დავით მამისეიშვილი: ჩვენ, მოსამართლეებს, დაცვა გვჭირდება

„ჩვენ, მოსამართლეებს, გვჭირდება დაცვა… თქვენ რომ უკან დაიხიოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული მართლმსაჯულება ჩამოიშლება,“ – მიმართა  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავით მამისეიშვილმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ.

დღეს, 11 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში მართავს. სხდომაზე განიხილავენ 9 დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2025 წლამდე გადავადებას ითვალისწინებს.

ამ შეხვედრაზე დავით მამისეიშვილმა იუსტიციის საბჭოს ცნობილი წევრების მსგავსად, საბჭოს არამოსამართლე წევრები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გააკრიტიკა.

„თქვენ ამბობთ ჩვენს სათქმელს, მე არ შემიძლია გამოვიდე და ვინმეს დავუპირისპირდე, ამის ლეგიტიმაცია გაქვთ თქვენ, საბჭოს წევრებს… სასამართლოს ესხმიან თავს, მოსამართლეებს ეძახიან მკვლელებს, მოსამართლეებს ეძახიან მონებს და ამას პასუხი ვინ უნდა გასცეს, ბატონებო?… პასუხი უნდა გასცეს საბჭომ, სხვათა შორის, ქალბატონმა ანამ, ქალბატონმა ნაზიმ ჩვენ უნდა დაგვიცვას, მაგრამ ისინი არ გვიცავენ ჩვენ, ისინი ციხეში გვიშვებენ, ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, იცით  რა, ამ მოსამართლეებს არ ენდოთ…“ – აღნიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ.

დავით მამისეიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დამოუკიდებელია და ბათუმის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში ვერავინ დაასახელებს საქმეს, სადაც მოსამართლემ პოლიტიკური ზეწოლით მიიღო გადაწყვეტილება.

„10 ათასზე მეტ გადაწყვეტილებას იღებს წელიწადში ბათუმის საქალაქო სასამართლო განჩინებების, გადაწყვეტილებებისა და განაჩენების სახით. გთხოვთ, ერთი გადაწყვეტილება დაასახელოთ, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს რომელიმე მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ან ვინმეს ზეწოლით მიიღო გადაწყვეტილება… 10 ათასი გადაწყვეტილებიდან 1 დაასახელეთ, გთხოვთ. არ არის ასეთი, უსაგნო მსჯელობაა…

მათ უნდათ, რომ დასაჯონ სასამართლო. რატომ უნდა დასაჯონ, იმიტომ, რომ არ სჭირდებათ დამოუკიდებელი სასამართლო. მაშინ საქმე ვისთან უნდა ჩააწყონ. ამას იმიტომ ვამბობ, ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენ ჩვენი თავის დაცვის გარდა, ვერავინ ვერ გადაგვარჩენს,“ – თქვა დავით მამისეიშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს კანონების მიღებისთვის, ტელევიზიები კი გააკრიტიკა. „მადლობა უნდა ვუთხრათ სახელმწიფოს, რომ ისეთი კანონები შექმნა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დამოუკიდებლობა უფრო მეტად გავაძლიეროთ, რომ არ ვიყოთ არავისზე დამოკიდებული… საზოგადოების 90 პროცენტი სასამართლოში არ დადის, საზოგადოების 90 პროცენტი ინფორმაციას იღებს ტელევიზიიდან, ტელევიზიაში  ჩვენ რას ვხედავთ, მკვლელები, მონები.. არ არის საერთოდ საუბარი იმაზე, რომ მოსამართლემ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო… ვისაც ჩვენთან აქვს ურთიერთობა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ გვენდობა, მათ იციან, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები და თავისუფლები, იციან, რომ მე არ ვემორჩილები არავის და ვიღებ მხოლოდ მტკიცებულების საფუძველზე გადაწყვეტილებას“, – მიმართა დავით მამისეიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

დავით მამისეიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ოქტომბრის 1/279 გადაწყვეტილებით, დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ. დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა 2013 წლიდან. ამ დროისთვის იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელის – დავით მამისეიშვილს თბილისის საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოში გადასვლა სურს.

2012 წლამდე დავით მამისეიშვილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო, 2008-2009 წლებში კი – ქედის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი