ბათუმში ორი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა.
სახლების მშენებლობისთვის სატენდერო თანხა 2 461 751 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.
ოთხი კორპუსი, ე.წ. იაფი სახლები, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ აშენდება. აქ ორი [„გ“ და „დ“] კორპუსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, ახალი ტენდერით კი, დანარჩენი ორი სახლი [„ა“ და „ბ“ კორპუსები], ხელშეკრულების დადებიდან 360 დღეში უნდა აშენდეს.
მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინის შესყიდვა შეეძლებათ პირებს:
- ვისი ოჯახის მინიმუმ ერთი წევრი მაინც არის რეგისტრირებული ბათუმში;
- ერთსულიანი ოჯახებისთვის თვეში შემოსავლების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები დადგენილია დაახლოებით 400-1200 ლარის ფარგლებში;
- ორსულიანი ოჯახებისთვის – 400-1800 ლარის, ხოლო სამსულიანი ოჯახებისთვის – 600-2400 ლარის ფარგლებში;
- ოთხი და მეტსულიანი ოჯახისთვის სტაბილური შემოსავალი თვეში 800-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს;
- ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური სამსახური;
- ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა, კომერციული ფართობი (10 კვადრატულ მეტრზე მეტი);
- ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის” ყოველთვიური შენატანის მინიმუმ ორმაგ ოდენობას.
„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ბმულზე
„გ“ და „დ“ კორპუსებს ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ პირველ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი აშენებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება, 2 349 999 ლარზე, 2018 წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/131740/