ბაღების გამოხმაურება დაჯარიმებაზე

„ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას – რატომ დააჯარიმა სურსათის სააგენტომ აჭარაში 26 საბავშვო ბაღი – კონტროლის შედეგები, ბათუმის მე-4 საბავშვო ბაღის გამგე ირმა ნაკაშიძე გამოგვეხმაურა. მისი განმარტებით, სურსათის სააგენტომ არა მათი ბაღი, არამედ საბავშვო ბაღების გაერთიანება დააჯარიმა. 

„როდესაც მოვიდნენ შემოწმებაზე, დადეს დასკვნა, რომ შეუსაბამობა იყო კვადრატულობა, ფართობი, რაც კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა. რემონტის დაწყება კი ნიშნავდა იმას, რომ სამი თვით ბაღი უნდა დაგვეხურა. ეს ხდებოდა ნოემბრის თვეში. ჩვენთან 315 აღსაზრდელია. მშობლებთან გასაუბრებისას წავაწყდით მათგან წინააღმდეგობას. შევთანხმდით, რომ რემონტი ზაფხულის არდადეგების დროს გაგვეკეთებინა და არ შეგვეწყვიტა სააღმზრდელო პროცესი. სარემონტო სამუშაოების ჩატარება ევალება ბაღების გაერთიანებას, ამიტომ დაჯარიმდა არა ბაღი, არამედ გაერთიანება, რომელმაც გადაიხადა კიდეც ეს თანხა. ჩვენ, ვინაიდან გადავწყვიტეთ ზაფხულს დავლოდებოდით, ფაქტობრივად, თანახმა ვიყავით გამოეწერათ ეს ჯარიმა“, – აღნიშნა ირმა ნაკაშიძემ.

ბათუმის მე-4 ბაღის გამგის განცხადებით, შეუსაბამობა, რაც შენობის [სამზარეულოს] გაფართოებას შეეხებოდა, 2018 წლის ზაფხულში აღმოიფხვრა: „რემონტს სამი თვეც არ ეყო და დაგვიანებით განვაახლეთ მუშაობა. უშუალოდ ბაღის ადმინისტრაციას რაც შეეხება, ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია – ეს იქნება ჰიგიენა, სურსათის ხარისხი, მათი შენახვა, უსაფრთხოება თუ სხვა. ამ კუთხით პრობლემა არ დაფიქსირებულა. კვადრატულობაში იყო შეუსაბამობა და ეს ჯარიმა რომ არა, შეიძლება არც გარემონტებულიყო ბაღი – ათწლეულებია ეს პრობლემაა“.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე უდევს ინფორმაცია – „საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღების 2018 წლის სახელმწიფო კონტროლის შედეგები“ და ატვირთული აქვს მონაცემები დაჯარიმების შესახებ. ამ მონაცემებით ბათუმში, აღმაშენებლის 14-ში [N10 საბავშვო ბაღი] და მელიქიშვილის 8-ში [N4 საბავშვო ბაღი] ბიზნესოპერატორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება დაჯარიმდა.

„ბათუმელები“ N10 საბავშვო ბაღის გამგესაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბაღი გასულ წელს არ დაუჯარიმებიათ. „არავითარი შეუსაბამობა ჩვენს ბაღში არ დაფიქსირებულა. პირადად არანაირ ჯარიმის ქვითარზე, თუ ოქმზე ხელი არ მომიწერია. ზოგადად, არაკრიტიკული შეუსაბამობები, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და სწორდება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ეკა კიწმარიშვილმა.

„N10 საბავშვო ბაღთან დაკავშირებით, სურსათის სააგენტოში მოვიკითხე და მითხრეს, რომ შეცდომაა გაპარული და მათ ვებგვერდზე ამას გაასწორებენ. რაც შეეხება N4 ბაღს, იქ დაგავაჯარიმეს, მაგრამ არა სუბიექტური მიზეზების გამო, არამედ ისეთი ვადა მოგვცეს, რომ ჩვენ სამი და ოთხი თვით ბაღს ვერ გავაჩერებდით, სხვა გამოსავალი არ იყო. არაკრიტიკული შეუსაბამობებია მაგალითად ის, რომ ვთქვათ მაცივრის ფეხია დაჟანგული, მაგიდაა გასალაქი… ესაა, ამის იქეთ არ მიდის ჩვენი შენიშვნები“, – განაცხადა  მამუკა შამილიშვილმა, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com