განათლება,მთავარი,სიახლეები

მათემატიკური კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან, ესტონეთში გაემგზავრება

11.02.2019 • 3138
მათემატიკური კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან, ესტონეთში გაემგზავრება

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი, თორნიკე წულუკიძე, საგანმანათლებლო პროექტის – „მიკსიკე-საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. ის ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად ესტონეთში გაემგზავრება. თორნიკესთან ერთად ესტონეთში, ქალაქ კილინგი-ნიმეში, კიდევ ერთი ბათუმელი, მეხუთეკლასელი ლუკა წულუკიძეც წავა.

კონკურსი „მიკსიკე-საქართველო“ 2016 წლიდან ტარდება საქართველოში, პროექტი ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

თორნიკე წულუკიძე „ბათუმელებს“ მათემატიკური კონკურსის შესახებ მოუყვა. ის ამ კონკურსში უკვე მეორე წელია მონაწილეობს და წელს ფინალისტიც გახდა.

„კონკურსი სამი ტურისგან შედგება, შეგიძლია ონლაინდარეგისტრირდე და სახლიდანაც ითამაშო. ოღონდ კონკრეტული საათებია მითითებული და იმ საათებში უნდა შეხვიდე ონლაინ. პირველ ტურში არის მიმატება, გამრავლება და შედარება, მეორე ტურში არის გამოკლება, გაყოფა და ჩასმა, ანუ განტოლებები უნდა ამოხსნა, მესამე ტურში კი შეგვიძლია თვითონ ავირჩიოთ, რას გავაკეთებთ“, – გვეუბნება თორნიკე.

თორნიკეს თქმით, რაც უფრო რთულ ამოცანებს ამოხსნი, მით უფრო მაღალ ქულას აიღებ. „საუკეთესო ორი ქულის შედეგით წყდება, ვინ გადავა ფინალში. იქ უკვე ხუთი მანიპულაცია უნდა შეასრულო – მიმატება, გამოკლება, გაყოფა და ჩასმა“.

ფინალში გადასული მონაწილეები ესტონეთში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის რამდენიმე ქვეყანა მიიღებს დასკვნით ტურში მონაწილეობას. საერთაშორისო ფინალი 27 აპრილს გაიმართება.

თორნიკემ კიდევ ერთ მათემატიკურ კონკურსში 2018 წელსაც გაიმარჯვა და ამ მიმართულებით უკრაინაში გამართულ შეხვედრაშიც მონაწილეობდა.

თორნიკეს ყველაზე მეტად მათემატიკა და ფიზიკა აინტერესებს. ამბობს, რომ სამომავლოდ პროგრამისტობა უნდა. მისი აზრით, სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმება მის ინტერესებს ამ საგნების მიმართ არ შეასუსტებს.

„სკოლაში რასაც ვსწავლობ, მომწონს, გაკვეთილების შემდეგ დამატებით სამი საათი კიდევ ვმეცადინეობ ამ საგნებში. მეცადინეობები ისევ სკოლაში გვიტარდება, ამიტომ ჩემთვის საინტერესოა ეს პროცესი. ვმსჯელობთ ახალ მეთოდებზე“, -გვეუბნება თორნიკე.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სკოლებისთვის შეიქმნა ქართული საიტი, რომელიც მომხმარებლისთვის მისაწვდომი და უფასო იქნება.

„პროექტის მიმდინარეობისას დაგეგმილია შეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში – Pranglimine, რომელიც ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს“.

როგორც პროექტის ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ, პროგრამა ავტომატურად ირჩევს და აჩვენებს ეკრანზე სხვადასხვა მათემატიკურ მოქმედებას, მონაწილემ კი სწრაფად უნდა გასცეს სწორი პასუხი.

„რაც უფრო სწრაფად და უშეცდომოდ უპასუხებს მომხმარებელი, მით მეტ ქულას დააგროვებს ის. შედეგი მყისიერად აისახება ცხრილში, სადაც მონაწილე დაინახავს საკუთარ ქულებს და დაკავებულ ადგილს“.

კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული, მეხუთეკლასელი ლუკა წულუკიძე ბათუმიდან.

მთავარი ფოტო: თორნიკე წულუკიძე, ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: