მთავარი,სიახლეები

როგორ აისახება სადგურების გადატანა მოსახლეობაზე – მგზავრობა ძვირდება

08.02.2019 • 2583
როგორ აისახება სადგურების გადატანა მოსახლეობაზე – მგზავრობა ძვირდება

ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, ბაქოს, წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე გაჩერებულ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებს ალტერნატიული ადგილის მოძებნა მოუწევთ. მერიამ გადამზიდავ კომპანიებს ვადა პირველ მარტამდე მისცა.

საქმე ეხება ქობულეთის, ასევე თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ბათუმიდან მოძრავ მიკროავტობუსებს, რომლებიც ოფიციალური ავტოსადგურების მიღმა აპარკინგებენ ტრასნპორტს მგზავრების შევსებამდე.

ბათუმის მერია სწორედ ამ მიკროავტობუსების მძღოლებს აფრთხილებს, რომ მათი საქმიანობა გახადონ ლეგალური, ანუ გადავიდნენ იმ ავტოსადგურებში, საიდანაც ნებადართულია მგზავრების გადაყვანა. ბათუმში  ასეთი სულ სამი ავტოსადგურია.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა დაუჯდებათ გადამზიდავ კომპანიებს ლეგალურ სადგურებში გადასვლა და იმოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი მგზავრობის ტარიფზე.

ე.წ. სადგური ბაქოს ქუჩაზე, ბათუმის კათოლიკურ ეკლესიასთან, შპს „ხუტას“ კუთვნილებაშია. ამ კომპანიის მიკროავტობუსები ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მოძრაობენ. კომპანიის მფლობელის, ავთანდილ ხინიკაძის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის სამარშუტო ხაზზე სულ 60 მანქანა მუშაობს, მათგან 30 ყოველდღიურად. ხინიკაძის თქმით, სიტუაცია ისე მიდის, მოუწევთ მგზავრობა გააძვირონ და 1.50-ის ნაცვლად 2 ლარი გახადონ.

„ზაფხულისთვის მგზავრობის გაძვირებას ვაპირებთ. 35 კილომეტრს გავდივარ 1.50 ლარად. სამარცხვინო, სასაცილო ფასია,“ – აცხადებს ავთანდილ ხინიკაძე.

ავთანდილ ხინიკაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არაერთხელ ჰქონდა მერიას მცდელობა მათი სადგურის მოშლის, რამდენჯერმე შევიდნენ კიდეც მისი მანქანები ბათუმის ავტოსადგურში, თუმცა ისევ უკან დაბრუნდნენ.

ავთანდილ ხინიკაძე: „შევედით ავტოვაგზალში და დაიწყო ქაოსი. ხაზზე გამოვიდნენ ე.წ. ხიშნიკები და დაიწყეს ჩვენ ყოფილ ადგილზე მუშაობა. თუ მობილიზება ხელმეორედ ხდება, მანდ მე გარანტირებული მაქვს ადგილი. გვარიშვილის ავტოსადგურში შევალ, მაგრამ ერთი პირობით, ავტოვაგზლიდან გამოსულმა სხვა ტრანსპორტმა მანთაშევის „პერიეზდი“ არც ერთმა არ უნდა გადმოკვეთოს. ვგულისხმობ გურიის, იმერეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს. რატომ? იმიტომ, რომ ეს მგზავრები გამოვლენ და ისარგებლებენ მაგ „მარშუტკებით“, ჩვენ დავრჩებით საშრობად ავტოვაგზალზე“.

„ჯერჯერობით არავინ მოსულა ჩვენამდე, მაგრამ ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუკი მოვლენ, სიამოვნებით მივიღებთ,“ – ამბობს გიორგი შარაშიძე, „ბათუმი ცენტრალის“ დირექტორი.

მისი თქმით, ნებისმიერი გადამზიდავი კომპანიისთვის ოფისის საიჯარო ქირა 200 დოლარის ეკვივალენტია ლარში. გარდა ამისა, ფასიანია პარკინგიც. თუმცა, თუ რა თანხას და როგორ გადაიხდიან პარკინგისთვის, ეს ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხია.

ერთი ლარია პარკინგზე ერთი მანქანის დგომის საფასური „მეტროს“ ახალ ავტოსადგურში. რაც შეეხება საოფისე იჯარას, როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, გადამზიდავი კომპანიები ამ საკითხზე ინდივიდუალურად უნდა დაუკავშირდნენ კომპანიას. გარდა ამისა, „მეტროს“ აქვს გარე პერიმეტრზე მოწყობილი პარკინგი, სადაც დგომა უფასოა და მისით სარგებლობა მძღოლებს თავისუფლად შეუძლიათ.

განსხვავებით სხვა სადგურებისგან, ბათუმის ძველ ავტოსადგურში, მძღოლები გადასახადს გაყიდული ბილეთებიდან იხდიან.

„გადასახადი არის ბილეთის ღირებულებიდან პროცენტი. სხვადასხვა რეისიდან გამომდინარე, ზოგი იხდის 10 %-ს, ზოგი 15 %-ს და ზოგიც 20 %-ს. გააჩნია რამდენად კარგი რეისია,“ – ამბობს ზაურ სოლომონიძე, ბათუმის ავტოსადგურის დირექტორი.

სოლომონიძე ამბობს, რომ მისთვის, ჯერჯერობით, არავის მიუმართავს ავტოსადგურში გადასვლის თხოვნით.

„ვერავინ ვერ გადმოვა ჩვენთან ჩვენი სურვილის გარეშე. ისინი, ვინც, ფაქტობრივად, ხელს გვიშლიდნენ ამდენი წლის განმავლობაში და აბსოლუტურად ფეხებზე ეკიდათ ავტოსადგურის მუშაობა, ახლა გადმოვლენ ჩვენთან და იმუშავებენ? ჩემთან არავინ ყოფილა სასაუბროდ და ვერც მოვლენ. ერმაკოვის [ბათუმის ყოფილი მერი] დროს ძალიან ვიბრძოდი, რომ ეგ სადგურები არ ყოფილიყო და ახლაც ვიბრძვი,“ – ამბობს ზაურ სოლომონიძე.

წერეთლის ქუჩაზე მოწყობილი ე.წ. სადგური შპს „მბ“-ს ეკუთვნის. მისმა მეპატრონემ მერიის თხოვნა გაითვალისწინა და წერეთელზე გაჩერებული მიკროავტობუსების რაოდენობა ორამდე შეამცირა.

ე.წ. ავტოსადგურების გაუქმების შესახებ განცხადება ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ გააკეთა.

„უკანონო ავტოსადგურებს რომ ვეძახით, რომლებიც საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დადიან, იმათ აღებასაც დავიწყებთ, გაუქმებას და მათ შეყვანას ავტოსადგურის ტერიტორიაზე. ახლა დღეში საშუალოდ 4-5 ათასი ადამიანი მოძრაობს ავტოსადგურში. ამით კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა,“ – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: