრუმენტის ტარება უჭირს.

ნაზი ძიძიგურმა ფლეიტაზე დაკვრა მოულოდნელად გადაწყვიტა. ერთ დღეს ნათლიამ ფლეიტა აჩუქა და მას შემდეგ დაკვრა არ შეუწყვეტია. მართალია, ხანდახან, როცა სახლში აივნის კარს აღებს და ისე მეცადინეობს, მეზობლები დიდ სიხარულს არ გამოხატავენ, მაგრამ ასეთ დროს კარს კეტავს და ფარდას აფარებს. ყველა მუსიკოსი თანხმდება, რომ მეცადინეობა სასწავლებელშია ყველაზე მოსახერხებელი.

ნაზი ძიძიგური. ფლეიტისტი

ნაზის ოჯახის ყველა წევრი მუსიკოსია, რამაც მასზეც იქონია გავლენა. სიმფონიურ ორკესტრში დაკვრაზე ოცნებობს, ჯერ კი ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია.

დილას ერთსაათიანი გამების დაკვრით იწყებს და მერე 6-7 საათს მეცადინეობს. ვირტუოზ ფლეიტისტებს, კლასიკურ მუსიკას, როკს და ჯაზს უსმენს. ამბობს, რომ ბენდში დაკვრასაც არ გამორიცხავს სამომავლოდ, თუმცა ფლეიტის ნაზი ჟღერადობა ყველა ტიპის ბენდს ვერ ერგება.

ნაზის ყოველდღიურად უწევს შინ სუნთქვითი ვარჯიშების კეთება. ამ დროს ზურგზე დაწოლილები მუცელზე მძიმე წიგნს იდებენ და ცდილობენ ღრმად შესუნთქვა-ამოსუნთქვით წიგნი აამოძრაონ. არსებობს კიდევ უამრავი ვარჯიში, რაც ფილტვებს აძლიერებს.

 

ვიდეო: ია ფრანგიშვილი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან