მთავარი,სიახლეები

14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება

11.02.2019 • 1630
14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება

2018 წელს საქართველოში ხანძრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა – ამ სტატისტიკას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

14 თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად.

განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.

სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: