მთავარი,სიახლეები

რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

11.02.2019 • 4488
რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს – ეს არის ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რის მოწყობასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხისძირში, პეტრას ციხეზე გეგმავს. პროექტით გათვალისწინებულია ლიმონარიუმის რესტავრაციაც. პროექტის განსახორციელებლად სააგენტოს 1 მილიონ 750 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

სააგენტომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 24 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს დასრულდება. სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2020 წლის პირველ ივლისამდე.

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმ პროექტის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელიც სააგენტოს დაკვეთით ააიპ „ქართულმა სახლმა“ 2017 წელს მოამზადა, და რაც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას.

დენდროლოგის რეკომენდაციით კი, „ვინაიდან დღეისათვის პეტრას ციხისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ გვხვდება მისთვის დამახასიათებელი ფლორის ძირითადი ენდემური სახეობები, სასურველია დაირგოს რამდენიმე სახეობა. კერძოდ – რცხილა, ცაცხვი, ჰართვისის მუხა, წაბლი და ბზა.

მუზეუმ-ნაკრძალის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს აშენდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც ვერ ეწერება ნაკრძალიდან ხილულ გარემოში და სასურველია მიენიჭოს შეუსაბამო შენობის სტატუსი. ამიტომ ამ მიმართულებით ხედის შეზღუდვისათვის არსებული ცრუ ქაფურის ხეების რიგს, რომლებიც ქმნიან ვიზუალურ ფარდას, ჩრდილოეთის  მხრიდან დაემატოს 3 ძირი მარადმწვანე ცრუ ქაფურის ხე ან მარადმწვანე მაგნოლიები.

ამჟამად ტერიტორიაზე მოდებულია ეკალ-ბარდი, რომელიც გაუვალს ხდის ზოგიერთ მონაკვეთს. საჭიროა ტერიტორიის სავალი ნაწილების გათავისუფლება მათგან. არსებული ლიმონის ნარგავები გადაბერებული და ამორტიზებულია, რეკომენდებულია
მათი ამოძირკვა. ვინაიდან ლიმონარიუმი პეტრას ციხის მუზეუმ–ნაკრძალის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და, პროექტის შესაბამისად, მისი შენარჩუნებაა გადაწყვეტილი, პროექტის ზონირების მიხედვით ლიმონარიუმისთვის გამოყოფილ ზონაში აუცილებელია ლიმონის ნარგავების ნაწილის აღდგენა. ლიმონარიუმის რკინაბეტონის მზიდი კარკასი დაფარულია სუროთი. მზიდი კარკასი ზოგან დაზიანებულია. პროექტის მიხედვით განსაზღვრულია ლიმონარიუმის რესტავრაცია, ბალახის გაზონები მოეწყოს კორდის საფარით.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის რეკომენდებულია მოიჭრას რუკაზე წითლად აღნიშნული მცენარეები: დაფნა, ევკალიპტი, კედარი, კრიპტომერია, მურყანი და წყავი“.

ფოტოები მუშა პროექტიდან:

პეტრას ციხე, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს / ფოტო პროექტიდან

პეტრას ციხე / ბილიკების ნიმუშები / ფოტო პროექტიდან

პეტრას ციხე, კაფე / ფოტო პროექტიდან

პეტრას ციხე, ადმინისტრაციული შენობა / ფოტო პროექტიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: