რატომ დააჯარიმა სურსათის სააგენტომ აჭარაში 26 საბავშვო ბაღი – კონტროლის შედეგები



ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ხულოში, 2018 წელს, სულ 26 საბავშვო ბაღი დააჯარიმეს, მათ შორის ზოგი – ორჯერ. ბაღები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ძირითადად, არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის მიხედვით, არაკრიტიკული შეუსაბამობა – ეს არის შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე.

ბიზნესოპერატორის მიერ ასეთი სახის შეუსაბამობის გამოსწორება გონივრულ ვადაში კანონით სავალდებულოა. აჭარის ზოგიერთ საბავშვო ბაღში კი, როგორც სურსათის სააგენტოს გასული წლის კონტროლის შედეგებიდან ჩანს, ასეთი შეუსაბამობების გამოსწორება არც უცდიათ.

ქალაქ ბათუმში 2018 წელს სულ ოთხი საბავშვო ბაღი დაჯარიმდა, რომელთაგან ორი ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ეკუთვნის [მისამართებზე: აღმაშენებლის 14 და მელიქიშვილის 8]. მუნიციპალური ბაღები ბიზნესოპერატორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის 400-400 ლარით დააჯარიმეს.

ბათუმში დაჯარიმებული დანარჩენი ორი ბაგა-ბაღი კერძოა: შპს აისი [სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე] და შპს „ბაგა 2017“[ბაგრატიონის ქუჩაზე], ეს კერძო ბაგა-ბაღები ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმეს. თითოეული – 400 ლარით.

10 საბავშვო ბაღი დააჯარიმეს ქობულეთში, აქედან 9 საჯაროა, ანუ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შედის [მისამართები: რუსთაველის მე-2 შესახ # 3, დაბა ოჩხამური, თამარ მეფის ქ #7 ა, ქვედა კვირიკე, ციხისძირი, კვირიკე, ქაქუთი, გვარა, აჭყვისთავი და საჩინო]. ყველა მათგანი არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის 400-400 ლარით დააჯარიმეს.

ქობულეთში ერთი კერძო ბაღი, შპს „რაო-რაო“ [მისამართი: რუსთაველის ქ#154, ახალი ტალღა] ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაჯარიმდა – 100 ლარით.

400 ლარით დაჯარიმდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი ბაღი სოფელ ორთაბათუმში [სადაც, როგორც სურსათის სააგენტოს დოკუმენტშია აღნიშნული, მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოებიც].

16-ჯერ დაჯარიმდა 11 საბავშვო ბაღი ხულოს მუნიციპალიტეტში. ყველა დაჯარიმებული ბაღი ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ეკუთვნის:

სოფელ დიდაჭარაში მდებარე ბაღი არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების განმეორებით შეუსრულებლობისთვის 1200 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის 500 ლარით;

არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების განმეორებით შეუსრულებლობისთვის 1200-1200 ლარით დააჯარიმეს სოფელ ოქრუაშვილებისა და დიოკნისის ბაღებიც. ეს ბაღები ასევე დააჯარიმეს 400-400 ლარითაც – არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის;

1200 ლარით დააჯარიმეს მითითებების განმეორებით შეუსრულებლობისთვის სოფელ ღორჯომის ბაღი;

სოფელ ვერნების ბაღი კი ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის 500 ლარით, არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის კი, 400 ლარით დაჯარიმდა.

სოფელ ღურტას ბაღი, შარშან, სხვადასხვა დროს, არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის ორჯერ დააჯარიმეს – სულ 800 ლარით;

არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობისთვის, 400 ლარით დააჯარიმეს ასევე დაბა ხულოში, რუსთაველის 13-ში მდებარე ბაღი, ასევე ბაღები სოფელ საციხურში, უჩხოში, ქედლებსა და ვაშლოვანში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com