მთავარი,სიახლეები

მერია ქმნის ახალ ა(ა)იპს, რომელსაც უკანონო მიშენებების მოშლის უფლება ექნება

11.02.2019 • 2466
მერია ქმნის ახალ ა(ა)იპს, რომელსაც უკანონო მიშენებების მოშლის უფლება ექნება

ბათუმის მერია ახალი ა(ა)იპის შექმნას გეგმავს, რომელიც საზედამხედველო სამსახურებს გააერთიანებს. მერის განმარტებით, ახალი ა(ა)იპი აღჭურვილი იქნება ტექნიკით, რაც ზედამხედველს დარღვევის გამოვლენისთანავე დაუყონებლივ რეაგირების საშუალებას მისცემს. ა(ა)იპს უკანონო მშენებლობის დაფიქსირებისას დემონტაჟის უფლება ექნება.

„შესაძლოა მრავალსართულიან სახლებს ვერ შევეჭიდოთ თავიდანვე, ეს შეიძლება იყოს მცირე ტიპის, როგორიც არის აივნის, ან  სარდაფის მიშენება – თვითონ სამსახური გადაწყვეტს და კანონმდებლობაც მისცემს ამის საშუალებას“, – განმარტა მერმა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებთან“.

დღემდე, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სამჯერ დაჯარიმების შემდეგ, მერია უკანონოდ დაშენება-მიშენების ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნას აღსრულების ბიუროში აგზავნიდა, რის შემდეგაც პროცესი წლობით იწელებოდა. ასე გრძელდება დღემდე.

გასული წლის მეორე ნახევრის მონაცემებით, რაც მერიამ მოგვაწოდა, ბათუმში უკანონოდ აშენებული და დაურეგისტრირებელია 9000 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა. ამ მონაცემებში არ შედის ის ფართობები, რომლებიც მშენებლებმა ბოლო წლებში უკანონოდ ააშენეს და მათი კანონის ჩარჩოში მოქცევა მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძლეს; არც ის მონაცემები, რაც გასული წლის ივლისიდან დღემდე ნებართვის გარეშე აშენდა.

ლაშა კომახიძემ მერად არჩევიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ არც ერთ უკანონოდ დაშენებულ ფართობს ექსპლუატაციაში არ მიიღებდა, თუმცა მშენებლები ამას არ შეუფერხებია. მოგვიანებით ის უკანონოდ აშენებული ფართობების მოშლის პრეცედენტის ნაკლებობასა და აღსრულების პრობლემაზე აკეთებდა აქცენტებს. ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებაზე კანონპროექტის შემუშავება მან აჭარის უმაღლეს საბჭოსაც სთხოვა.

მერი ითხოვდა ცვლილების პროექტის მომზადებას, რომლის მიხედვითაც, მსგავსად სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებოდა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილებების საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებლობა. „ან შემოღებულ იქნას სხვა ქმედითი რეგულაციები აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით.“

დღეის მდგომარეობით ზედამხედველობის მიერ გამოტანილი განჩინებების აღსრულების პრობლემას მერი შესაბამისი აღჭურვილობის არქონითაც ხსნის: „ხშირად ეს გულისხმობს სპეცტექნიკისა და ფინანსური რესურსის საჭიროებას, რომ   კონკრეტული გადაწყვეტილება, მონგრევის დანგრევის თუ სხვადასხვა კუთხით… აღსრულდეს, ეს არის შემაფერხებელი.“

ა (ა) იპის შექმნის ინიციატივით მერია საკრებულოს უახლოეს მომავალში მიმართავს. ახალ აიპის ექნება ყველა სახის – არქიტექტურული, ადმინისტრაციული, სანიტარული ზედამხედველობითი, სამშენებლო, ხმაურზე კონტროლის უფლება,  ასევე, ნარგავებისა და დასუფთავების  მიმართულებით კონტროლი, პარკების მოვლა-პატრონობაზე კონტროლი,  სატრანსპორტო კონტროლი.

მერის ინფორმაციით, ახალ აიპს სპეცტექნიკის გარდა ექნება ავტომანქანები, რომლებსაც დაეკვრება სამსახურებრივი სტიკერები.

როგორ აპირებს ბათუმის მერი უნებართვო მშენებლობების აღკვეთას

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: