მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი: „სახალხო დამცველის რეკომენდაციას ვერ გავიზიარებ“

08.02.2019 • 1917
ბათუმის მერი: „სახალხო დამცველის რეკომენდაციას ვერ გავიზიარებ“

ბათუმის მერი ამბობს, რომ ვერ გაზიარებს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, კონკრეტულ ნაკვეთზე სახალხო დამცველის რეკომენდაციას ზონის სტატუსის შეცვლის თაობაზე. ლაშა კომახიძეს სახალხო დამცველისთვის ამის შესახებ წერილობით უცნობებია  კიდეც. სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც მწვანე კონცხზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის განაშენიანების გენერალური გეგმა დამტკიცდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბათუმის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მიიღო საკითხის გამოკვლევის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ამიტომაც არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ლაშა კომახიძე კი ამტკიცებს, რომ ნაკვეთს, რომელსაც ზონის სტატუსი შეუცვალეს, დამტკიცდა განაშენიანების გეგმა და გაიცა 28-სართულიანი შენობის მშენებლობაზე ნებართვა, სინამდვილეში მწვანე კონცხთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„რეალურად არ არის საუბარი მწვანე ზოლზე, ეს არ არის ის ნაწილი, რომელსაც წარმოიდგენენ ადამიანები მწვანე კონცხზე საუბრის დროს. ნაკვეთი არის ქობულეთის გვირაბთან, კიდევ უფრო გაცილებით ქვემოთ. ამ ტერიტორიიდან 200 მეტრში უკვე აშენებულია მაღლივი სახლი. ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრმა არ იცის, სად არის ეს ადგილი ფიზიკურად. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებისას ვმოქმედებდით ყველა ნორმისა და კანონმდებლობის დაცვით.  შესაბამისად, ვერ ვიზიარებ სახალხო დამცველის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იყო რაღაც დარღვევასთან კავშირი. რეალურად ამაზე ვიმსჯელებთ თუ არის სხვა მოსაზრებები და არა ამ კუთხით. იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოშია [საკითხი] დავუტოვოთ გადაწყვეტილება სასამართლოს“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

რაც შეეხება სასამართლოს, მწვანე კონცხის გამწვანებულ სივრცეში მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა [EMC] არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის  საკრებულოს წინააღმდეგ.

EMC იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც, მწვანე კონცხის მნიშვნელოვნად გამწვანებულ სივრცეში საკრებულომ 28-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა დაუშვა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ქალაქგანვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, შპს “ელიტ კონსტრაქშენ გრუპის” საკუთრებაში არსებულ 20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროსა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომპლექსის ასაშენებლად დაამტკიცეს განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ).

ამ გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს შეეცვალა ფუნქცია და არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, რაც მაღალი ინტენსივობის მშენებლობის ზონად გადაქცევას ნიშნავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: