მიხეილ ბატიაშვილი: ცხრაწლიანი საბაზო განათლება 10 წლამდე გაიზრდება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სავალდებულო საბაზო განათლების ცხრაწლიანი სისტემა 10 წლამდე გაზრდება.

„დამტკიცდება საშუალო საფეხურის (მე-11 და მე-12 კლასების) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. პროფესიული პროგრამების საშუალო საფეხურზე ინტეგრაცია,“- განაცხადა მინისტრმა დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას.

მინისტრმა ასევე ახსენა შეფასების ახალი მოდელი, რომლის მიზანი, ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირებაა.

ბატიაშვილი უმაღლესში მისაღებ გამოცდებსაც შეეხო. მისი თქმით, უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის პროფილური საგნები, რომლებიც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ.

2018 წლიდან სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდა. 2020 წლიდან კი იცვლება ეროვნული გამოცდების მოდელიც.

როგორც მინისტრი ამბობს, 2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება – „შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრისა ან ამ გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი
კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას“.

მინისტრის თქმით, აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. „უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი
გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით). უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება
ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის“-ამბობს ბატიაშვილი.

ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი – გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.

გაგრძელდება კონსულტაციები უნივერსიტეტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მაქსიმალურად დაიხვეწოს შემოთავაზებული მოდელი და გამოცდების სისტემა იყოს სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com