კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

მერია, კულტურული მემკვიდრეობა და ინვესტორი – რა ხდება თავდადებულის 35-ში

08.02.2019 • 3163
მერია, კულტურული მემკვიდრეობა და ინვესტორი – რა ხდება თავდადებულის 35-ში

ბათუმის მერია დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 944 809 ლარია. ტერიტორიით, სადაც ეს შენობა დგას, კერძო კომპანიაცაა დაინტერესებული.

დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე ორსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობდნენ, ინვესტორს, რომელიც თავდადებულის ქუჩის მხარეს სახლის ფასადს ინარჩუნებდა, ამ ადგილზე „პიაცას“ ტიპის კვარტალის აშენება სურდა.

„გელა მახარაძე [კომპანიის ყოფილი მესაკუთრე, რომელიც ამ ტერიტორიაზე კვარტალის აშენებას გეგმავდა] ამ სახლის ფასადის შენარჩუნებას აპირებდა და შიდა მხარის მოშლას. ახლა არ ვიცით რას აპირებს. ჩვენთვის სულერთია, მერია იქნება თუ კერძო ინვესტორი, სახლი იშლება“, – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

შპს „ექსელენტ დეველოპმენტის“ 100% წილი გელა მახარაძემ 2018 წლის მარტში ათას ლარად მიჰყიდა ნარიმან თურმანიძეს, რომელიც დოკუმენტების მიხედვით, დღეს კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორია.

ეს კომპანია დემეტრე თავდადებულის N33, N35 და N37-ში გარკვეულ ფართობებს უკვე ფლობს და აქვს აღებული ვალდებულებები მესაკუთრეთა ბინებით დაკმაყოფილებაზეც. რეესტრის მიხედვით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები მოქალაქეებსა და კომპანიას შორის სხვადასხვა დროს არის დადებული.

„ბათუმელები“ „ექსელენტ დეველოპმენტს“ ვერ დაუკავშირდა.

მიმართა თუ არა კომპანიამ ბათუმის მერიას აღნიშნულ მისამართებზე მშენებლობის ნებართვისთვის და რას გეგმავს კონკრეტულად კომპანია? – ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „ექსელენტ დეველოპმენტს“ ბათუმის მერიისთვის დღემდე არც პროექტის შესათანხმებლად და არც ნებართვისთვის მიუმართავს.

დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე მერია 944 809 ლარის დახარჯვას გეგმავს, შესაბამისი პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით არის მომზადებული და ტექნიკურ პირობებთან ერთად თან ახლავს სატენდერო დოკუმენტებს.

დოკუმენტების მიხედვით:
სარეაბილიტაციო შენობა წარმოადგენს ორსართულიან კაპიტალურ ნაგებობას მაღალი სხვენით. შენობა გეგმაში გონიოს ფორმისაა, გაბარიტული ზომებია: 17 მ ქუჩის მხარეს და 30 მ ეზოს სიღრმეში. შიდა სივრცე გადაკეთებულია. II სართულის ახალი სართულშუა და სასხვენო გადახურვები ცუდი ხარისხით და შეუსაბამო მასალებითაა შესრულებული. ქუჩისპირა ფასადზე აღინიშნება არქიტექტურული დეტალების დანაკარგები. საჭიროა მათი აღდგენა ადგილზე შემორჩენილი ნიმუშის, ისტორიული ფოტოსა და ანალოგების მიხედვით. შენობის ეზოს ფასადის ხის კონსტრუქციის თავდაპირველი აივნები, რომლებიც დაზიანებული და დეფორმირებულია ხანდაზმულობისა და მოუვლელობის გამო, მოითხოვს სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას.

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია, მისი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის აღდგენით და თავდაპირველი სახის დაბრუნებით. სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის მისაღები მეთოდოლოგიის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული შენობა უმძიმეს ფიზიკურ მდგომარებაშია, მას მხატვრული გამომსახველობა არ დაუკარგავს.

ძეგლზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს შეწყდება.

სატენდერო მოთხოვნით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში [2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობის ან/და საკულტო ან/და საფორტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლ(ებ)ის რეაბილიტაცია ან/და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლ(ებ)ის შიდა და გარე რესტავრაცია] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 400 000 ლარის ოდენობით; ხოლო ერთ კონკრეტულ ობიექტზე ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით – არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით.

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი / 8.02.2019

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი / შიდა ეზო / 8.02.2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: