მთავარი,სიახლეები

დეპუტატებისა და მინისტრის მოადგილეების არასრულად შევსებული დეკლარაციები აჭარაში

07.02.2019 • 1925
დეპუტატებისა და მინისტრის მოადგილეების არასრულად შევსებული დეკლარაციები აჭარაში

აჭარის მთავრობის თანამდებობის პირთა და უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული – ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

ორგანიზაციამ  თანამდებობის პირთა 30-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლა და დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 3 შემთხვევა გამოავლინა.

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების როგორც ქონების, ასევე, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. თანამდებობის პირი, ასევე, ვალდებულია საწარმოში საკუთარი წილი სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვა პირს გადასცეს.

“გამჭვირვალობის” ცნობით:

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, გიორგი მანველიძეს 2019 წლის 18 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ ის არის შპს I-G-ის 50% წილის მფლობელი. აღნიშნული ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს არც 2018 წლის და არც 2017 წლის დეკლარაციებში არ ჰქონდა მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ მანველიძე კომპანიის მეწილეა 2012 წლიდან. კანონის მოთხოვნის თანახმად, მანველიძემ აღნიშნული წილი, დეკლარირებასთან ერთად, სხვა პირს მინდობით უნდა გადასცეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ხვიჩა შარაშიძეს 2018 წლის 26 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს vox-ის 50%-იანი წილის მფლობელი, რაც კანონის შესაბამისად, მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს. მას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, შორენა ქარცივაძე შპს HAIR FASHION-ის 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ დავით ბაციკაძეს 2019 წლის 24 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მის საკუთრებაშია შპს „როიალ ბათუმის” 25% წილი. თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი წილი სხვა პირისათვის სამართავად არ აქვს გადაცემული. აღნიშნული კომპანიის დირექტორი დავით ბაციკაძის მეუღლე, ნანა ბაჯელიძეა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ილია ვერძაძეს 2019 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ იგი შს „ცდა 2008”-ის 15%-იანი წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი წილი სხვა პირისათვის სამართავად არ აქვს გადაცემული.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ჯამბულ ხოზრევანიძეს 2018 წლის 2 მარტს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს „სენეს” 100%-იანი და შპს „ჯთას” 50%-იანი წილის მფლობელობა. გარდა იმისა, რომ ჯამბულ ხოზრევანიძეს აღნიშნული წილების შესახებ დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა, თანამდებობის დაკავებისთანავე ისინი სამართავად მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, თეონა ბერიძეს 2018 წლის 28 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, რამაზ ბალაძე არის შპს „ბალა+”-ის 50%-იანი წილისა და შპს „იქს-სთოუნის” 33%-იანი წილის მფლობელი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს, თორნიკე კუჭავას 2018 წლის 3 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ იგი შპს „ჯეო-სვლას” 20%-იან წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი წილი სხვა პირისათვის სამართავად არ აქვს გადაცემული.

ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს,  ზაზა ოქუაშვილს 2018 წლის 28 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილები, რატი და გიორგი ოქუაშვილები არიან შპს „ბენმონტი-BENMONT”-ის 50-50%-იანი წილის მფლობელები, თუმცა ზაზა ოქუაშვილს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება წელს, 24 იანვარს შეუწყდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

______

მთავარ ფოტოზე: აჭარის უმაღლესი საბჭო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: